ამბობს, რომ პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, რაც ნიშნავს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ იქნება. თუმცა ამბობს, რომ გამორიცხვის წესით ნუ წავალთ. ყოფილმა მინისტრმა შემოთავაზება უკვე მიიღო, თუმცა ამ ეტაპზე უარს აცხადებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობა 12 ივლისს დატოვა, ხოლო „რესპუბლიკური პარტია“ 11 ოქტომბერს.
რა გახდა პარტიის დატოვების მიზეზი და რატომ აღმოჩნდა უმცირესობაში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
როგორც ირკვევა პირველმა თქვენ დატოვეთ „რესპუბლიკური პარტია“, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მოტივი და რატომ არ გაახმაურეთ თქვენი გადაწყვეტილება?
პაატა ზაქარეიშვილი: პარტია ოფიციალურად დავტოვე 11 ოქტომბერს. თუმცა, გადააწყვეტილება მივიღე უფრო ადრე, ანუ არჩევნებამდე, განცხადება კი პარტიიდან წასვლის შესახებ დავწერე არჩევნების შემდეგ.
რატომ არჩევნების შემდეგ, თუკი გადაწყვეტილება გაცილებით ადრე გქონდათ მიღებული?
- როდესაც მთავრობიდან წამოვედი პარტიაში დარჩენის გამო, მაშინ უკვე მიღებული მქონდა გადაწყვეტილება, თუმცა პარტიას ვერ მივატოვებდი არჩევნების წინ, რადგან შესაძლოა, დამეზარალებინა ძალიან ცუდ მდგომრეობაში მყოფი პარტია, არ მინდოდა, რომ ჩემი წასვლით პარტია დამეზარალებინა. პარტიაში ყველამ იცოდა, რომ ვაპირებდი წასვლას და ეს ოფიციალურად გავაფორმე 11 ოქტომბერს.
წამოხვედოთ პარტიიდან, მაგრამ სად მიდიხართ?
- სახლში.
სამთავრობო გუნდიდან წამოსვლის შემდეგ უბრუნდებით თქვენს სფეროს, რასაც ჰქვია კონფლიქტების თემა?
- მე არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ ეს გამეკეთებინა, მაგრამ არ შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ ნამდვილად ასე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრობამდე თუნდაც ფინანსურად კარგად ვიყავი, ძალიან ბევრი პროექტები მქონდა, მინისტრობის შემდეგ ყველაფერი უცებ გაჩერდა. ამიტომ, ჯერ ფეხზე უნდა დავდგე, წელში გავიმართო და შევიქმნა ძველი მინისტრობამდელი სტაბილური ფინანსური მდგომარება. ამის შემდეგ შეიძლება მაგ სფეროს დავუბრუნდე. ძალიან გამიხარდება, რომ ისევ აღვიდგინო თავისუფალი დამოუკიდებელი ექსპერტის იმიჯი, როდესაც მენდობოდით თქვენ, ჟურნალისტები. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ მენდობოდნენ როგორც დამოუკიდებელ ადამიანს. მაგრამ, ამ წუთში ჯერჯერობით არა მაქვს არანაირი საშუალება, რომ ამ საქმიანობას დავუბრუნდე.
ერთ-ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, ნახავთ რამდენი აფხაზი და ოსი მიიღებს საქართველოს მოქალაქეობასო. ბატონო პაატა, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებთ ამას და რა კუთხით გააკეთეთ ეს განცხადება?
- ეს ჩემი მოსაზრებაა, რომელსაც ყველა ერთად ვნახავთ. იმედია, დაადასტურებს ყველა, რომ მართალი ვიყავი. როგორც კი, ვიზა ლიბერალიზაციას მიიღებს საქართველო, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ აფხაზს და ოსს გაუჩნდება სურვილი მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა შეეცდება, რომ საქართველოს პასპორტებით იმოგზაურონ ევროპაში.
თქვენს ამ მოსაზრება, საფუძველი გააჩნია?
- რა თქმა უნდა. იცით, რომ დიდი ხანია საუბარი მიდის ვიზის ლიბერალიზაციაზე და შესაბამისად, ამ ადამიანების გარკვეულ ნაწილში არის მოლოდინი. ყველაში არა, მაგრამ მოსახლეობის 15-20% დაინტერესებულია ქართული პასპორტის აღებით.
გამომდინარე იქედან, რომ კონფლიქტების მიმართულებით მუშაობდით, თუ გქონდათ რაიმე შემოთავაზება, რომ ამ მიმართულებით გაგეგრძელებინათ მუშაობა უკვე სამთავრობო გუნდთან ერთად?
