კახა კალაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბრუნდება, რაც შეეხება სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს ოთარ დანელიას, საქმიანობას პარლამენტში გააგრძელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის განახლებულ სამთავრობო გუნდში არ იქნებიან - ნოდარ ჯავახიშვილი, ნოდარ ხადური, გიორგი მღებრიშვილი და მიხეილ გიორგაძე. აღმასრულებელი ხელისუფლება საკადრო ცვლილების მოლოდინშია.
სამთავრობო და საპარლამენტო სტრუქტურების ფორმირების მიზნით „ქართული ოცნება“ კონსულტაციებს მართავს. პარტიის წევრები კონსულტაციების დასრულებამდე სამომავლო გეგმების შესახებ არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ კონსულტაციები სავარაუდოდ 10-11 ნოემბრისთვის დასრულდება.
გიორგი კვირიკაშვილს რომ სამთავრობო ცვლილება გადაწყვეტილი აქვს, ამაზე თავად პრემიერ-მინისტრმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებები მოსალოდნელია მთავრობაში და, მათ შორის ეკონომიკურ გუნდში. ჯერჯერობით არ სახელდება კონკრეტული დეტალები, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ისევ ენერგეტიკის მინისტრად ბრუნდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეორე ნომერი კახა კალაძე.
„ვფიქრობ, ალბათ, უფრო მთავრობაში დავბრუნდები, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან და გუნდთან ერთად ამაზე აუცილებლად იქნება მსჯელობა. არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი ვინ რა თანამდებობაზე იქნება, ჩვენ ყველამ უნდა განვახორციელოთ ის ამბიციური გეგმა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს წარმოდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძისგან განსხვავებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ ბრუნდება სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, რომელიც საქმიანობას პარლამენტში გააგრძელებს. ახალ მთავრობაში არ იქნებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლებს, ეკონომიკის სამინისტროს სავარაუდოდ ბიზნეს-ომბუცმენი გიორგი გახარია ჩაიბარებს. თანამდებობის დატოვება შესაძლოა კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძესაც მოუწიოს.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე დაიკავებს. თავად დოლიძე ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, კონსულტაციები ამ მიმართულებით დაწყებულია.
გარდა ამისა, პოლიტიკურ კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობას დაემშვიდობება შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს. თავად მამუკა მდინარაძე უარყოფს შს მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვას და აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას საფუძველი არ გააჩნია და არც არანაირი კონსულტაცია არ გამართულა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ სამთავრობო გუნდის დაკომპლექტება და მასში ცვლილებების განხორციელება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და ამაზე კომენტარს სწორედ პრემიერი გააკეთებს. როგორც კობახიძე ამბობს, „ქართულ ოცნებას“ აქვს კონკრეტული გეგმა, რომლითაც ხელისუფლების ყველა ორგანო იმოქმედებს.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ასახულია ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში და ხელისუფლების ყველა ორგანო იმოქმედებს ამ გეგმის, წინასაარჩევნო პროგრამის შესაბამისად. ეს არის ძალიან ამბიციური და ამავდროულად რეალისტური დოკუმენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, თავისთავად მისასალმებელია, რომ ბოლოს და ბოლოს პროფესიონალიზმი აღზევდა, რომელიც პოლიტიკურ კუთვნილებას ასე ძალიან აკლდა. მისი თქმით, ვიქტორ დოლიძის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლება, შეიძლება გზამკვლევი აღმოჩნდეს დანარჩენი პროფესიონალებისთვის, რომ ერთპარტიულობა მთავრობის შემადგენლობაში მაინც არ დამკვიდრდეს.
რაც შეეხება დიასპორის საკითხებში მინისტრის სავარძლის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადატანას, როგორც ცისკარიშვილი ამბობს, ერთი შეხედვით ბუნებრივია, მაგრამ რეალობა ნაკლებად მიმზიდველია.
„ეს ნამდვილად შესაძლებელი ცვლილებაა და არა მგონია რაიმე სახის გაუარესება მოხდეს დიასპორასთან ურთიერთობისას ჩვენი მთავრობის მხრიდან. რაც შეეხება ცვლილებებს, მაგალითად ჩემთვის გაუგებარია წარმატებული ეკონომიკის მინისტრი, რატომ აღარ უნდა იყოს მინისტრი, მით უმეტეს, თუ მის ნაცვლად ამ თანამდებობას მიიღებს ბიზნეს-ომბუდსმენი, ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესის ერთ-ერთი ფავორიტი. არ მსმენია, რომელიმე ერთი საქმე, როდესაც ბიზნესმენს კმაყოფილება გამოუხატავს ომბუდსმენის საქმიანობის გამო.
ეს შეიძლება ჩემი „გაუნათლებლობის“ ბრალია, მაგრამ როდესაც ქვეყანაში არსებობს ომბუდსმენის ინსტიტუტი, უპრიანი იქნებოდა, რომ იმავე სტატუსით ყოფილიყო სისტემაში. ვნახოთ, ახალი სახე კარგია, მაგრამ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფრო ნაკლებად იგუებს ხოლმე ახალ სახეებს, მით უმეტეს, თუ ასეთი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება პირველი შემთხვევაა დასახელებული კანდიდატისთვის“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
რაც შეეხება მოსალოდნელ სხვა საკადრო ცვლილებებს, ცისკარიშვილი ამბობს, რომ საინტერესო იქნება პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინოთ მიზეზები, რის გამო იცვლებიან ეს მინისტრები.
„აქამდე ვიცოდით, რომ ყველა მინისტრი ძალიან წარმატებულია, წარმატებული თუ არიან, მაშინ რატომ არ რჩებიან თავიანთ თანამდებობებზე?! იცით, ასეთი გადანაცვლებები არითმეტიკულ ჭეშმარიტებას მახსენებს - შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.