ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ამდენი მეორე ტური არ უნდა ყოფილიყო, თუმცა განმარტავს, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს - ბევრი ბიულეტენი გაყალბდა.
„თუ გაქვთ ინფორმაციები, შეგიძლიად დააზუსტით, ვინ გააყალბა და რატომ. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების ნახევარს შეეძლო პირველ ტურში გამარჯვება, თუმცა, რატომღაც გაყალბდა ძალიან ბევრი ბიულეტენი. ამის ოსტატები სად იყვნენ და როგორ იყვნენ, კარგად იცით და, ალბათ, იქიდან მოდიოდა ესეც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
30 ოქტომბერს, საქართველოს 50 მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. აქედან თბილისის 18 და რეგიონების – 32 ოლქში. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში დაინიშნა, სადაც კანდიდატმა „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შესძლეს.
გარდა ამისა, უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში, ხოლო ხუთ ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩარდება. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთის მთავარი კონკურენტი „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ურთიერთ ბრალადებისა და ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა. საერთო ჯამში კი, არჩევნების მეორე ტური თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში წარიმართა. საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“.
წინასწარი მონაცემებით, პრაქტიკულად ყველა საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. თუმცა, მიუხედავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მოწოდებისა, პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა არ დაფიქსირდა.
თბილისის საარჩევნო ოლქებიდან, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ორ ოლქში კრწანისის მე-7 და გლდანის 21-ე ოლქებში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე პასიური იყო ისნის მე–9 ოლქი. რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთაში, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა გორის 41-ე ოლქში დაფიქსირდა.
ექსპერტების შეფასებით, მეორე ტური ყოველთვის ყველა ქვეყანაში და ყველა დროში დაბალი აქტივობის ტურია. ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ნებისმიერ სიტუაციაში მეორე ტურში აქტივობა არის დაბალი, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან საკმაოდ დაბალი იყო აქტივობა, რამაც შეიძლება გარკვეული სიურპრიზის წინაშე დაგვაყენოს. რაც შეეხება მიზეზებს, ძაბირაძის შეფასებით, როგორც ჩანს, ამომრჩეველი საკმაოდ იმედგაცრუებულია.
„როგორც წესი, მეორე ტურში აქტივობა ყოველთვის დაბალი იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი იმედგაცრუებულია იმ შედეგებით, რაც შედეგებიც ძირითადად პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევენების შემდეგ მიიღო. ამიტომ, საჭიროდ არ ჩათვალა მეორე ტურში დიდი ძალისხმევის განხორციელება“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
ამომრჩეველთა პასიურობას მმართველი გუნდის პირველ ტურში გამარჯვებად ხსნის ექსპერტი რამაზ საყვარელიძე და აქვე აცხადებს, რომ დაბალი აქტივობა პოლიტიკური პროცესისთვის კარგი არ არის.
„როგორც წესი, მეორე ტური ყოველთვის, ყველა ქვეყანაში და ყველა დროში არის დაბალი აქტივობის ტური. ადამიანის ერთხელ მიყვანა არის რთული საარჩევნო უბანზე, მით უმეტეს იმ მოსახლეობის, რომლის 51% მივიდა პირველ ტურში, რა თქმა უნდა, მეორე ტურში გამოყვანა კიდევ უფრო რთულია.
გარდა იმისა, რომ მეორე ტური დაბალი აქტივობის ტურია, მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ რადგან იმარჯვებს „ქართული ოცნება“, ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ გამარჯვებული მაინც გამარჯვებულია და ამიტომ დაიზარა საარჩევნო უბანზე წასვლა, რაც თავისთად არ არის კარგი პოლიტიკური პროცესისთვის“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ დაბალი აქტივობა მეორე ტურის სინდრომია, ერთადერთი შემთხვევა იყო მერის არჩევნები, როდესაც მაღალი აქტივობის მუხტი შენარჩუნდა.
„ერთი მხრივ, ის კამპანია, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით შეიძლება მოსულიყო, მეორე მხრივ თვითონ „ქართული ოცნების“ ძალიან მშვიდმა მდგომარეობამ ამომრჩეველს არ უბიძგა მუხტის შენარჩუნებისკენ, რომ მისულიყო არჩევნებზე. სრულიად ახსნადი პროცესია.
ვფიქრობ, 30% სრულიად ნორმალური ვითარებაა, იმ წინაპირობებთან დაკავშირებით, რაც არსებობდა. სავსებით პროგნოზირებადი პროცესი იყო. რომ ყოფილიყო იგივე ვითარება, როგორც პირველ ტურში, ასეთ შემთხვევაში მეორე ტურში მეტ-ნაკლებად შენარჩუნელი იქნებოდა მუხტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ამომრჩეველი არ გძნობდა თავს იმდენად მნიშვნელოვნად, როგორც პირველ ტურში“, – აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.