უკრაინაში „ოდესის სააკაშვილისგან გათავისუფლების დღის“ დაწესებასა და საზეიმოდ აღნიშვნას გეგმავენ
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ვადიმ რაბინოვიჩმა უკრაინულ ინტერნეტგამოცემა Пресса Украины-ს განუცხადა, რომ გამოდის ინიციატივით, 7 ნოემბერი საზეიმოდ აღინიშნოს და მას დაერქვას „ოდესის სააკაშვილისგან გათავისუფლების დღე“.
დეპუტატის თქმით, ოთხი დღის წინ სააკაშვილმა გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც საქართველოს მოსახლეობას მიმართავდა და მათ შეხვედრას პირდებოდა. ეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ერთი თვის წინ გაიმართა.
„აშკარაა, რომ სააკაშვილი ბოლომდე ვერ დაიტვირთა. არ ვიცი, რა დააკლდა. შეიძლება კოკაინი, შეიძლება - წყალი“, - ამბობს რაბინოვიჩი.
გარდა ამისა, დეპუტატი გამოდის ინიციატივით, რომ დღე, როდესაც სააკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, საზეიმოდ აღინიშნოს და მას დაერქვას „ოდესის სააკაშვილისგან გათავისუფლების დღე“.
„მადლობა ღმერთს, ერთი სულელით ნაკლებია ქვეყანაში“, - აღნიშნავს დეპუტატი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩი სააკაშვილის მიერ კოკაინის მოხმარებაზე საუბრობს. რამდენიმე თვის წინ, დეპუტატმა ამ საკითხზე ერთ-ერთი უკრაინული არხის ეთერშიც ისაუბრა.
,,სააკაშვილის კოკაინის დრაივი აქვს - გამოდის ოთახიდან აღგზნებული და დარბის'', - ასეთ კომენტარს აკეთებს უკრაინის სახალხო დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩი თოქ-შოუში Люди, Hard Talk LIVE-ის ეთერში ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით.
„მხოლოდ რიტორიკით დიდხანს ვერ გაიტან. მას მისცეს სამუშაოს კონკრეტული მონაკვეთი - და ის რომ იქ არ წასულიყო, ყველა იფიქრებდა, რომ ის ჭკვიანია. ის მოვიდა ოდესაში და ამჟამად ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს იმიტომ, რომ მთელმა ქალაქმა იცის, რეებს სჩადის“, - ამბობს რაბინოვიჩი და ვარაუდობს, რომ ოდესის გუბერნატორი ნარკოტიკებს მოიხმარს.
,,მესმის, მას ერთგვარი კოკაინის დრაივი აქვს. მთელი ოდესა ლაპარაკობს, რომ ის რაღაც მძიმე ნივთიერებებზეა. შედის ოთახში, მერე გამოდის აღგზნებული და დარბის. შევთავაზე, ამ ჭორების გასანეიტრალებლად მოეცა თმის ღერი ანალიზისთვის. მას ეს არ სურს“, - აღნიშნავს დეპუტატი.
რაბინოვიჩის აზრით, სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს.
„ეს უკრაინის ტრაგედიაა. როცა აქ ჩამოდიან გარეწრები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში 19 მუხლით იძებნებიან, მათ შორის წამების ძალადობის, მკვლელობებისთვის და ჩვენ გვასწავლიან როგორ ვიცხოვროთ. მე მის მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, და მძულს, რომ ის ჩვენზე ცდებს ატარებს. დაბრუნდეს საქართველოში, სადაც მან კარგი სამართალდამცავი სისტემა შექმნა და დაამტკიცოს, როგორ უნდა პატიოსნად ცხოვრება, თუ იქ ციხიდან გამოვა. ან არჩევნებში გაიმარჯვოს და სხვები ჩასვას. ოღონდ საქართველოში. ჩვენ არ გვჭირდება“, - ამბობს რაბინოვიჩი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ჯერ კიდევ ზაფხულში იგეგმებოდა.
„თანამდებობიდან ოდესის გუბერნატორის გათავისუფლება ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი პირადი შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის პირადი ვალდებულებების და გარკვეული მოთხოვნების შესრულების შემდეგ შესრულდებოდა“, - განუცხადა პეტრე პოროშენკოს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საინფორმაციო პორტალ Newsyou.info-ს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე, განმარტავენ, რომ საუბარი იყო სხვადასხვა მოთხოვნაზე, მათ შორის ოდესა-რენის ტრასის მშენებლობასა და ოდესის ოლქში „ერთი ფანჯრის“ პრინციპის ამოქმედებაზე.
„არც ერთი მოთხოვნა არ შესრულდა. სააკაშვილმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ის თვითონ გადადგა და თანამდებობიდან არ გაათავისუფლეს“, - აღნიშნეს უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიაში.