ერთადერთი, რისი თქმაც შეუძლია დავით უსუფაშვილს ისაა, რომ თინა ხიდაშელი არ გეგმავს მის დატოვებას, სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ სახელმწიფო თუ სასამართლო პოსტის დაკავებას არ აპირებს, იქნება დამოუკიდებელი და აქტიურ ოპოზიციონრობას მათთან ერთად გააგრძელებს, ვინც ენერგიით დამუხტულია...
რა იქნება დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკული პარტიის“ გარეშე და, პირიქით, -„რესპუბლიკური პარტია“ მის გარეშე? ნიშნავს თუ არა უსუფაშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკური ტაიმ-აუტის აღებას? ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ესაუბრა.
ქართულ პოლიტიკურ სპექტრს რადიკალური ცვლილებების ტალღამ გადაუარა. წონადი პოლიტიკური ლიდერები საკუთარ პარტიებს ტოვებენ. არადა, საქართველოში პარტიის ცნება ხშირად საკუთარ ლიდერთან ასოცირდებოდა. რა ხდება, ქართული პოლიტიკა ნთქავს თავის შვილებს?
- ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა სრულიად არასწორი პარტიული ცხოვრებით იცხოვრეს, არ ცდილობდნენ კავშირს ამომრჩეველთან, საკუთარ თავში იყვნენ ჩაკეტილნი, საკუთარი ნაჭუჭებიდან ვერ გამოდიოდნენ. ამ დროს ყოველდღიურად კარდაკარ უნდა ევლოთ და მაშინ ამ ჩაკეტილობის გამო არ აღმოჩნდებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ის, რაც ქართულ ოპოზიციურ სპექტრს დაემართა, არაფერია, თუ არა თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნა. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ერთსა და იმავე კონკურენტულ სივრცეში „ნაცმოძრაობასაც“ კი ვერ აჯობეს. სხვა კონკურენტებს როცა ვერ ჯობნის, ეს სერიოზული საგანგაშო სიგნალია. საერთო ჯამში, ისინი აღმოჩნდნენ პროცესებს მიღმა, რეალობის მიღმა. ეს გონზე მოსვლის პერიოდია, როდესაც პოლიტიკური სუბიექტები უკვე ცდილობენ არა პარტიული, არამედ პიროვნული კუთხით შეხედონ გადალაგებულ პროცესებს და ახალი რეალობისკენ ადაპტირება დაიწყონ. ვინც პოლიტიკურად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება, ის გააგრძელებს ამ პროცესს.
თუკი ამ არეულ ქვეყანაში ერთხელ უკვე ვერ მიაღწიეს წარმატებას, სადაც ადვილი იყო ხალხის განწყობაზე თამაში, ხალხის სიმპათიებზე ნადირობა, მომავალში, როცა „ქართული ოცნება“ აყვავებას გვპირდება, რა რესურსები ექნებათ ერთ მდინარეში ორჯერ შესულ ამ ძალებს?
- პერსპეტივა ყოველთვისაა, რადგან ბუნებაში არ არსებობს იდეალური ხელისუფლება. რაგინდ დადებითი განწყობა არ უნდა შეინიშნებოდეს „ქართული ოცნების“ მიმართ, შეუძლებელია, ვთქვათ, რომ ცალკეული პოლიტიკური სუბიექტი იდეალურია. ლოგიკურია, „ოცნება“ შეცდომის დამშვებია. განა იმიტომ, რომ „ოცნებაა“, არამედ ნებისმიერი ხელისუფლება უშვებს შეცდომებს. თანაც, მათ ხელშია ძალიან დიდი ძალაუფლება. თუ მოახდინეს თვითმონიტორინგი, ხომ კარგი, მაგრამ მაინც ექნებათ გადაცდომები. საზოგადოებას კი აქვს მძაფრი მოლოდინი მომავალთან მიმართებით. ამიტომ უკმაყოფილების ტალღა იქნება. „ნაცმოძრაობის“ საფრთხობელობის თემამ დღეს კიდევ გაქაჩა, ხვალ კი ის ვეღარ გაქაჩავს, რადგან „ნაცმოძრაობამ“ უკვე მიიღო დაჩიავებული, გაუბედურებული სახე, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვებულის ტიტული. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობით“ ხალხის დაშინება შეუძლებელი გახდება. დიდი ალბათობით, 2020 წლისთვის „ნაცმოძრაობის“ ეფექტი უკვე აღარ ექნება „ქართულ ოცნებას“. ამიტომ საჭირო გახდება ოპოზიციური სივრცე, კრიტიკული, საქმიანი შეფასება, ოპონირება, რისი შესაძლებლობაც გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს.