- რა თქმა უნდა, იყო შემოთავაზება და საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ განვიხილეთ და ჩავთვალე, რომ ეს სქემა არ იმუშავებდა. კარგ ხელფასს მივიღებდი, მაგრამ ჩემი ხმა და ჩემი აქტიურობა ნაკლები იქნებოდა.
შემოთავაზება მიიღეთ მას შემდეგ, რაც პარტიიდან წახვედით, თუ მინისტრობიდან წასვლის შემდეგ და ვისი მხრიდან იყო შემოთავაზება მოქმედი, თუ ყოფილი პრემიერისგან? როგორც ცნობილია, ყოფილი პრემიერისთვის საკმაოდ მისაღები ფიგურა ხართ...
- თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მივიღე შემოთავაზება, მაგრამ არ მინდა დეტალებზე დაწვრილებით ლაპარაკი. ჩემთვის საპატივცემულო ადამიანისგან იყო შემოთავაზება, მეგობარი ადამიანისგან, რომელიც გულწრფელად დაინტერესებულია ჩემი მომავლით და პერსპექტივებით. შემოთავაზებული იყო საკმაოდ საინტერსო პოზიცია და მადლობა მას ზრუნვისთვის, მექნებოდა კარგი ხელფასი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მაქვს პრობლემები, ჩავთვალე, რომ მარტო ხელფასისთვის არ უნდა დავსაქმდე. შემოთავაზება, რომელიც გაკეთდა, იქ ვერ დავინახე ჩემი ადგილი.
ანუ?
- მე ვერ დავინახე ჩემი ადგილი. ამიტომ, ძალიან დიდი მადლიერებით მომიწია უარის თქმა. როგორც უკვე გითხარით, ვერ დავინახე სად იყო ჩემი ადგილი. ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. მაშინ ყველაფერი უნდა ვთქვა.
ეს ნიშნავს, რომ შემოთავაზების შემთხვევაში საერთოდ გამორიცხავთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას?
- არა, არ გამოვრიცხავ. პირიქით, მე მოწადინებული ვარ ვითანამშრომლო. თუმცა, ჯობია ისეთი ურთიერთობები იყოს, სადაც ჩემი ადგილიც იქნება განსაზღვრული და ვიგრძნობ, რომ მე სასარგებლო ვარ.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თანამდებობა, რომელიც თქვენ შემოგთავაზეს ეს არის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. იმიტომ, რომ ძალიან დახურულ სივრცეში იყო ეს ყველაფერი, მაგრამ გამორიცხვის წესით ნუ წავალთ.
გასაგებია. რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“ დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის შეავსებს ოპოზიციურ სივრცეს და როგორც ამბობს, მასთან ერთად იქნებიან უკვე ყოფილი რესპუბლიკელებიც. თუ გქონდათ კონსულტაციები დავით უსუფაშვილთან?
- არანაირი კონსულტაცია არ მქონია. პარტიიდან რომ მოვდიოდი, მაშინ ველაპარაკე ბოლოს. დათო ჩემი მეგობარია და მასთან არანაირი კონსულტაციები არ მჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით ამ თემებზე არ გვისაუბრია, იმიტომ, რომ მე თვითონ არ მცალია.
დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პარტიაში იყო აზრთა სხვადასხვაობა, რაც გახდა პარტიის დაშლის მიზეზი. ბატონო პაატა, აზრთა სხვადასხვაობამ განაპირობა ის ვითარება, რომელიც ახლა ამ პარტიაშია?
- არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, იყო აზრთა სხვადასხვაობა. ამ უმრავლესობის აზრმა გაიმარჯვა პარტიაში, მაგრამ დამარცხდა სახელმწიფოში. ჩემი აზრი დამარცხდა პარტიაში და აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი. როდესაც ვნახე, რომ ჩემი აზრი დამარცხდა, უკვე ვეღარ დავინახე ჩემი ადგილი პარტიაში. გადაწყვეტილება მივიღე ბერად უფრო ადრე, ვიდრე სხვებმა. რა აზრი აქვს ვიყო იმ პარტიაში, სადაც ჩემი აზრი ვერ გამაქვს და მერე ვხედავთ, რომ ჩემი აზრი აღმოჩნდება მართალი. ჩემს ოპონენტებს რომ ჰკითხოთ, შეიძლება გითხრან, რომ არა - პაატა ცდებაო.
ვინაიდან ჯიუტად ვარ დარწმუნებული, რომ მართალი ვიყავი და ვგძნობ, რომ ჩემი ოპონენტები ჯიუტად თვლიან, რომ ისინი იყვნენ მართლები, აქ მორჩა ლაპარაკი. მათ დიდი პატივს ვცემ, არ მინდა ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი განსხვავებები პიროვნულზე გადავიდეს. მაგრამ, მათი უმრავლესობით პარტია წავიდა მარცხისკენ, ამიტომ აიღონ პასუხისმგებლობა იმათ, ვინც დაამარცხა პარტია და მართონ პარტია. არ მაქვს პრობლემა, მაგრამ მე უკვე ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ასეთ სიტუაციაში. ძალიან მარტივია ამის გაგება.
