„ილია მეორეს მოსკოვში ჩააქვს ქართული ოცნება“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ნეზავისიმაია გაზეტა“. საუბარია იმ ფაქტზე, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 18 ნოემბერს მოსკოვს უნდა ეწვიოს. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში აცხადებენ, რომ ვიზიტი კერძო ხასიათისაა, მისი მიზანი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილეს 70 წლის აღსანიშნავ იუბილეში მონაწილეობაა.
თუმცა რუსული გამოცემა უფრო შორს მიდის და იდუმალ წყაროებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ ილია მეორეს შეუძლია რუსეთის ყველა წარმომადგენელს შეხვდეს.
სტატიის ავტორი არტურ პრიმაკი აცხადებს, რომ მოსკოვსა და თბილისში დიდი ხანია შეეჩვივნენ იმას, რომ საქართველოს სულიერი ლიდერის რუსეთში ვიზიტები, მართალია, „კერძო ხასიათისაა“, მაგრამ, ფაქტობრივად, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე განხორციელებულ შეხვედრებს მოიცავს, რომლის დროსაც მწვავე პრობლემებზე მსჯელობენ.
კერძოდ, რუსი ჟურნალისტის თქმით, ასე იყო 2011 წლის ნოემბერში, როცა პატრიარქ კირილეს 65 წლისთავთან დაკავშირებული ვიზიტის დროს ილია მეორე მოსკოვში დიმიტრი მედვედევს შეხვდა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების საკითხი განიხილა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ ახალგაზრდა დე ფაქტო რესპუბლიკებს დამოუკიდებლად აღიარებს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მაინც საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიებად მიიჩნევს.
საქართველოს ყოფილ სოციალისტურ რესპუბლიკაში დაბადებული, ამჟამად კი „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი აღასი არაბიანი „ნეზავისიამია გაზეტა - რელიგიის“ ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს, რომ მოსკოვში ილია II-ის ვიზიტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დათბობის მანიშნებელია:
„ამას მოწმობს, აგრეთვე, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც. მართალია, ამ პარტიის პროდასავლური კურსი და მოქმედება, მათ შორის, აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების საკითხში, არაფრით განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობისაგან“, მაგრამ, იმავდროულად, „ქართული ოცნება“, „ნაციონალებთან“ შედარებით, რუსეთთან ურთიერთობის განვითარებითაა დაინტერესებული. თბილისში კარგად აცნობიერებენ, რომ რუსეთთან კავშირების გარეშე ქართული სახელმწიფო „გემის“ ცურვა შეუძლებელი იქნება. ამიტომაც ქართველები დასავლეთსა და რუსეთს შორის ლავირებენ“.
აღასი არაბიანის თქმით, ილია მეორე საქართველოს არა მარტო სულიერი, არამედ პოლიტიკური ლიდერიცაა. ამიტომ საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალები მას შუამავლობას სთხოვენ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის პროცესში; ანუ შესაძლოა, ის არაფორმალური დიპლომატის მისიას ასრულებდეს.
„ილია მეორე შეუდარებელი ავტორიტეტით სარგებლობს რუსეთში მცხოვრებ ქართველებში, მას დიდ პატივს სცემენ როგორც რუსეთის ეკლესიის ლიდერები, ასევე რუსი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები“, - ამბობს აღასი არაბიანი.
სამხრეთ კავკასიის საკითხთა სპეციალისტის ვლადიმერ ზახაროვის აზრით, „კერძო ვიზიტი ხშირად შენიღბვას ემსახურება, მაგრამ ილია II-ს კერძო პირს ვერ ვუწოდებთ, იგი, ფაქტობრივად, სრულიად საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს და მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ქართველს აერთიანებს. უეჭველია, რომ კირილესთან შეხვედრაში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. პრობლემები ბევრია, გადაწყვეტა კი პოლიტიკოსებისაგან არავის შეუძლია. საქართველოს ხელისუფლება ჩიხშია, თბილისმა მოსკოვთან ურთიერთობა თუ არ მოაგვარა, ისე შორს ვერ წავა. დიახ, საქართველო აცხადებს ევროპასთან იდენტობას, ევროატლანტიკურ ინტეგრირებას, მაგრამ რას მიიღებს საქართველო ევროპისგან? ან რას შესთავაზებს საქართველო ევროპას, საკუთარი ტერიტორიის გარდა? ქართული ღვინო და ხილი ევროპას მაინცდამაინც არ სჭირდება, ეს პროდუქცია მხოლოდ რუსეთში იყიდება“.
