„სანამ ნაციონალების ლაქლაქს ვისმენდით, ევროკავშირის ასოცირებული წევრები გავხდით“

„სანამ ნაციონალების ლაქლაქს ვისმენდით, ევროკავშირის ასოცირებული წევრები გავხდით“

გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ კარასინის განცხადება არ ქმნის საფუძველს, რაიმე სახის მოლაპარაკებები დაიწყოს, რადგან ჯერჯერობით, რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. პოლიტიკური შეუთავსებლობა კი, განპირობებულია ტერიტორიების ოკუპირებით.

რატომ არის კარასინი-კალაშნიკოვის განცხადება მაშველი რგოლი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და რა დგას ანტირუსული რიტორიკის უკან? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გიორგი ვოლსკის ესაუბრა.

გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არ არის. ბატონი გიორგი, სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რამდენად მართებული იქნება ამ საკითხზე მსჯელობა და რა ეტაპზე შეიძლება დადგეს დღის წესრიგში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი?

გიორგი ვოლსკი: საერთოდ, ქართულ-რუსული ურთიერთობების თემა ქართულ პოლიტიკაში სპეკულაციის სფეროდ იქცა. პოლიტიკური პარტიები ამ თემას ისე აბურთავებენ, რომ ამის უკან არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. პრაქატიკულად, გამოდის, რომ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას არაკომპეტენტური რაკურსით უპირისპირდებიან.

მაგალითად?

- ისეთი თემის შემოტანა, რასაც ჰქვია უბლოკო სტატუსი, უტოპიური თემაა, მაგრამ ამ საკითხმა შეიძლება რაღაცით დაიმსახუროს ადამიანების გარკვეული გუნდის სიმპათია. „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ რიტორიკულ შეტევაზე უნდა გადახვიდე და იქნიო ხმალი, რომელიც ამავე დროს საერთოდ არ გაგაჩნია. სხვადასხვა სპეკულაციებია ამ თემის გარშემო, მაგრამ რეალური სიტუაცია ჩვენგან, საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვს სწორედ იმ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს. ეს არის გამოზომილი პოლიტიკა და ორიენტირებული იმ პერიოდზე, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების დაძაბულობის შემცირების ტენდენცია იქნება თვალსაჩინო.

საქართველო არის ამ დაძაბულობის სეგმენტი?

- რა თქმა უნდა, საქართველო ამ დაძაბულობის ერთ-ერთი სეგმენტია. საქართველოს მიმართ მსოფლიოს დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსხვავებულია წინა პერიოდიდან, ვინაიდან მან შეიძინა ალტერნატიული დერეფნის ფუნქცია და ეს კონტურები უკვე სახეზეა. ამის ერთ-ერთი გამოვლინება არის თუნდაც პორტის მშენებლობა, უშველებელი ტვირთბრუნვა და უამრავი სხვა საკითხი, რომელიც ითვალისწინებს უცხოური კაპიტალის შემოდინებას საქართველოში და ინვესტიციების გაკეთებას.

ამ თემაზე, სწორედ, რომ ფართო მასშტაბით უნდა ვიმსჯელოთ. ადრე თუ გვიან, რუსეთთან პოლიტიკური მოლაპარაკების იმ მაგიდასთან დავსხდებით, სადაც პოლიტიკურ თემებზე დავიწყებთ მოლაპარაკებებს. ამის ალტერნატივა არის ერთი - ეს არის საომარი მოქმედება. დღეს, პოლიტიკური მიმართულებით გარღვევის რაიმე წინაპირობა არ არსებობს, მაგრამ ამ პერიოდის მომლოდინე არ შეიძლება იყო აგრესიული რიტორიკის მატარებელი.

ამ პერიოდის მომლოდინე შენ უნდა იყო ჩამოყალიბებული იმაზე, რომ ჩვენი ეს ეკონომიკური და სოციალურ საკითხებზე მოლაპარაკებები, რაღაცის საფუძველს, რაღაცის ფუნდამეტს ქმნის სამომავლოდ, გარდა იმისა, რომ ჩვენი ბიზნესისთვისაც საინტერესოა. ეს სტრატეგია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია, არ შეიძლება რაღაცა გაუგებარ მითქმა-მოთქმას ეწირებოდეს იმის თაობაზე, რომ აი, კარასინმა თქვა და ჩვენ რას ვუპასუხებთ ამასთან დაკავშირებით.