იგივე დავით უსუფაშვილი საკმაოდ მაღალი დინამიკით ხასიათდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ის იყო „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, მისი ხელმძღვანელი (ამ მხრივ საშუალოზე წარმატებული), ის იყო პარლამენტის თავმჯდომარე.
მაგრამ რა იქნება დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკელებს“ მიღმა?
- „რესპუბლიკელებს“ მიღმა დავით უსუფაშვილი რა იქნება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ უკვე ჩანს შტრიხები, როგორი უნდა იყოს იგი. მე მგონია, რომ უსუფაშვილმა არ უნდა გააკეთოს აქცენტი ე.წ. ცნობილ პოლიტიკოსებზე, იქნება ეს მარგველაშვილი, თუ ალასანია, რასაც მოიაზრებენ კიდეც. ალბათ, ამაზე საუბარი იმიტომ მიმდინარეობს, რომ მათ მაინც საერთო პლატფორმული სივრცე აქვთ. უსუფაშვილის პერსპექტივა არის იქ, სადაც ის იქნება წარმმართველი, სადაც ის თავად იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი და შექმნის სრულიად ახალ პოლიტიკურ ძალას. არა ალასანიებს, არა მარგველაშვილებს, არა ხმალაძეებს, არამედ სრულიად ახალ პოლიტიკურ სივრცეს, თანამედროვე პოლიტიკურ პარტიას. ახალ სახეებში ვგულისხმობ ცნობად, მაგრამ არაპარტიულ პირებს. შესაძლოა, მათ პარტიული ცხოვრების გამოცდილება არც ჰქონდეთ, მაგრამ საკმარისი დრო რჩება ამ ადამიანების ცნობადობის გასაზრდელად. თუ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის გზას არ დაადგება, რომ ტელევიზიებს დაახურინოს თოქ-შოუები და დებატები, მაშინ თვითონ ტელევიზიები, პრესა, მედია ითხოვს ოპოზიციონრებს. დამიჯერეთ, თუკი მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ ან „პატრიოტთა ალიანსი“ ყოველდღიურად იქნება მიწვეული ყველა არხზე, ეს თავისთავად არ იქნება საინტერესო. ახალი მთავრობისა და ახალი პარლამენტის ფორმირების პროცესი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ უკვე ყველგან ჩნდება იმის მოთხოვნა, რომ ახალი ადამიანები გამოჩნდნენ კრიტიკულ ოპოზიციურ ნიშაში. შემიძლია გითხრათ, როგორი უნდა იყოს თანამედროვე პოლიტიკოსი საქართველოში ოპოზიციის კუთხით. ის არ უნდა იყოს „ნაცმოძრაობის“ დემაგოგი, შემაშინებელი, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამომხატველი. არ უნდა იყოს უაზროდ ფანატიკურად პატივმოყვარე, უნდა იყოს კრიტიკული, საქმიანი და შეეძლოს თანამშრომლობა ხელისუფლებასთან.
უსუფაშვილი ამბობს, რომ 2-3 თვეში ყველა იმ ძალასთან აპირებს კონსულტაციებს, ვინც ცვლილებებისთვის ეფექტურ გზებს ეძებს. მესამე ძალად ვერ ხედავთ „რესპუბლიკელთა“ ყოფილ ლიდერს?
