მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. ამ საკადრო ცვლილებამდე რამდენიმე საათით ადრე, თანამდებობიდან გადააყენეს ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს. თუმცა, ოდესის გუბერნატორმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ თანამდებობიდან მიდის და აქვე დააანონსა, რომ ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს. სააკაშვილი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინა „კორუფციული სიბინძურისგან“ გაათავისუფლოს.
„გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება. მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც მიდის წინ, რამდენიც შეუძლია და შემდეგ განაგრძობს გზას, რამდენიც საჭიროა. ვივლი იმდენს, რამდენიც საჭიროა სრული გამარჯვებისთვის, იმისთვის, რომ უკრაინა სრულად გავათავისუფლო კორუფციული სიბინძურისგან.
კორუმპირებულმა ძალამ უკრაინული რევოლუციის იდეას უღალატა და მისი ერთადერთი მოტივაცია - გამდიდრება, საკუთარი კლანის გაძლიერება და უკრაინის საბოლოო გაძარცვაა. ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით და აუცილებლად დავასრულებთ ამ ბრძოლას უკრაინის სრულ გამარჯვებამდე“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
რაც შეეხება ოდესის ოლქის პოლიციის უკვე ყოფილ უფროსს გია ლორთქიფანიძეს, სააკაშვილი ამბობს, რომ ჯერ უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შეუზღუდეს, შემდეგ კი დევნა დაუწყეს. თავად ლორთქიფანიძის განცხადება, რომელიც ძალოვანი უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვია, რომ ოდესის პოლიციის ხელმძღვანელად დანიშვნიდან წელიწადნახევარში თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. ლორთქიფანიძე მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა წერს, რომ ცხოვრებაში ყველაფერს აქვს ლოგიკური დასაწყისი, გაგრძელება და დასასრული.
შეგახსენებთ, რომ თანამდებობიდან გადაყენებული მიხეილ სააკაშვილი და გია ლორთქიფანიძე საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ სცნო. თუმცა, ამის მიუხედავად უკრაინის ახლმა ხელისუფლებამ ბრალდებულები წამყვან თანამდებობებზე დანიშნა. მიხეილ სააკავშილი უკრაინიდან აქტიურად ჩაერთო საქართველოში მიმდინარე საპრლამენტო არჩევნებში და პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებას ითხოვდა და ამ გეგმის მიხედვით, სააკაშვილი 8 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდებოდა.
ოდესის გუბერნატორის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით გამოძიება დაიწყო. პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაბარებული იქნა უკრაინის ელჩი. საბოლოოდ კი, უკრაინის პრეზიდენმა 7 ოქტომბერს ოდესის გუბერნატორის განთავისუფლების ბრძანება დაწერა, თუმცა, გადაწყვეტილება განთავისუფლების შესახებ დროებით შეაჩერა. 8 ოქტომბერს კი, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნება გადაიფიქრა.
როგორც უკრაინული წყაროები ამბობენ, პრეზიდენტმა პოროშენკომ გუბერნატორს ულტიმატუმი წაუყენა, იმ შემთხვევაში, თუკი გააგრძელებდა საქართველოს წინააღმდეგ რევანშისტული შინაარსის განცხადებებს, ის თანამდებობას დატოვებდა. თუმცა, სააკაშვილმა ემოცია ვერ მოთოკა, შეთანხმება დაარღვია და ისევ ჩვეული სტილით გააგრძელა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, რასაც ადეკვატური რეაგირება მოჰყვა უკარინის პრეზიდენტის მხრიდან.
ის ფაქტი, რომ სააკაშვილი მალე აღარ იქნებოდა ოდესის გუბერნატორი, ამის შესახებ for.ge-მ 2016 წლის 14 ოქტომბერს წერდა (http://www.for.ge/view.php?for_id=46608&cat=2). მაშინ საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა ამბობდა, რომ „სააკაშვილი კედელთან ააყუდეს, შეუმცირეს ეთერი ცენტრალურ არხებზე და შესაბამისად, მისმა რეიტინგმაც ჩაყვინთა“. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოროშენკომ სააკაშვილი კორუფციაში ამხილა, რაც ოდესა-რენის ახალ გარემონტებული მაგისტრალის გახსნას უკავშირდება და სადაც იკვეთება სააკაშვილის კავშირი კორუფციასთან.
სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლი - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - ამ მუხლით დაიწყო უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის შესწავლა. ძიების დაწყების საფუძველი რადას რამდენიმე დეპუტატის მოთხოვნა გახდა, რომლებმაც სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია გენერალურ პროკურატურას მიაწოდეს და საქმის აღძვრა მოითხოვეს. საქმე „ОПЗ“ (ოდესის საპორტო ქარხნის) გაყიდვას ეხება. დეპუტატების განცხადებისა და სხვა მასალების გათვალისწინებით, წინასასამართლო განხილვები უკვე ჩაინიშნა. სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაწყებულია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს. მისი თქმით, ვინც თვალს ადევნებდა ბოლო წლებში ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე სააკაშვილის მუშაობას, ყველა ნახავდა, თუ რამდენი ბრძოლა იყო კორუფციის და კრიმინალის წინააღმდეგ.
„ალბათ, ამ ეტაპზე, იქ მეტ მნიშვნელოვანს ვეღარ გააკეთებდა. თავად სააკაშვილმაც თქვა, რომ ის ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს. მე მასთან გეგმებზე არ მისაუბრია, მაგრამ ის იწყებს ძალიან დიდ მოძრაობას, როგორც იცით დაფუძნდა ორგანიზაციაც და იყო საუბარი პარტიის შექმნაზე, დანარჩენზე ალბათ, თავად ისაუბრებს ყველაფერზე“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სააკაშვილი აშკარად მარტოა, მას ბევრ კითხვის ნიშანზე მოუწევს ფიქრი, რა თქმა უნდა, თუ გადაწყვიტა ფიქრი, რადგან მის ნაბიჯებს ფიქრის კვალი არ აქვს.
„აშკარაა, რომ იმ მომენტის განწყობილებით დგამს ნაბიჯებს და არ ფიქრობს, რა მოჰყვება დაუფიქრებელ ნაბიჯს. ამ სტილის შედეგია ის, რაც დაემართა საქართველოში და იგივე ხდება უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი იმპულსური პიროვნებაა, არის სიტუაციები, სადაც ინტუიტიური გამოსავალი გამოდგება, უფრო რთულ სიტუაციაში უკვე რაციონალიზმია საჭირო. ეტყობა, რომ ეს რთული სიტუაცია აქვს სააკაშვილს. რას უკარნახებს მისი რაციონალიზმი მას ძნელი სათქმელია. ვვარაუდობ, რომ ისევ ამერიკელებს მიმართავს, თუმცა ახლა ამერიკაში არჩევნებია და ამ მხრივაც ალბათ, მარტივი არ იქნება სააკაშვილის მდგომარეობა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.