მთავრობა ახალი ძალით ემზადება ქვეყნის სამართავად და როგორც ცნობილი გახდა, სამინისტროების მიმართულებით გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არ არის, თუმცა როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება და აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.
„სჯობს დავიცადოთ, იმიტომ, რომ ეს არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს. 30 ოქტომბერს არის მეორე ტური და გვინდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ პარლამენტში წარსდგეს მთავრობა. არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, თუ ამას კითხულობთ, მაგრამ გარკვეული პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამაზე შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რამდენად ეფექტურ ცვლილებებს გეგმავს მთავრობა, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ დეტალურად არ არის ცნობილი რა ტიპის ცვლილებებზე იქნება საუბარი, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე აცხადებს, რომ რეფორმა არაეფექტური იქნება და სამინისტროების გაერთიანება არ ნიშნავს ბიუროკრატიის შემცირებას.
ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ზოგადად, დიდი ბიუროკრატიის პრობლემა ყოველთვის ჰქონდა საქართველოს ნაციონალების დროსაც და ახლაც. მისივე განმარტებით, საქართველოს მცირე მთავრობა უნდა ჰყავდეს, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ბიუროკრატია საკმაოდ დიდი დოზით არის წარმოდგენილი და ეს პრობლემა ადრე თუ გვიან, მოსაგვარებელია.
„როდესაც საუბარია ოპტიმიზაციაზე, ეს ავტომატურად ბიუროკრატიის შემცირებას არ ნიშნავს. თუ რომელიმე სამინისტროს სახელს შეუცვლი და დეპარტამენტს დაარქმევ, ამით არაფერი შეიცვლება და არც ბიუროკრატია შემცირდება. უნდა მოხდეს ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმირება, თუმცა მანამდე საჭიროა გაანალიზება და გააზრება რა და როგორ გვინდა. ასე ნაუცბათევად და მექანიკურად დაშლა სიკეთეს არ მოიტანს. ცუდია, რომ ამდენი სამინისტრო გვაქვს, მაგრამ თუ რეფორმას ვატარებთ ჯერ კონცეფცია უნდა შეიქმნას, რის საფუძველზეც ეს რეფორმა გატარდება. სხვა შემთხვევაში ეფექტი იქნება ნულთან ახლოს“, - მიიჩნევს ძაბირაძე.
როგორც ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, ერთ-ერთი არგუმენტი ცვლილებებისთვის წესით, უნდა იყოს ბიუროკრატიის შემცირება, რადგან ხშირად, მათ შორის, არჩევნების მიმდინარეობის ეტაპზეც ბევრს საუბრობდნენ ამ თემაზე - რომ ამ ხელისუფლებამ ბიუროკრატიული ხარჯები მაქსიმუმამდე აიყვანა.
„მეორე მხრივ ყველა ცვლილება უნდა ეყრდნობოდეს გარკვეულ კონცეფციას. თუკი არის რაღაც სფერო, სადაც განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო, იქ ცალკე სტრუქტურა კეთდება-ხოლმე. რიგ ქვეყნებში და ჩვენთანაც ასე შეიქმნა ევროპული ინტერგრაციის სამინისტრო. სხვაგან სად ხედავს ხელისუფლება ასეთ პრობლემებს, ან სად აღიქვამს, რომ პრობლემები შედარებით იოლია და უწყებათა გაერთიანების შედეგად ხარჯებიც შემცირდება, ეს უკვე ხელისუფლების ხედვაზეა დამოკიდებული და უკეთესია, თავად ისაუბრონ ამ თემებზე“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მართალია მთავრობის მეთაური სამთავრობო ცვლილების დასაწყებად არჩევნების მეორე ტურის დასრულებას ელოდება, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ მხოლოდ რეფორმის მოსამზადებლად, რომელიც რეალურად შეამცირებს ბიუროკრატიულ მექანიზმს, დაახლოებით ერთი წელი მაინც არის საჭირო.
„თეორიული ბაზისის შექმნის შემდეგ მის განხორციელებას დიდი დრო აღარ დასჭირდება, თუმცა კონცეფციის შესაქმნელად ნახევარი წლიდან ერთ წლამდე დრო ალბათ, საჭიროა“, - მიიჩნევს ძაბირაძე.
გია ხუხაშვილის შეფასებით, სტრუქტურული ცვლილებები თავისთავად არ გულისხმობს ბიუროკრატიის შემცირებას და იმდენად ბიუროკრატიის რაოდენობის პრობლემა არ გვაქვს, რამდენადაც სისტემის ეფექტურობის.