რა არის ის სტრატეგია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია ამ მიმართულებით?

- ჩვენ ერთი რესურსი გაგვაჩნია, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, ეს არის წითელი ხაზების გადალახვის დაუშვებლობა, ეს უფრო პრინციპია, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. არ შეიძლება, რომ ჩვენ ერთი მხრივ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საელჩო გვქონდეს, მეორე მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ვსაუბრობდეთ რუსეთის ფედერაციასთან, ანუ იგივე მესამე დიპლომატიური მისიის გახსნაზე საქართველოში, ასე დგას ეს საკითხი. რაც შეეხება კარასინის განცხადებას, ეს გამოხატავს რუსული პოლიტიკური ინსტებლიშმენტის საკმაოდ ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ მიმართულებას და გეგმას, ეს არ არის ერთი ადამიანის მოფიქრებული.

და როგორია მათი სტრატეგიული გეგმა?

- სტრტეგიული გეგმა არსებობს ისეთი, რომ საქართველოში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გაუჩინოს მოლოდინი იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობა, ბიზნესის კეთება, პოლიტიკური ურთიერთობების დალაგება უფრო საინტერესოა, ვიდრე ფიქრი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე. აი, ამ ჭიდილში არიან პოლიტიკური პარტიები საქართველოში ერთმანეთთან და პასუხობენ რუსეთის საკამოდ დალაგებულ გამიზნულ სტრატეგიულ გეგმას, რაღაცა ამ წამოყვირებით და პოპულიზმით, რაც არ არის მართებული.

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, არ არის რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართული, ეს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემაა. მეორე მხრივ, რუსეთთან მოლაპარაკებები არ შეიცავს მხოლოდ ეკონომიკურ და სოციალური ურთიერთობების ინტერესს. ეს შეიცავს იმ ინტერესს, რასაც ჰქვია მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა მოწინააღმდეგე მხარესთან. თუკი, ამ მოლაპარაკებებში რამეს მივაღწევთ, ეს არის საუკეთესო აგური იმ ფუნდამენტისთვის, რომელიც მომავალში უნდა გამოვიყენოთ პოლიტიკური მოლაპარაკებების ფორმატისათვის.

თუმცა, ოპონენტები და ამ შემთხვევაშინაციონალური მოძრაობაამტკიცებს, რომ ხელისუფლება ღიად უნდა დაუპირისპირდეს რუსეთს...

- ესეც ფარისევლობაა. მთელი ჩვენი პოლიტიკური მოკავშირეები და განსაკუთრებით აშშ ყოველთვის მოგვიწოდებდა, რომ არანაირად არ შეგვექმნა დაპირისპირება და კონფრონტაციული გზით არ გვევლო რუსეთთან ურთიერთობაში, გამოგვეყენებინა მოკავშირეთა პოლიტიკური და ფინანსური რესურსი იმისათვის, რათა გაგვეძლიერებინა მრავალმხრივი მოლაპარაკების ფორმატი.

მთავარი შეკითხვა, რაც ომის შემდეგ მოვისმინეთ ჩვენი მოკავშირეებისგან (მაილსი, კოლინ პაულეი, კონდოლიზა რაისი) არის ის, რომ, მიუხედავად საგზაო რუკისა, რომელიც საკმაოდ წარმატებით ვითარდებოდა, რატომ გააკეთა სააკაშვილმა ისე, რომ ვითომ ანტირუსული პოლიტიკით და პატრიოტული დროშის ფრიალით შექმნა ისეთი ვითარება, რომ რუსეთს საშუალება მისცა, პირველი - დაერღვია მოლაპარაკების პროცესი და მეორე - განევითარებინა აგრესია და ბოლოს მოეხდინა ამ ტერიტორიების ოკუპაცია?