პასუხისმგებლობის აღებაში რას გულისხმობთ?
- როდესაც გვაკრიტიკებდნენ, გვიტევდნენ და გვიტევდენში ვგულისხმობ მთლიანად „ქართულ ოცნებას“ (რაღაცეები კეთდებოდა, რაღაცეები ისე ვერ კეთდებოდა, როგორც იყო საჭირო, იდეალური არაფერი არ არსებობს, ღმერთმა დამიფაროს, რომ ყველა ჩემი თვალით უყურებდეს სამყაროს), როცა გვაკრიტიკებდით თქვენ და საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ აგვეხსნა სიტუაცია და გვერდში დავდგომოთ კოალიციას, ხშირად ჩნდებოდა განცდა, რომ ჩვენ ვიყავით სხვა და კოალიცია სხვა.
ჩვენ კი არ გვაკრიტიკებდნენ, არამედ კოალიციას აკრიტიკებდნენ, ჩვენ ხშირად ვდგებოდით ამ კრიტიკის ფერხულში სხვადასხვა გამონათქვამებით, თუ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარებით. მიმაჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით კოალიციაში მყოფი პარტია და გადამეტებულად ოპოზიციურად ვიქცეოდით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ თავზე აგვეღო პასუხისმგებლობა. ხშირად უსამართლოდ ლანძღავდნენ „ქართულ ოცნებას“, დაუმსახურებლად, თუმცა ზოგჯერ შეიძლება საფუძვლიანადაც. რატომღაც ჩვენ ძალიან ხშირად იმ ბანაკში აღმოვჩნდებოდით, ვინც აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას“, ანუ ჩვენ თავს.
ამაზე თუ გქონდათ პარტიაში საუბარი?
- რა თქმა უნდა, ამაზე პარტიაში რამდენჯერმე იყო კამათი, რადგან ეს იყო ჩემთვის მიუღებელი და აღმოჩნდა, რომ მე უმცირესობაში ვიყავი. თუ ხარ ხელიუფლებაში, რაღაცა ტალახი შენც უნდა მიისხა. ასე არ არის, ყველაზე განვითარებულ სხელმწიფოშიც კი არ არის იდეალური ხელისუფლება. ამიტომ, რაკი მოხვედი კოალიციაში, ხარ თანამდებობაზე, გაქვს ხელფასი, კეთილი ინებე და პასუხისმგებლობაც იკისრე. საკმარისი იყო ოპოზიციას რაღაცა ერთქვა „ქართულ ოცნებაზე“, რომ ჩვენც რაღაცნაირად შევიშმუშნებოდით და გვრცხენოდა.
უკეთეს შემთხვევაში, ხმას არ ამოვირებდით, დავდუმდებოდით, უარეს შემთხვევაში კი, ჩვენც მივამატებდით ჩვენი კრიტიკის გარკვეულ რაოდენობას. მე მიმაჩნდა, რომ ეს არასწორია. კი ბატონო, ხელისუფლება ყოველთვის საკრიტიკებელია, უნდა ვაკრიტიკოთ, მაგრამ მაშინ გავიდეთ რა გარეთ და გარედან ვაკრიტიკოთ, ოპოზიციიდან, მაგრამ არა შიგნიდან, თან იყო თანამდებობაზე, იღებდე ხელფასს და თან აკრიკიდებდე ხელისუფლებას, ეს არ არის ნორმალური ამბავი. ეს არის ჩემი პოზიცია.
სწორედ იმიტომ, რომ უმცირესობაში იყავით, რამდენადაც ვიცი, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდში გქონდათ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული...
- კი ბატონო, ასე იყო.
რატომ არ დატოვეთ მაშინ „რესპუბლიკური პარტია“?
- მაშინ პარტია არჩევნებისთვის ემზადებოდა, ამიტომ ჩემი წამოსვლით ძალიან დავაზარალებდი პარტიას. ეს მორალურად არ იქნებოდა სწორი, ეს იქნებოდა ძალიან დიდი დარტყმა პარტიისთვის, რაც ჩემთვის ყოვლად დაუშვებელი იყო. პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ მქონდა მიღებული, როდესაც თანამდებობიდან წამოვედი. მაშინ მქონდა არჩევანი, რომ დავრჩენილიყავი მინისტრად და წამოვსულვიყავი პარტიიდან, მაგრამ არ დავრჩი მინისტრად. წამოვედი და შევინარჩუნე პარტიაში ყოფნა, საიადანაც წამოსვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა. ეს ღირსების საკითხია.