საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა გახსნილია, კანონმდებლების მიერ ფიცი დადებულია, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე არჩეულია და პოლიტიკურ მხარეებს შორის პოლიტიკური ცეცხლი დანთებულია.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მოწვეული პარლამენტის პირველი სხდომა, რომელიც დაახლოებით ათი წუთის დაგვიანებით დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, საპარლამენტო თანამდებობები გადანაწილდა და „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის პირველი პოლიტიკური დებატებიც გაიმართა.
ნაციონალების პოლიტიკური დარტყმის მთავარი სამიზნე პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა, რომელსაც უმცირესობამ კითხვებით მიმართა. კობახიძეს პასუხების გაცემა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მის მიერ გაჟღერებულ განცხადებებზე მოსთხოვეს და „უზნეო“ და „ურცხვი“ პოზიციების დაფიქსირებაში დაადანაშაულეს.
დღის მეორე ნახევარში, სანამ სხდომა პოლიტიკურ დებატებს დაეთმობოდა, მანამდე საპარლამენტო ტრიბუნა ქვეყნის პირველმა პირმა აითვისა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა, მათ შორის, მმართველი გუნდის მიმართ თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის შეთავაზება იყო.
საქართველოს პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ პრობლემურ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა დაამკვიდროს, საკუთარი ხედვა წარმოადგინოს და ის საკითხები შესთავაზოს პარლამენტს, რომელიც მისი აზრით, უპირველესად დახვეწასა და სრულყოფას საჭიროებს.
„ამ ქვეყანაში, როგორც დემოკრატიის გარანტი, გიდასტურებთ, რომ დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. მარტივ ჭეშმარიტებას შეგახსენებთ - ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია, საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი. პარლამენტთან თანხმობითა და თანამშრომლობით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება პროგნოზირებად და კეთილდღეობის შექმნაზე ორიენტირებულ სტაბილურობად უნდა იქცეს, გამოწვევები კი - შესაძლებლობებად. ხელისუფლების შტოთა გამიჯვნის, ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმები სრულად უნდა ამუშავდეს და სამოქალაქო ჩართულობისთვის დამატებითი ინსტრუმენტები უნდა შეიქმნას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
სანამ, სხდომათა დარბაზში პრეზიდენტი გამოჩნდებოდა, მანამდე რეგისტრაცია 139-მა დეპუტატმა გაიარა, თუმცა, მოგვიანებით დაზუსტდა, რომ სხდომას არა 139 დეპუტატი, არამედ 148 კანონმდებელი ესწრებოდა, აქედან ერთი სანდრა რულოვსი იყო, ხოლო მეორე გია ჟორჟოლიანი, რომელიც პირველ სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პარლამენტის პირველ სხდომას წინა მოწვევის პარლამენტის გაცდენების „რეკორდსმენი“ ორი კანონმდებელი რამაზ ნიკოლაიშვილი და კობა ნაყოფიაც დაესწრნენ, რომელთაც for.ge-სთან საკანონმდებლო საქმიანობაზე საუბარი არ ისურვეს და პასუხების გაცემა არც იმ კითხვაზე მოინდომეს, რომელიც პარლამენტში მათ პასიურ საქმიანობას უკავშირდებოდა.
ნიკოლაიშვილი-ნაყოფია მეცხრე მოწვევის პარლამენტს თუ რამდენად ხშირად ეწვევიან, ეს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გამოჩნდება, ისევე როგორც გამოჩნდება, თუ რამდენად ნაყოფიერი იქნება „ქართული ოცნების“ 115 კაციანი საკონსტიტუციო უმრავლესობის საქმიანობა.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო საქმიანობა ცხარე და მწვავე რომ იქნება, ეს პირველმა სხდომამაც აჩვენა, სადაც ერთმანეთს პაექრობას - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ უწევდნენ. მხარეების დაპირისპირების საგანი კი, სამთავრობო გეგმა და ირაკლი კობახიძის მომავალი საქმიანობა გახდა. ოპოზიცია დაინტერესდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამორჩეული ირაკლი კობახიძე თუ რამდენად კონსტრუქციული იქნება და შეცვლის თუ არა ის საკუთარ რიტორიკას.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, მას უმთავრეს ამოცანად პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია და დემოკრატიული პროცესების შეუქცევადი განვითარება ესახება.
მისი თქმით, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის დაბალი ხარისხი რჩება.
„ამ პრობლემის დაძლევა არსებითად იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე და იმ ურთიერთობებზე, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პარლამენტში განვითარდება. პოლიტიკური პარტიების მიერ გამოვლენილი სათანადო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკურ პროცესებში მათი დასავლური სტანდარტებით მოქმედება მნიშვნელოვნად დააჩქარებს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის პროცესს. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ თანამდებობის ზოგადი როლიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, ჩემს საპარლამენტო საქმიანობას და მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას, თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს შესაძლებლობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში“, - მიმართა დეპუტატებს სპიკერმა.
კობახიძემ პასუხი ნაციონალების კრიტიკასაც გასცა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით წინასაარჩევნო პერიოდში მძაფრი განცხადებების გაკეთება აუცილებელი იყო.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის სიმართლის თქმა აუცილებელი მთელი სიმწვავით იყო.
„პასუხს ვაგებ თითოეულ იმ განცხადებაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში, ჩემ მიერ კეთდებოდა. თითოეული ამ განცხადების საფუძვლიანობაზე პასუხს ვაგებ. რაც შეეხება ამ განცხადებათა სიმძაფრეს, ეს სიმძაფრე იმ გარემოში აუცილებელი იყო, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოყალიბდა“, - დასძინა კობახიძემ.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში თუ ვინ როგორ აპირებს საქმიანობას და ვის რა გეგმა აქვს, ამ საკითხით for.ge დაინტერესდა.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ განახლებული გუნდი ჰყავს, რომელიც იმის გარანტიაა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი დინამიური და სამუშაო პროცესი შეუფერხებელი იქნება.
