ვინ და სად ქადაგებს ღიად ისის-ის იდეებს საქართველოში

ვინ და სად ქადაგებს ღიად ისის-ის იდეებს საქართველოში

"ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური ხალიფატის" მიერ საკუთარი მებრძოლებისადმი მოწოდება, ბრძოლის ველი თურქეთში გადაიტანონ, ქართველი ანალიტიკოსების თქმით, საფრთხეებს საქართველოსთვისაც მოიცავს - ზაალ კასრელიშვილი თვლის, რომ დაზღვეული არ ვართ ტერაქტებისგან. მამუკა არეშიძის განცხადებით კი, დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი საფრთხე ბოლო დროს ძალიან გაძლიერებული ისის-ის იდეების პროპაგანდაა, რადგან აღმოსავლეთ საქართველოში რადიკალი ისლამისტების ლიდერებმა პირდაპირი საჯარო ქადაგებები დაიწყეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ვინ და სად ქადაგებს ღიად ისის-ის იდეებს საქართველოში / "საქმე იქამდეც მივიდა, რომ ზოგიერთი სალაფიტური ლიდერი ღონისძიებას თბილისში, ერთ ცნობილ დაწესებულებაშიც აწყობს".

"არეშიძის თქმით, დღეს საფრთხე ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ეს იყო ადრე. აღსანიშნავია, რომ ტერორისრული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ანუ ისის-ის ლიდერმა აბ ბაქრ ალ ბაღდადიმ გუშინ 3 ნოემბერს ნახევარსაათიანი აუდიომიმართვა გაავრცელა, სადაც თურქეთს ისლამისტების ახალ სამიზნეს უწოდებს. მიმართვაში ნათქვამია, რომ მოსულის მოსახლეობამ უფლის მტრების წინააღმდეგ ჯიჰადი არ შეასუსტოს, მათ თავიანთი ბრაზი თურქი მებრძოლებისკენ მიმართონ და ბრძოლის ველი თურქეთში გადაიტანონ. გარდა ამისა, ალ-ბაღდადი თავის მიმდევრებს მოუწოდებს დაიწყონ ბრძოლა საუდის არაბეთში უშიშროების ძალების, სახელმწიფო თანამდებობის პირების, სამეფო ოჯახის წევრების და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. თუკი ის ნამდვილია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ალ-ბაღდადის პირველი მიმართვაა. მისი ხანგრძლივი დუმილის გამო მედიაში წერდნენ, რომ ისის-ის ლიდერი ლიკვიდირებული იყო. შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს ერაყის სამთავრო არმიამ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო, რომელსაც ტერორისტები 2014 წლიდან აკონტროლებენ, ბოლო ინფორმაციით ერაყელმა ჯარისკაცებმა ქალაქში შესვლა მოახერხეს. მოსულთან მდებარე ბაზაზე იმყოფიან თურქი ჯარისკაცებიც..." - აღნიშნავს გამოცემა. 

საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, ვარაუდობს, რომ მოსულში ისის-ის დაახლოებით 5 ათასი მებრძოლია დარჩენილი და მოსულის გათავისუფლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით "ისლამურ სახელმწიფოზე" გამარჯვებას ნიშნავს. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი ამბობს, რომ ალ-ბაღდადის მოწოდების შემდეგ "ისლამური ხალიფატი" ყველგან გააქტიურდება და თუკი საბრძოლო ველი თურქეთში გადმოვა, საფრთხეები, რა თქმა უნდა, კავკასიასაც ემუქრება. მისი აზრით, ტერაქტების საფრთხე ყველგანაა, სადაც სალაფიტები ჯგუფებად არიან წარმოდგენილები. მეტიც, თვლის რომ თარხან ბათირაშვილის მოკვლის შემდეგ საქართველოში საფრთხემ იმატა, რადგან ბათირაშვილი კატეგორიული წინააღმდეგი იყო მთელ კავკასიაში და საქართველოში სიტუაციის აფეთქების", - განაგრძობს გამოცემა.

"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის თქმით, რთული სათქმელია ალ-ბაღდადის მიერ არის თუ არა ის ინფორმაცია გავრცელებული, მაგრამ აშკარაა, რომ ეს მუქარა "ისლამური სახელმწიფოს" ხელმძღვანელობიდან მოდის, რადგან თურქეთმა განსაკუთრებული აქტიურობა გამოჩინა სირიის ტერიტორიაზე ბრძოლებში. მისი განმარტებით, ახლა ახლო აღმოსვალეთში დიდი "საქმის გარჩევა" მიმდინარეობს და საქართველოსთვის მაინდამაინც არავის სცხელა, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ და მოვლენებს დიდი სიფრთხილით მივადევნოთ თვალი. მისი განმარტებით, ისლამისტური ორგანიზაციების წევრებმა კავკასიაში, მათ შორის საქართველოში ტაქტიკა შეცვალეს და რადიკალურიდან თითქოს ზომიერ ისლამიზმში გადავიდნენ, თუმცა ეს მხოლოდ შირმაა და ისინი ისევ "ხალიფატის" პროპაგანდისტები არიან", - დასძენს გამოცემა.

"დღეს ისინი ვითომ ცდილობენ გაემიჯნონ "ისლამურ ხალიფატს", იარაღს და რადიკალიზმს. ამ თვალსაზრისით ნიშნადობლივი პროცესები ხდება აღმოსვალეთ საქართველოში, სადაც ისლამისტური ორგანიზაციების ლიდერებმა საზოგადოებასთან ღიად ურთიერთობა და საზოგადოების დარწმუნებისთვის ღია ქადაგებები აირჩიეს. გაემიჯნენ ტერმინ "ვაჰაბიზმს" ა მხოლოდ "სალაფიზმს" იყენებენ. მათი ურთიერთობები ღია და მოზომილია, თუმცა როგორც კი საშუალება მიეცემათ, ცდილობენ თავისი რადიკალური მიზნების პროპაგანდა მოაწყონ. ეს ხდება ქართულენოვან ისლამისტებში - უფრო მეტად არ დავაკონკრეტებ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე. 

"მათი მთავარი მიზანი ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოქაციონ საკუთარი გავლენის ქვეშ. ეს პროცესი დღეს არის "მშვიდობიანი" - ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ იცის. მათ ძალიან ბევრი ახალგაზრდას გადაბირება მოახერხეს კახეთშიც და ქვემო ქართლშიც და ეს პროცესი გრძელდება. პროცენტის დადგენა რთულია - პანკისის შემთხევვაში ვიცით მარტო, რომ იქ ახალგაზრდების 70% არის გადაბირებული.... რბილი, გააზრებული პროპაგანდა ბევრად უფრო ეფექტურია და უფრო მეტი ხიფათის შემცველი, ვიდრე აგრესიული და ეს ხდება დღეს ჩვენთან", - დასძენს არეშიძე.