- უსუფაშვილი თუკი შექმნის დამოუკიდებლად პოლიტიკურ პარტიას და აბსოლუტურად ახალ პოლიტკურ პლატფორმაზე, ახალ პერსონაჟებზე, ახალ ლიდერებზე გადაერთვება, მას პერსპეტივა აქვს. საუბარი არ უნდა იყოს გამოცდილ ლიდერებზე, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, ვერ მიიღეს ხმები, რადგან ყველა ასეთ პარტიას ჰყავდა თავისი უსუფაშვილი - „რესპუბლიკელები“, ალასანია - „თავისუფალი დემოკრატები“, ბურჯანაძე -„დემოკრატიული მოძრაობა“. ამ დროს კი ვერც ერთმა ამ პიროვნებამ ვერ გაიმარჯვა. ანუ პიროვნებებმა ვერ დადეს მიხეილ სააკაშვილის რეიტინგის ნაგლეჯიც კი. ამიტომ თუ უსუფაშვილი დაიწყებს ამ გამოცდილ, მაგრამ გაცვეთილ სახეებთან ურთიერთობას, ეს მას არ წაადგება.
რატომ მიგაჩნიათ, რომ უსუფაშვილს ბევრად მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე ალასანიას ან მარგველაშვილს?
- იმიტომ, რომ უსუფაშვილი მთლიანად დინამიკაშია. ის იყო „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე. სხვათა შორის, პარლამენტის თავმჯდომარე რომ გახდა, პირველ დღეს დასცინოდნენ კიდეც. 2012 წლის დროინდელი ძველი კადრები გაიხსენეთ, მაგრამ ამ ადამიანმა მოახერხა პატივისცემის მოპოვება. ის პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თავმჯდომარე გახდა. ერთადერთი ცუდი ნაწილი, რაც უსუფაშვილს აქვს, ისაა, რომ მას გასული წლების შეცდომებს წამოაძახებენ. გარდა ამისა, გაუხსენებენ იმასაც, რომ არჩევნების წინ „რესპუბლიკური პარტიის“ აქტივისტის დონეზე დაეცა და გააკეთა უარყოფითი განცხადებები ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით. სხვა მხრივ უსუფაშვილს სივრცე გააჩნია და ის არ არის გაცვეთილი.
ადრე ჩვენთან საუბარში ამბობდით, რომ „რესპუბლიკელები“ კალიებივით არიან, გადაძოვენ ერთ ადგილს და სხვა ადგილზე გადადიან. ახლაც ეს ეტაპი დადგა?
- კალიებთან შედარებას რაც შეეხება, აქ მთავარი ის არის, რომ ლოკომოტივზე ორიენტირსაც გაუვიდა თავისი ყავლი. „რესპუბლიკელები“ უკვე წამგებიანი პარტიაა, შიგნით ერთმანეთის მიმართაც დაიწყეს ქილიკი. „თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, „რესპუბლიკელებსაც“ არ ეყოთ გონიერება, ეს ყველაფერი ჩუმ დონეზე გაეკეთებინათ და არა- საჯარო ოპონირების რეჟიმში. „რესპუბლიკური პარტია“ როგორც იყო, ამ ფორმით უკვე შეუძლებელი გახლდათ რაიმე პერსპექტივაზე საუბარი. ზუსტად წინა ხანებში ვლაპარაკობდი, ბერძენიშვილებისგან თუ არ გათავისუფლდებოდა „რესპუბლიკური პარტია“, მას პრობლემა შეექმნებოდა. პრაქტიკულად, ბერძენიშვილებს ვერ დაატოვებინეს „რესპუბლიკური პარტია“, მაგრამ ყველა გაეცალა.
ამის მიუხედავად, დავით უსუფაშვილი დიპლომატიურად მადლობას უხდის დავით ბერძენიშვილს, რადგან სწორედ მან აქცია პოლიტიკოსად.
