„ოცნება“ ხაბელოვს ულტიმატუმს უყენებს - ან სპორტის კომიტეტი აირჩიოს, ან - ოლიმპიური კომიტეტი

„ოცნება“ ხაბელოვს ულტიმატუმს უყენებს - ან სპორტის კომიტეტი აირჩიოს, ან - ოლიმპიური კომიტეტი

მეცხრე მოწვევის პარლამენტის თანამდებობის პირთა უმეტესობა უკვე ცნობილია, თუმცა, ვაკანტური სამი თანამდებობა დარჩა, საიდანაც for.ge-ს ინფორმაციით, ორი პოსტი შესაძლოა, დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობები გუნდის შიგნით წარმოებული კონსულტაციების შედეგად გადაანაწილა, პარტიაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სპორტის კომიტეტების თავმჯდომარების კანდიდატებზე ვერ თანხმებიან.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე მოქმედი თავმჯდომარის, ლერი ხაბელოვისა და მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურები განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

წყაროს ცნობით, ვინაიდან, ლერი ხაბელოვს საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობა უკავია, მას პოსტებს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს, რადგან for.ge-ს ინფორმაციით, მას ამ წინაპირობას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა უყენებს.

„ბატონმა ლერიმ ან ერთი თანამდებობა უნდა დათმოს, ან მეორე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განუცხადეს for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში.

ლერი ხაბელოვის გარდა, „ქართული ოცნების“ შეთავაზებას განიხილავს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რომლის კანდიდატურაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დასახელდა.

წყაროს ინფორმაციით, კობახიძეს აღნიშნული თანამდებობის დაკავება არ სურს და მან საკუთარი პრეტენზიები 6 ნოემბრის პოლიტსაბჭოს სხდომაზეც დააფიქსირა.

იმ შეთხვევაში თუკი, მანანა კობახიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უარს იტყვის, შესაძლოა, მას პარლამენტის ვიცე-სპიკერის ის ვაკანტური პოსტი შესთავაზონ, რომელიც ამ დრომდე ათვისებული არ არის.

იქედან გამომდინარე, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს 19 ნოემბერს უნდა ჩატარდეს, კობახიძესა და ხაბელოვს გადაწყვეტილების მიღება უახლოეს მომავალში მოუწევთ, თუმცა, მათგან განსხვავებით, რამდენიმე მოქმედი თანამდებობის პირი პოსტის გარეშე დარჩა. მოქმედი დეპუტატებიდან ირაკლი სესიაშვილი და გიორგი კახიანი იმ გამონაკლისს წარმოადგენენ, რომელთაც თავდაცვისა და საპროცედურო კომიტეტები ისევ ჩააბარეს.

ირაკლი სესიაშვილი for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ საპარლამენტო თანამდებობები „ახალი ენერგიისა და ახალი მიდგომების“ პრინციპით გადანაწილდა.

მისი თქმით, ორი კომიტეტის საკითხი გარკვეული ჯერ კიდევ არ არის და მედიამ ისეთი ფორმულირება არ უნდა მოახდინოს, რომ ვინმეს მოქმედი თუ ყოფილი კოლეგების პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარება.

„ეს ასე არის. ახალ ენერგიას და ახალ მიდგომებს მივესალმებით, რის გამოც კომიტეტის თავმჯდომარების დანიშვნა იმის მიხედვით მოხდა, საპარლამენტო საქმიანობას და ქვეყანას ვინ როგორ უფრო კარგად გამოადგება. კრიტერიუმებს არ ვეძებთ, არამედ - ახალ ენერგიულ გუნდს“, - აცხადებს სესიაშვილი, რომლის პათოსს იზიარებს გიორგი კახიანი.

როგორც for.ge-ს კახიანმა განუცხადა, მოქმედ პარლამენტში ყველა თანამდებობის პირი წარმატებული იყო და მათ საკუთარი სფეროების განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს.

დეპუტატი ინფორმაციას არ ფლობს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ჰყავდა თუ არა მას კონკურენტი.

„კონსულტაციები ჩემთანაც ზუსტად ისე მიმდინარეობდა, როგორც სხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან. გადაწყვეტილება პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო“, - დასძინა კახიანმა.

რაც შეეხება სხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს, განათლების კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ივანე კიღურაძე მის შემცვლელად მარიამ ჯაშის წარდგენას მიესალმება და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ის ძალიან ენერგიული ადამიანია.

კიღურაძის ცნობით, ის ჯაშს არ იცნობს, თუმცა, მის შესახებ მხოლოდ კარგი სმენია.

„მინდა, მას გზა დავულოცო. ეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა, რომელიც დიდ შრომას მოითხოვს. მისი განცხადებები წავიკითხე და იმის იმედი გამიჩნდა, რომ საქმეს თავს კარგად გაართმევს. მას პასუხისმგებლობა გათვითცნობიერებული კარგად აქვს“, - აცხადებს კიღურაძე, რომლის კომიტეტის მომავალი თავმჯდომარის მოადგილეები გენადი მარგველაშვილი და გუგული მაღრაძე იქნებიან.

