"მალე ბევრი მინისტრის გაკვირვებულ და განაწყენებულ სახეებს ვიხილავთ"

"ამომრჩევლის მიერ არჩევნების შემდეგ ყველაზე მარტივად დასანახი და შესაფასებელი ახალი მთავრობის შემადგენლობის დანიშვნა იქნება. ცხადია, "ქართული ოცნების" "კადრებთუხუცესმა" ვინც არ უნდა დაასახელოს, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს. საინტერესო ის იქნება, ხომ არ გაუჩნდება ვინმეს მადა, რომ კალიგულასავით სენატორად რომელიმე თავისი საყვარელი ცხოველი დანიშნოს. მეორე ჩასაბარებელი ტესტი კი პარლამენტის მუშაობა იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, დახურულ სივრცეში "ოცნება" და "ნაციონალები" თანამშრომლობას შეძლებენ. საზოგადოება პირველ რიგში მათ შორის თანამშრომლობას ელის და არვის აღარ სურს, რომ კიდევ 4 წელი ამ ხალხმა ურთიერთლანძღვასა და დაპირისპირებაში გაატაროს. გზააბნეული ქართველი ამომრჩევლის მიერ ისინი პარლამენტში მოხვდნენ და მივიღეთ ორპარტიული მონსტრი, რომელთა თავკაცებიც არალეგიტიმურები არიან. მთავარია, რომ ის სპექტაკლი, რასაც საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი ჰქვია, მალე დასრულდეს და ამ ადამიანებმა სახელმწიფოსთვის სასარგებლო საქმის კეთება დაიწყონ", - აცხადებს "ექსპერტთა კლუბის" თავმჯდომარე, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მალე ბევრი მინისტრის გაკვირვებულ და განაწყენებულ სახეებს ვიხილავთ"/სოსო ცისკარიშვილის აზრით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფილი "თავისუფალი დემოკრატების" დანიშვნას "ოცნების" ნაწილი აგრესიით შეხვდება.

"ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, წინდახედული ადამიანია, რომლსაც სულ ცოტა სამი შემადგენლობის მთავრობა ჰყავს შეცვლილი. ახლა მთავარია, მის შეთავაზებებს ვინ დათანხმდება. თორემ ფანტაზია ღარიბ ხალხსაც გააჩნია და ისეთ შეძლებულ ადამიანს, როგორიც ივანიშვილია, ყველა ნაბიჯი უკვე გათვლილი ექნება. მას სარეზერვოდ ვფიქრობ შერჩეულიც კი ეყოლება უკვე მთავრობის წევრები, რომლითაც ახალ მინისტრთა კაბინეტს დააკომპლექტებს. ვფიქრობ, დიდი ალბათობით, მოულოდნელობაც იქნება და ძალიან მალე ბევრი მინისტრის გაკვირვებულ და განაწყენებულ სახეებს ვიხილავთ, რომელთა შესაცვლელადაც კადრებთუხუცესი ახალ კანიდატურებს წარმოგვიდგენს. მე მგონი, ყველაზე სერიოზული მოულოდნელობა პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურა იქნება. წინა მოწვევის პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილთან შესადარებლადაც სირცხვილი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანას სცენარისტი და რეჟისორი კვლავ ერთი ადამიანი ჰყავს, შესაბამისად, მისგან ახალს არაფერს უნდა ველოდოთ. ის ქვეყნის მართვას კვლავ იმ სცენარით განაგრძობს, რომელსაც 4 წლის განმავლობაში აკეთებდა. თუმცა, ახალი სახეების იმედი უნდა ვიქონიოთ, რომელთაც თავმოყვარეობის უნარი ჯერ არ დაჰკარგვიათ და ქართული სიბრძნეც კარგად ახსოვთ - "სახელის გატეხას თავის გატეხა ჯობიაო," - აღნიშნავს რესპონდენტი.

"მე პირადად იმ პარტიას მივესალმები, რომელსაც ვიწრო პარტიული ინტერესები უპირობო ფასეულობად არ მიაჩნია. თუ მათთვის მთავარ სადარდებელს სახელმწიფო წარმოადგენს, მაშინ თავისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება ქვეყანას უნდა მოახმარონ. არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანები კადრებთუხუცესს სურდეს და "ოცნების" წევრების დაუკითხავადაც მოქმედებდეს. ვფიქრობ, რომ ეს თავად პარტიის დიდ ნაწილს არ სიამოვნებდეს. თუ ისინი რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობებზე დაინიშნენ, არ არის გამორიცხული, რომ ამან "მეოცნებეთა" რიგებში მკაფიო აგრესია გამოიწვიოს. გუნდის ძახილსა და პირად ამბიციებს ქვეყანას ხომ არ გადავაყოლებთ? თუ ეს ადამიანები სახელმწიფო ინტერესებს სჭირდება - რატომაც არა. "თავისუფალი დემოკრატების" ირგვლივ ასეთი აჟიოტაჟი ტყუილად არ ატყდებოდა. დიდი ალბათობით, მათით კადრებთუხუცესი ივანიშვილია დაინტერესებული. რაც შეეხევა "ოცნების" აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განაცხადებას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, პირველ რიგში კონსტიტუციაში ცვლილება განხორციელდება, რათა ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა გაძლიერდეს. ვფიქრობ, ეს ბიჭი ძალიან დაიღალა და მისთვის ორკვირიანი არდადეგები კარგი იქნება. ის სახელმწიფოებრივი მენტალიტეტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არსებობს, სამწუხაროდ, კვლავ არის და მინდა გითხრათ, რომ უფრო უარესი ფორმით. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს ჯერ კიდევ ერთი ადამიანი წყვეტს, რომელიც კანონის ფარგლებშიც კი არ ჯდება", - მიიჩნევს ცისკარიშვილი.

"შესაბამისად, ეს კი კარგი იდეაა, მაგრამ საქმე ისაა, მისი განხორციელება როგორ მოხდება. ქვეყანაში, სადაც პარლამენტის წევრების უმრავლესობა არ არის არც კონსტიტუციონალისტი და არც ინტელექტით დიდად დაჯილდოებული, მათ კანონების მიღება და იდეების გენერირება როგორ უნდა შეძლონ? აქაც მხოლოდ ერთი კაცი იქნება მბრძანებელი, რომლის სურვილისამებრ ეს ხალხი პარლამენტში პულტს ხელს ისე დააჭერს, რომ იქიდან უმეტესობას ბოლომდე არ ეცოდინება, ხმა რას მისცა. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მისაღებია ჩემთვის პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა, ეს ძალიან საშიში და საფრთხილო თემაა, რადგანაც საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, ვფიქრობ, პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურა იქნება, რომლის გაკონტროლებასაც კადრებთუხუცესი ვერ შეძლებს. ამიტომაც ქვყანაში ყველაფრისა და ყველას კონტროლისთვის მან ამ ინსტიტუტის ხელში ჩაგდებაც გადაწყვიტა. ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევის წესის გადაბარება პარლამენტისთვის მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მას გიორგი მარგველაშვილი აღარ დაემორჩილა და აუმხედრდა. კადრებთუხუცესმა ეს თავის პირად შეცდომად მიიჩნია და ამ შეცდომის ამგვარად გამოსწორება სურს", - დასძენს პოლიტოლოგი.