თალაკვაძის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც განახლებულ გუნდში არიან, მოტივირებული არიან, რომ მომავალში მეტი საჯარო სიკეთე შექმნან და არჩევანი და მოლოდინები გაამართლონ.
„გადამწყვეტია, რომ პარლამენტმა ის მოლოდინები გაამართლოს, რაც ხალხს აქვს. ეს არის ეკონომიკის ხელშეწყობა და დოვლათი თითოეულ ოჯახში“, - დასძინა თალაკვაძემ.
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას აპირებს, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას ემიგრაციასა და დიასპორის საკითხებზე გაამახვილებს.
for.ge-სთან საუბარში ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პარლამენტი უფრო საქმიანი იქნება და თანამშრომლობის რეჟიმში იმუშავებს, რადგან საქმეები იმ დონისაა, რომ ლანძღვაში დროის ხარჯვა არ გამოვა.
„ძალიან ამბიციური იქნებოდა იმის თქმა, რომ დღეს მეთქვა, რის გაკეთებას ვაპირებ პარლამენტში, რადგან როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი დამოკიდებული კომიტეტების მუშაობაზე ვიქნები. ცხადია, იმ საკითხების განხილვაში ჩავერთვები, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა. ქვეყნისთვის საკვანძო საკითხია სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები. მაგალითად, სოციალური საკითხები. ასევე, ბევრი რამ მაინტერესებს კულტურის დარგში და ჩემი ოლქის ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორების საჭიროებას ვხედავ. ჩემთვის მთავარი ემიგრაცია და დიასპორაა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხებია, რადგან ეს საქართველოს ბედისთვის გადამწყვეტია“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილის მსგავსად, საკუთარი პრიორიტეტები ჩამოყალიბებული აქვს „პატრიოტთა ალიანსს“. როგორც for.ge-ს ადა მარშანიამ განუცხადა, პირველ რიგში, დღის წესრიგში ქვეყნის გამთლიანების საკითხი დგას, რომელიც მივიწყებულია.
მარშანიას ცნობით, აფხაზეთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, პრაქტიკულად, მოსახლეობა ქრება და ამას ხელი ხელოვნურადაც ეწყობა.
„ამაზე იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ აფხაზეთიდან დევნილი ვარ. ამ საკითხის გადადება არ შეიძლება და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყნის გაძლიერების მერე, რაღაცას ვიზამთ. ამ საკითხზე ყოველ დღე უნდა ვიმუშაოთ. ამავდროულად, ყველაზე სტრატეგიული და მძიმე უმუშევრობაა, რომელიც ყველა ოჯახს ეხება. ამას დრო და ეკონომიკური განვითარება სჭირდება, მაგრამ რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ. კალაძემ ბრძანა, რომ ამბიცური გეგმა გვაქვსო და მიხარია, მაგრამ ეს გეგმა რამდენად განხორციელებადია, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ“, - აცხადებს მარშანია.
კანონმდებელის ინფორმაციით, მისი ფრაქცია მუშაობას საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზეც გეგმავს.
„სანამ პარლამენტში მებრძოლი და პატიოსანი ხალხი არ მოხვდება, ქვეყანა როგორ გაუმჯობესდება? თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“ ვაპირებთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას ძალიან მძიმედ ვუყურებ. თუ ნაციონალები რაიმე ფასეულს იტყვიან და მით უმეტეს, გააკეთებენ, ამის წინააღმდეგი რატომ ვიქნებით, მაგრამ ურთიერთობა ძალიან გაგვიჭიდრება, რადგან ეს ძალა მეორე ოპოზიციურ პარტიად არ მიგვაჩნია“, - აღნიშნა მარშანიამ.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, for.ge-ს გიგა ბოკერია არწმუნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაიშლება. შესაბამისად, მომავალი ოთხი წლის მანძილზე, პრობლემა არც საპარლამენტო უმრავლესობას არ შეექმნება.
ბოკერიას თქმით, მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რაც ასეთ რთულ მომენტში ქვეყნისთვის საჭიროა.
„საქართველოს ბევრად უფრო მძიმე მომენტები ჰქონდა. მომენტი რაც უფრო მძიმეა, მით უფრო კონცეტრირებული უნდა იყო იმაზე, რა შეგიძლია ამის წინააღმდეგ გააკეთო. ამ მოწვევის პარლამენტში, ივანიშვილის უმრავლესობა არავითარ ოპტიმიზმს არ გვაძლევს, რომ ის ზიანი, რაც ქვეყანას წინა ოთხ წელში მიაყენეს, რამენაირად შემოტრიალდება და გამოწვევებს დაუპირისპირდებიან, სადაც კრიმინალი და სიღარიბე იზრდება. ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკური ვითარება გვაქვს და ამ პრობლემების მნიშვნელოვან ნაწილში წვლილი თავად შეიტანეს. საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ შეცდომებს აღარ დაუშვებენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა დემოკრატიული ინსტრუმენტით მინიმუმ ნაკლები ზიანი მოვაყენებინოთ და წნეხი გვქონდეს, როგორც შევძლებთ. ეს დემოკრატიული ოპოზიციის როლია, მანამდე სანამ კონკურენტს არჩევნებში არ დაამარცხებ“, - დასძინა ბოკერიამ.
პარლამენტმა პოლიტიკური დებატების პარალელურად, საპარლამენტო თანამდებობებიც გაადანაწილა. მათ შორის, არჩეული იქნება უმრავლესობა-უმცირესობის ლიდერები, ფრაქციის ხელმძღვანელები.