„სოციალ-დემოკრატებსა“ და „კონსერვატორების“ ფრაქციების ბედს „ოცნება“ გადაწყვეტს

„სოციალ-დემოკრატებსა“ და „კონსერვატორების“ ფრაქციების ბედს „ოცნება“ გადაწყვეტს

მმართველი გუნდი მეცხრე მოწვევის პარლამენტში რამდენიმე ფრაქციის შექმნას გეგმავს, რაც პოლიტიკური ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მეტ ბერკეტს და მეტ პრივილეგიას ნიშნავს.

„ქართული ოცნების“ გარდა, for.ge-ს ინფორმაციით, პარლამენტში ფრაქციის შექმნის სურვილი „სოციალ-დემოკრატებსა“ და „კონსერვატორებს“ აქვთ, რომელთაც ფრაქციის შექმნისთვის ორი-სამი ხმა აკლდებათ. 

რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის შექმნისთვის ექვსი კვოტაა საჭირო, მომავალ პარლამენტში კი, „სოციალ-დემოკრატებს“ სამი დეპუტატი ეყოლებათ, „კონსერვატორებს“ - ოთხი. 

 იმისათვის, რომ აღნიშნული პარტიების წარმომადგენლებმა ფრაქცია შექმნან, მათ „ქართული ოცნების“ დახმარება დასჭირდებათ. კერძოდ, „სოციალ-დემოკრატები“ და „კონსერვატორები“ ფრაქციებს იმ შემთხვევაში შექმნიან, თუკი მათ „ქართული ოცნება“ საკუთარი რიგებიდან რამდენიმე დეპუტატს დაუთმობს. 

მსგავსი პრეცედენტი მერვე მოწვევის პარლამენტშიც შეიქმნა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ „მრეწველებს“ ფრაქცია შეუქმნეს, თუმცა, ფრაქციის თავმჯდომარის, გოგი თოფაძის პოლიტიკური განცხადებების გამო, გიორგი კახიანი და პაატა კიკნაველიძე ხშირად თავისმართლების რეჟიმში იყვნენ.

„სოციალ-დემოკრატებს“ მეცხრე მოწვევის პარლამენტში საკუთარი ფრაქციის შექმნა რომ უნდათ, for.ge-ს ამ ინფორმაციას გარემოს დაცვის კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი უდასტურებს და აცხადებს, რომ ფრაქციის მომავალი წევრების თაობაზე, ის პრესკონფერენციას უახლოეს მომავალში გამართავს. 

„სოციალ-დემოკრატები“ ფრაქციას შევქმნით და ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ. ჩვენი პრიორიტეტები ქვეყნის ამოცანებიდან გამომდინარეობს, რომელიც არის ეკონომიკის განვითარება, განათლების სფერო, სოციალური სფერო, მართველობის ოპტიმიზება და რეგიონული განვითარება“, - აცხადებს ჟორჟოლიანი, რომლის პარტიის წარმომადგენლები მომავალ პარტიაში იქნებიან კობა ნარჩემაშვილი და ბექა ნაცვლიშვილი.

თუ ვინ იქნება ის სამი დეპუტატი, რომელიც „სოციალ-დემოკრატებს“ ფრაქციის შექმნაში დაეხმარება, ამას ჟორჟოლიანი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს და გვირჩევს, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

აღსანიშნავია, რომ ჟორჟოლიანის მსგავსად, ფრაქციის შექმნის სურვილზე საუბრობს პარლამნეტის მოქმედი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგურიც. როგორ for.ge-ს ძიძიგურმა განუცხადა, უმრავლესობის წიაღში რამდენიმე ფრაქცია ჩამოყალიბდება და ამ საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობაში მუშაობა მიმდინარეობს. მისი ცნობით, მოიაზრება, რომ ერთ-ერთი „კონსერვატორების“ ფრაქციაც იქნება. 

„ჩვენ ოთხი წევრი გვყავს, ფრაქციის შექმნისთვის კი, ექვსი დეპუტატია საჭირო, თუმცა, გადაწყვეტილება უმრავლესობის მისაღებია, ფრაქცია ჩამოყალიბდება თუ არა. უმჯობესია, რომ ფრაქციები ჩამოყალიბებული პარლამენტის პირველ სხდომამდე იქნას, რადგან კომიტეტებში კვოტებია გადასანაწილებელი. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და ის რამდენად მიაღწევს დადებით შედეგს, ვნახავთ“, - აცხადებს ძიძიგური. 

კანონმდებელის მოსაზრებით, ფრაქციის შექმნა ბერკეტია, რაც პოლიტიკური დებატების დროს მეტ დროს ნიშნავს. 

„თუ უმრავლესობამ ერთი ფრაქციით იმუშავა, ასეთ შემთხვევაში, მას იმ უპირატესობაზე უარის თქმა მოუწევს, რაც იმაში გამოიხატება, პოლიტიკური დებატების დროს, თუ რამდენი გამომსვლელი იქნება და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ თავის წიაღში ფრაქციების შექმნას უმცირესობაც შეეცდება, რადგან ეს პოლიტიკური ტექნოლოგიის საკითხია, რომელიც იმას გეუბნება, რომ თუ საკითხის განხილვის დროს ეფექტური მუშაობა გინდა, სჯობს, შენი მხრიდან ამა თუ იმ საკითხზე მეტი ადამიანი საუბრობდეს, ვიდრე ნაკლები“, - აცხადებს ძიძიგური, რომლის წარმომადგენლების პარლამენტში იქნებიან: გიგა ბუკია, ნინო გოგუაძე, პაატა კვიჟინაძე. 

რაც შეეხება ფრაქციის შექმნით გამოწვეულ პრივილეგიებს, რეგლამენტის მიხედვით, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას ფრაქციის შექმნით პოლიტიკური დებატებისას მეტი დრო აქვთ, მათ აპარატიც ემსახურება, რომლის თანამშრომელთა სახელფასო ფონდს ხაზინადართა საბჭოს წარდგინით, პარლამენტის ბიურო ამტკიცებს.