იქნებ მიზანმიმართულად გააკეთა? ამასვე ადასტურებს ომის შემდგომ განვითარებული მოვლენებიც...

- საბოლოოდ ეს მინდა ვთქვა. ყველა შემთხვევაში აქ ორი მიზეზია, ან დაშვებულია დანაშაულებრივი შეცდომები, რომ რუსეთმა „შეიტყუა ხაფანგში“ - ეს არის ის, რასაც ამერიკელები ამბობენ, ან არის მეორე - სააკაშვილმა თავისი სავარძლის უსაფრთხოებისათვის დაუშვა ასეთი „კომპრომისი“ და არა ის, რომ რუსებს მიზნად ჰქონდათ თბილისის აღება, რაზედაც სააკაშვილი მუდმივად ლაპარაკობდა და მან თავისი „გმირობით“ და ტაშ-ფანდურით შეაჩერა ისინი.

რა იყო რუსეთის მიზანი და სტრატეგიული ამოცანა?

- ეს იყო სამხრეთ კავკასიაში სამხედრო დამკვიდრება. რუსეთის ფედერაციას სტრატეგიული უსაფრთხოების გეგმაში, რომელიც 2020 წლამდე მოქმედებს სიტყვა-სიტყვით გაწერილია, რომ გააკონტროლოს ის სატრანზიტო დერეფანი, რაზედაც სეროზულ ფსონს დებს დასავლეთი და მათ შორის ჩინეთი. აქ, ამ მილსადენებთან, ამ სატრანსპორტო ტრასებთან იყოს ახლოს. ეს იყო მიზანი და ამ მიზნის რეალიზაციას შეუწყო ხელი სააკაშვილმა.

სამაგიეროდ, სტაბილური ვითარება შეუქმნა თავის პოლიტიკურ პოზიციას. რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, 2011 წლის 26 მაისის შემდეგ, როდესაც პოლიტიკურ ველზე საერთოდ არ დარჩა არც ერთი ოპოზიციური პარტია, ან ოპოზიციური გაერთიანება, პრაქტიკულად, გარანტირებული ჰქონდა შემდგომი მრავალი წლების განმავლობაში პრეზიდენტობა. არ ვიცი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის რა ნაწილისათვის არის ცნობილი ეს სტრატეგია, ან რა ნაწილია გათვიცნობიერებული, მაგრამ დღეს ეს მათი ვითონ ანტირუსული გამოსვლები აბსოლუტური ფარსია.

მაშინ რა დგას ამ ვითომ ანტირუსული განცხადებების უკან?

- რეალურად, ეს სააკაშვილმა და შეიძლება რამდენიმე კაცმა იცოდეს. იმდენად თვალსაჩინოა ეს დათმობა და ჩაშლა იმ სტრატეგიის, რაც დასავლეთს ჰქონდა, რომ დღეს კარასინი წამოიძახებს, ხვალ კალაშნიკოვი რაღაცას იტყვის, მე ამას განვიხილავ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ როგორც მაშველი რგოლის გადმოგდებას, მით უმეტეს - კალაშნიკოვის განცხადებას.

რატომ მაშველი რგოლის გადმოგდება?

- „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი არის სწორედ ის ძალა, რომელიც გარიგებაში შევიდა რუსეთთან და კონკრეტული მიზნის ძალა-უფლების მისაღწევად დათმო ტერიტორიები. ან მეორე - დაუშვა საგანგებო დანაშაულებრივი შეცდომები. აი, ეს არის მთელი ისტორია. ამერიკელმა ყოფილმა და მოქმედმა ლიდერებმა გააკეთეს საკმაოდ არაორაზროვანი განცხადებები სააკაშვილის პოლიტიკის მიმართ, რომ ამ ვითომ ანტირუსულ სისტემაში დავთმეთ საქართველოს ინტერესები და სამხრეთ კავკასიაში რუსეთს საკმაოდ მძლავრად მოვაკიდებინეთ ფეხი.