„ამ მხრივ გარკვეული ოპტიმიზაცია თუ მოხდება ცუდი არ იქნება, რადგან ჩვენ გვაქვს ერთჯერადი ამოცანების სამინისტროები - მნიშვნელოვან, თუმცა ერთჯერად ამოცანებზე ორიენტირებული, რომლებიც სავსებით შესაძლებელია, დეპარტამენტის სახით იყოს წარმოდგენილი. მაგალითად, ევროინტეგრაციის სამინისტრო თავისუფლად შეიძლება იყოს წარმოდგენილი საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტის სახით, რადგან ძირითად საქმეს მაინც საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს. დევნილთა სამინისტრო იქნება ეს თუ რეინტეგრაციის, დეპარტამენტების სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროც გაუგებარია, რადგან სპორტი ფედერაციებით უნდა იმართებოდეს, ახალგაზრდობის სამინისტროც არ ვიცი, რას ნიშნავს. ამ მიმართულებით ბევრი რაღაც შეიძლება შეიცვალოს, რადგან ეს არ არის სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტრადიციული ინსტიტუციები“,- აცხადებს ხუხაშვილი.
რაც შეეხება ეკონომიკურ ბლოკს, გია ხუხაშვილის განმარტებით სწორია, როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ მათი გაერთიანება არ იგეგმება, რადგან წარმოუდგენელია ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების გაერთიანება, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეორგანიზება არ იქნებოდა ამ ეტაპზე სასურველი, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ სოციალურ სფეროს მიცავს და სამწუხაროდ, სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის გარეშე ვერ იფუნქციონირებს.
„თუმცა აუცილებლად უნდა გაიმართოს ფართო კონსულტაციები და ამის შედეგად გადაწყდეს რეორგანიზაცია“, - მიიჩნევს ხუხაშვილი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დასაქმებულთა დიდი რაოდენობა სწორედ საჯარო მოხელეებზე მოდის, ბიუროკრატიული მექანიზმის რეალურად შესამცირებლად ხელისუფლებას ალბათ, დიდი ძალისხმევა დასჭირდება და რეფორმაც საკმაოდ მტკივნეული იქნება.
როგორც ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, ამ შემთხვევაში მარტივი კითხვა უნდა დავსვათ, რა გვირჩევნია, ბიუროკრატიას ვუხადოთ ხელფასი, თუ მოვძებნოთ მექანიზმი, რომ უმუშევრობის პრობლემა უფრო არ გამწვავდეს და ბიუროკრატია ისე შევამციროთ.
„დიდი ბიუროკრატიისთვის გადახდილი ხელფასები არის ფული, რომელიც პრაქტიკულად არაფერს ხმარდება, ხოლო გაზრდილი ბიუროკრატია პირიქით, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. თანდათანობით უნდა მოხდეს გადასვლა ახალ სტრუქტურაზე ისე, რომ ადამიანებს მიეცეს ადაპტირების და ახალი სამუშაო ადგილის მოძებნის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უკმაყოფილებას გამოიწვევს. პირადად მე, იმ ადამიანებს, ვინც შემცირებაში მოჰყვებოდა ერთი წლით ხელფასს შევუნარჩუნებდი, რომ უმტკივნეულოდ მოეძებნათ თავიანთი ადგილი. ეს უფრო ეფექტური იქნება შემდგომში ქვეყნის განვითარებისათვის ვიდრე ის, რომ უმუშევრობის ზრდის შიშით იმავე სისტემაში დავრჩეთ, რაც არსებობს“,-აცხადებს ძაბირაძე.
რამაზ საყვარელიძის შეფასებით, უმუშევრები უკმაყოფილო იქნებიან, მაგრამ თუ შეიქმნა პირობა, რომ ორი კაცი გაუშვეს სამსახურიდან და 20 ბიზნესსექტორში დასაქმდა, ეს უკვე მისაღები პროპორცია იქნება.
რაც შეეხება ბიუროკრატიის შემცირებას ხუხაშვილის შეფასებით, ეს პრობლემა მუდმივად დგას, მაგრამ ეს ხელოვნურად ვერ მოხდება.
„მისი შემცირება უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ როგორც კი სამეურნეო ფუნქციები ჩამოშორდებათ სამინისტროებს და იქნებიან მხოლოდ პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებები როგორც ეს ნორმალურ, ჯანსაღ ქვეყნებშია, ბიუროკრატიის პრობლემაც მაშინვე გადაწყდება“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.