„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოს მთავრობაში გააგრძელებს. for.ge-ს ინფორმაციით, ვიქტორ დოლიძე ევროინტეგრაციის მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად ნოემბერში დაიკავებს.
წყაროს ცნობით, ხელისუფლებაში დოლიძის მინისტრად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რასაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გააცნობს.
იმ შემთხვევაში, თუკი, ვიქტორ დოლიძე ევროინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნება, მას მეცხრე მოწვევის პარლამენტში მისვლა და ნდობის გამოცხადება დასჭირდება.
პოლიტიკურ წრეებში არსებული ინფორმაცია თუ რამდენად შეესაბამება რეალობას, for.ge ამ საკითხის გადამოწმების მიზნით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გია ვოლსკის დაუკავშირდა, რომელიც უმრავლესობის რიგებიდან ერთ-ერთი ის ადამიანი იყო, რომელიც როგორც დოლიძის, ასევე ვახტანგ ხმალაძისა და ნოდარ ებანოიძის საკანონმდებლო მუშაობას დადებითად აფასებდა.
ვოლსკი for.ge-ს არწმუნებს, რომ მმართველ გუნდში დოლიძის საკითხი განხილვის საგნად არ ქცეულა და არ განხილულა, მაგრამ აქვე დასძენს - „რატომაც არა?“.
ვოლსკი დოლიძეზე საუბრისას ყურადღებაზე იმაზე ამახვილებს, რომ ოპოზიციაში ყოფნის მიუხედავად, ის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არასოდეს წასულა.
„ჩემს გამოსვლებში ხაზს ვუსვამდი არა ვინმეს თანამდებობაზე დანიშვნას და ამ შემთხვევაში ვიქტორ დოლიძის, არამედ საქართველოს პოლიტიკური კულტურის განვითარებას. სასიხარულოა, როცა ოპონირების რეჟიმში მყოფი ადამიანის სულისკვეთება მიმართულია სახელმწიფო ინტერესებზე, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ საკმაოდ დესტრუქციულად მოქმედებდა. პოლიტიკური ურთიერთობის კულტურა დასაფასებელია და პოზიტიური მაგალითია ვიქტორ დოლიძე და არა მხოლოდ ის. ჩვენს გუნდში ეს საკითხი განხილვის საგნად არ ქცეულა და არ განხილულა, თუმცა, თუ დოლიძის საქმიანობას, გამოცდილებას გავითვალისწინებთ, - რატომაც არა?“, - აცხადებს დეპუტატი, რომელიც სხვა მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების თაობაზე არსებულ ინფორმაციას არ აკონკრეტებს.
ვოლსკის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილი არაფერი არ არის და პრემიერ-მინისტრი შესაბამის განცხადებას დროულად გააკეთებს.
„არ მგონია, რომ წინმსწრები განცხადებები უნდა ვაკეთოთ“, - დასძენს დეპუტატი.
მმართველი გუნდის მსგავსად, ვიქტორ დოლიძის საქმიანობას პოზიტიურად აფასებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი, თუმცა, კანონმდებელი დოლიძის პოლიტიკური ნაბიჯის შეფასებისგან თავს იკავებს.
როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, ვიქტორ დოლიძე მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატი და სპეციალისტია. ამიტომ, ის კარგი მინისტრი იქნება და მას ამაში ეჭვი არ ეპარება.
„პოლიტიკურად რა არის ოპოზიციიდან მთავრობაში წასვლა, ამას არ განვიხილავ. პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ მე ასე არ მოვიქცეოდი, თუმცა, ეს არაფერს არ ნიშნავს“, - დასძენს ბერძენიშვილი, რომელმაც დოლიძე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ მერვე მოწვევის პარლამენტში, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ „თავისუფალი დემოკრატების“ წასვლის შემდეგ, ვიქტორ დოლიძემ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა, რომელიც უმრავლესობის მიერ ვიცე-სპიკერის პოსტიდან ზურაბ აბაშიძის გადაყენებას უკავშირდებოდა. 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ვიქტორ დოლიძემ „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებიც დატოვა.