ასე რომ, ამ საკითხს თუ გადავხედავთ, რეალურად, რა მოხდა ჩვენს თავს და როგორც კი ასეთი კრიტიკა გაისმა დასავლელი პარტნიორების, ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან, იმ წუთში გაკეთდა მედვედევის განცხადება, რომ ჩვენ შევიჭერით საქართველოში, რათა არ დაგვეშვა ნატოს ექსპანსია აღმოსავლეთ ევროპაშიო. ანუ, როგორც კი სააკაშვილის თავზე გროვდება შავი ღრუბელი ქართულ-რუსული და მისი პოლიტიკური წარსულთან დაკავშირებით, იმ წუთში გაისმის კარასინის ან კალაშნიკოვის განცხადება და აქიდან გამომდინარე, მათ ეძლევათ საშუალება გააგრძელონ ეს დემაგოგიური, არაფრის მომცემი რიტორიკა. ამ ტენდენციების თუ დავაკვირდებით, საკმაოდ არასასურველი სურათი გამოჩნდება.

თუმცა, პრორუსულობაში ხელისუფლებას ადანაშაულებსნაციონალური მოძრაობა“, თქვენი განცხადებებით პირდაპირ ამბობთ, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ძალა არის პრორუსული...

- არ მაქვს იმის სურვილი, რომ პრორუსულობაში და ანტირუსულობაში შევეჯიბრო „ნაციონალურ მოძრაობას“. „ქართული ოცნება“ არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ყველაფერს ეს იქნება პროდასავლური მიმართულება, საგარეო პოლიტიკა, თუ რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკა, აგებს ეროვნულ ინტერესებზე. ეროვნული ინტერესები და პირობითი სახელები „პროდასავლურობა“, „პრორუსულობა“ ეს არის მოგონილი და მოგონილი იმ მიზნით, რომ გამიჯვნა მოხდეს ქართულ საზოგადოებაში, რომ ხალხი დაუპირისპირდეს ერთმანეთს.

სახელმწიფოს თემა არის აბსოლუტურად სხვა და ეს პოლიტიკური სპეკულაცია, რასაც ეწევა „ნაციონალური მოძრაობა“, საერთოდ სხვა თემაა. აქედან გამომდინარე, სამი რამე უნდა გვახსოვდეს - 1. არასდროს დაწვა ხიდები, 2. ყოველთვის იმ პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომელიც შენს სახელმწიფოს გამოადგება და 3. ყოველთვის უნდა იმსჯელო შედეგების მიხედვით.

ისინი ამბობენ, რომ პროდასავლური ძალა არ ვართ, მაგრამ სანამ ამათ ლაქლაქს ვუსმენდით, ევროკავშირის ასოცირებული წევრები გავხდით. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელოთ შედეგების მიხედვით, რა გააკეთა სააკაშვილმა, რომელმაც რუსეთს მისცა შესაძლებლობა და ტერიტორია, რომ აქ გამაგრებულიყო და რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც სახელმწიფო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახადა საკამოდ მაღალი პასუხისმგებლობებით.

ყველაფერი დანარჩენი: ბიძინა ივანიშვილზე შეტევა; არაფორმალური მმართველობის თემის წამოწევა, რომ ხელისუფლება და მთავრობა არაფერს არ წარმოადგენს; სააკაშვილის განცხადებები, რომ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და გავაგრძელოთ ბრძოლა, ანუ ისევ რევოლუციური სცენარის გაგრძელება, ეს ყველაფერი, მთლიანად ერთ კონტექსტშია განსახლიველი, ეს არის დესტრუქციული ძალა. ვერანაირად ოპოზიციას მათ ვერ ვუწოდებ, გინდათ კარასინს დაესხან თავს, გინდათ კალაშნიკოვს და რა თემაც არ უნდა მოიგონონ იმასთან დაკავშირებით, რომ ერზე ზრუნავენ. ნამდვილად სარწმუნოდ ვერ მივიღებ მათ რიტორიკას, სანამ მეცოდინება ეს სამი პრინციპი და სანამ მაქვს უნარი ვიმსჯელო შედეგების მიხედვით.