კიღურაძის მსგავსად, საკუთარი „მემკვიდრით“ კმაყოფილია ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილიც.

როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, ის მომავალი თავმჯდომარის თამარ ხულორდავას და მისი მოადგილეების ირინა ფრუიძისა და ბექა ნაცვლიშვილის მიმართ კეთილგანწყობილია.

ბერძენიშვილის თქმით, ამ კომიტეტში საქმე ყოველთვის ბევრია და კარგია, რომ ხულორდავა იურისტია.

„იმ შემადგენლობით ძალიან კმაყოფილი ვარ, რომლის თაობაზეც ითქვა, რომ ამ კომიტეტში იქნებიან, რადგან ორივე ქალბატონი სიმპათიას იმსახურებს. აპარატისა და კომიტეტის გამო მშვიდად ვარ. ამ შემთხვევაში, კარგი „მემკვიდრე“ მეყოლება“, - ამბობს ბერძენიშვილი.

კოლეგების მსგავსად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რომან კაკულიას წარდგენას მიესალმება მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.

for.ge-სთან საუბარში ტყემალაძე კაკულიასა და მის მოადგილეებს გიორგი ბეგაძესა და რევაზ არველაძეს დადებითად ახასიათებს.

„კაკულიას საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს მიღებული და მას ნამუშევარი აქვს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ის ასევე ჩართული იყო ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით და ამ ხელშეკრულების 70 პროცენტი ჩვენი კომიტეტის განსახილველია და მას გამოცდილება მუშაობაში ძალიან წაადგება“, - დასძენს ტყემალაძე, რომელიც პოლიტიკისგან „ცოტა ხანი“ დასვენებას გეგმავს.

ტყემალაძისგან განსხვავებით, პოლიტიკური ტაიმ-აუტის აღებაზე ფიქრობს თამაზ მეჭიაური, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კოვზანაძე ჩაანაცვლებს.

როგორც for.ge-ს მეჭიაურმა განუცხადა, ის ირაკლი კოვზანაძის კანდიდატურას დადებითად აფასებს, რადგან მას არც გამოცდილება აკლია და არც ცოდნა.

„მგონია, რომ ამ პოზიციაზე მისი საქმიანობა წარმატებული იქნება. მას საქმე არასოდეს არ გამოელევა, რისი მოსწრებაც შეიძლებოდა, ჩვენ მოვასწარით. ბიუჯეტის შემოტანა დაგვიანდა და ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ“, - აღნიშნავს მეჭიაური, რომლის მიერ მიღებული კანონითაც, კოვზანაძე ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფილი ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ბორდი-ს წევრად აირჩიეს, თუმცა, მას ამ პოსტზე არ უმუშავია და ის კოლეგებთან ერთად, მოგვიანებით, პარლამენტს ხელფასის დანიშვნას სთხოვდა.

საკადრო ცვლილებები განხორციელდება დიასპორის საკითხთა კომიტეტშიც, სადაც თემურ ჭკუასელს უმრავლესობის მოქმედი ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ჩაანაცვლებს, რომლის მოადგილეებიც სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი იქნებიან.

ჭკუასელი მომავალ თავმჯდომარეზე არ საუბრობს, თუმცა, for.ge-სთან საუბარში ყურადღებას მის მიერ გაწეულ სამუშაოებზე ამახვილებს და ამბობს, რომ კომიტეტის ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მათ შორის, „წარმატებული ემიგრანტი ქალები“.

ჭკუასელი ფიქრობს, რომ კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე ასაკისა და ენების ცოდნის კუთხით შეარჩიეს.

„კომიტეტის თავმჯდომარეობამდე რიგითი წევრი ვიყავი. პიროვნებას სახელ-გვარი ქმნის და არა - თანამდებობები. ისევ თემურ ჭკუასელი ვარ და რაც პარლამენტში მევალება, იმას გავაკეთებ. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ვსაუბრობ, რომ იმ ადამიანების აზროვნება მაინც დაბინძურებულია, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან მოდიან. ახალი აზროვნება მოდის და ახალგაზრდების აზროვნება წარსულით დაბინძურებული არ არის, რაც ქვეყნისთვის სიკეთის მომტანია“, - ამბობს ჭკუასელი.

ზემოთ აღნიშნული პირების გარდა, კომიტეტები ჩაიბარეს: კახა კუჭავამ, ეკა ბესელიამ, გიორგი ლილუაშვილმა, სოფო ქაცარავამ, აკაკი ზოიძემ და ოთარ დანელიამ.

რაც შეეხება სხვა საპარლამენტო თანამდებობებს, ისინი ასე გადანაწილდა: ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი - გიორგი ვოლსკი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური. აჭარის დეპუტაციიდან ვიცე-სპიკერი იქნება ილია ნაკაშიძე, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე.

მეცხრე მოწვევის პარლამენტს ზემოთ აღნიშნული პირების დეპუტატად უფლებამოსილების ცნობა 19 ნოემბრის სხდომაზე მოუწევს, ისევე როგორც პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უალტერნატივოდ დაასახელა.