- ასე ყველაზე წარმატებული მოსწავლე - არისტოტელეც დაუპირისპირდა საკუთარ მასწავლებელს - პლატონს. ასეთი რამ ხდება, ოღონდ, გააჩნია, როგორი ფორმით ხდება. ამიტომ ამ ქვეყანაში უნდა განსაზღვრონ, ვინ არის პოლიტიკოსი, ვინ არის აღმასრულებელი, ვინ უნდა მისცეს საკუთარი თავი ხელისუფლებას იმისთვის, რომ, როგორც სპეციალისტი და შემსრულებელი, გამოიყენონ. მაგალითად, სიტყვაზე, გიორგი ვაშაძე ჩემთვის არის ადამიანი, რომელმაც სასწაულები მოახდინა რეესტრში, მაგრამ პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე სრულიად წარუმატებელი პერსპექტივის მქონეა. როცა მიხვდება ამას, შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ მასთან ძალიან კარგადაც ითანამშრომლოს. ვიქტორ დოლიძე, როგორც საჯარო პირი, როგორც დიპლომატი, ჩემთვის ყველაზე მაღალი საზომით შეფასებადი სუბიექტია. მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პოლიტიკოსად ვერ ვხედავ. უბრალოდ, ის არის დიპლომატი, შემსრულებელი. ამიტომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ, ვინ არის პოლიტიკოსი და ვინ არის შემსრულებელი. პოლიტიკოსს სჭირდება არა მხოლოდ ფული (რაც მნიშვნელოვანია), არა მხოლოდ ადამიანური რესურსი, არამედ ხალხთან სწორი ურთიერთობა.
თანამედროვე პოლიტიკა მთლიანად საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესია. თუნდაც იგივე „ნაცმოძრაობა“ წინა წლებში ყველაზე მეტად გრძნობდა საზოგადოების მოთხოვნას. თუ როგორ პასუხობდა ამ მოთხოვნას, ეს სხვა თემაა, მაგრამ ზუსტად იჭერდა, რა სჭირდებოდა საზოგადოებას. დღეს „ნაცმოძრაობა“ ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილია. ისინი ვერ ხვდებიან, 2016 წელს თანამედროვე პოლიტიკაში რა ტენდენციებია, როგორ უნდა მოერგონ ამ პოლიტიკას. ეს პერიოდი გასავლელია. ვფიქრობ, ამ პროცესში უსუფაშვილს ყველაზე მეტი შანსი აქვს, თუკი ის მოინდომებს და სწორად მიხვდება სამომავლო ორიენტირს. თუ არადა, მოხდება ის, რასაც ვამბობდი 2012 წელს, როცა ნელ-ნელა გაჩნდა ე.წ. მესამე ძალაზე მოთხოვნილება. იმხანად ჩემი მოსაზრება ასეთი იყო, რომ მესამე ძალის პერსპექტივა ჰქონდა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც შეეძლო ეს ძალა თავისი წიაღიდან ეშვა. ზუსტად ასე მოხდა. ვისაც ახალი უნდოდა (და არა მეჭიაურები, არა თოფაძეები), „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ შეითავსა. წმინდა ბიზნესრეგულირების პრინციპით შეიძლება „ოცნების“ მართვა. ანუ სამომავლოდ შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ თავისი გუნდის ნაწილი გამოეყოს, შიგნითვე შეიქმნას დამოუკიდებელ გუნდად, 2020 წლის არჩევნებს ეს გამოყოფილი გუნდი განახლებული სახით შეხვდეს და მიიღოს უფრო მეტი პერსპექტივა. საერთო ჯამში, გავლენა და მართვა ისევ ერთი და იმავე პირის იქნება, ანუ მათ უკან ვინც დგას, ისევ ის იდგება მუდმივად. ოღონდ მიეწოდება ამომრჩეველს განახლებად ან, ზოგ შემთხვევაში, რებრენდინგულ პროდუქტად. ასე რომ, „ქართულ ოცნებაში“ საინტერესოდ მიმდინარეობს ეს პროცესი. თუ ამას ვერ აუწყეს ფეხი კონკურენტმა პარტიებმა, თუ დარჩნენ იმავე ეპოქაში და ძველებური წესებით დაიწყეს თამაში, არაფერი გამოუვათ. თანამედროვე პოლიტიკური გარემო ეს არის ბიზნესისა და მარკეტინგის სივრცე. „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს პერსპექტივა, თვითონვე შექმნას ოპოზიციაც. მეტსაც გეტყვით, მას შეუძლია, თავად შექმნას საპარლამენტო ოპოზიციაც. საამისო თეორიული შესაძლებლობა დიდია.