ვლადიმირ ზახაროვი თვლის, რომ ილია II ნიადაგს მოამზადებს რუსეთ-საქართველოს ფართო სპექტრის კონტაქტებისათვის და, რასაკვირველია, განხილულ იქნება აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის პრობლემებიც. კერძოდ, დე ფაქტო რესპუბლიკებში არსებული სიტუაცია მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით - იქაური ეკლესიები გარეგნულად ქართული პატრიარქატის დაქვემდებარებაში არიან, მაგრამ, ფაქტობრივად, არ ემორჩილებიან.
ვლადიმერ ზახაროვი არც იმას ივიწყებს, რომ ქართული და რუსული ეკლესიების ლიდერების კონტაქტები ცალმხრივია. ალექსი II-საგან განსხვავებით, რომელიც საკმაოდ ხშირად სტუმრობდა ხოლმე საქართველოს, კირილე, პატრიარქის სტატუსით, ამ ქვეყანაში ჯერ ნამყოფი არ არის.
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსი ექსპერტები ძალიან შორს მიდიან, რადგან როგორ შეიძლება ილია მეორე იყოს საქართველოს პოლიტიკური ლიდერი?! ჩვენი პატრიარქი ხომ ყოველთვის ფაქიზად უდგებოდა პოლიტიკის საკითხს და დისტანცირებას ახდენდა პოლიტიკიდან?! თუმცა, გია ხუხაშვილის აზრით, ილია მეორე არის საზოგადოებრივი ლიდერი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერი, რაც მეტ წონას აძლევს მის ვიზიტებს.
„რუსეთთან ურთიერთობის დათბობაზე საუბარი ნაადრევია. ილია მეორის ვიზიტი ნიადაგს მოამზადებს შემდგომი ურთიერთობისთვის და, ცხადია, პატრიარქის ჩასვლას, სახალხო დიპლომატიას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნებს შორის სისტემური, გადაულახავი პრობლემებია. ამ ყველაფერს კი დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. საერთოდ, ასეთი კონტაქტების მომხრე ვარ. პირველ რიგში, მტერთან უნდა შეგეძლოს ლაპარაკი, თორემ მეგობრებთან ლაპარაკზე ადვილი არაფერია. პატრიარქი აქ შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც თუნდაც ადამიანურ დონეზე შეხების წერტილებს მოძებნის. რაღაც ტიპის დიალოგი უნდა დაიწყოს, პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ და ყალბად არ უნდა ჩავეხუტოთ ერთმანეთს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და განმარტავს, რომ ამ ეტაპზე რუსეთ-საქართველოს ლიდერებს შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრის საფუძველს ვერ ხედავს.
ეკონომიკური ურთიერთობების დაწყება, საპარლამენტო კავშირების აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ სახელმწიფოებს შორის ოფიციალური ურთიერთობის დაწყება ჯერ ნაადრევია.
თეოლოგი და სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ლაშა ცაიშვილი For.ge-სთან საუბარში პატრიარქის მოსკოვში ვიზიტს დადებითად აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ ჩვენი პატრიარქი არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესს შეეწინააღმდეგება. მით უფრო, რომ გვახსოვს უახლოესი წარსულის მაგალითები, როდესაც პატრიარქი ბრძანდებოდა რუსეთში, შეხვდა როგორც საერო ხელისუფლების პირველ პირებს, ისე საეკლესიო უმაღლეს იერარქებს და ამ შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ პერევიდან რუსებმა ჯარები გაიყვანეს. თუმცა ყოფილი პრეზიდენტის ძალისხმევით ისევ დაიკარგა ეს ქართული ტერიტორია.
„საქართველოს პატრიარქს დიდი ავტორიტეტი აქვს. ამდენად, მის ვიზიტს თუ მყისიერი რეაქცია არ მოჰყვება, ეს იქნება სერიოზული საფუძვლის ჩაყრა იმისთვის, რომ მტრული დამოკიდებულება ორ ქვეყანას შორის ცოტათი მოთბეს. არავინ არ უარყოფს, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მტერთან საჭიროა დიპლომატიური ურთიერთობა და მას წითელი ნაჭერი არ უნდა უფრიალო. ღრმად მწამს, რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც, პატრიარქის ვიზიტს დიდი შედეგი ექნება“, - აღნიშნა ლაშა ცაიშვილმა.