"ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული ზონდერჯგუფების წარმომადგენლები პარლამენტში მოსახვედრად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც იბრძვიან. მათ შორის არიან ბადრი ბასიშვილი, გიორგი ონიანი და ზაზა კედელაშვილი. ბასიშვილი, რომლის დაჯგუფებაც ხალხის დაშინების და დარბევისას განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, გორის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის გარდა, ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო სიაშიც 33-ე ადგილზე ჩაწერა. ზაზა კედელაშვილი სიის 25-ე ნომერია და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ონიანს კი სიაში მხოლოდ 77-ე ადგილი ერგო.
ტელევიზიებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიერ გადაღებულ დაპირისპირებისა და დარბევის ვიდეოკადრებში ყველაზე ხშირად ყოფილი „კმარელი“ გიორგი ონიანი ჩანს. რომელ სპორტულ ცენტრში გაიწვრთნა „კმარას“ ყოფილი აქტივისტი ვარდების რევოლუციის შემდეგ, უცნობია, თუმცა არსებობს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა ე.წ. ზონდერებს თბილისის გარეუბნებში მდებარე სპეციალურად მოწყობილ ცენტრებში მართლაც ამზადებდა.
ე.წ. ზონდერ ბრიგადებს შორის არსებული სხვადასხვა დაჯგუფებებიდან ერთ-ერთი, მოჭიდავე ზონდერების ჯგუფი, გია უდესიანის ხელმძღვანელობით მოქმედებდა. გავრცელებული ინფორმაციით, უდესიანი ხელმძღვანელობდა ასევე ყოფილი სპეცრაზმელებისგან შემდგარ საგანგებოდ შექმნილ დაჯგუფებას, რომელიც რამდენიმე ასეულ ადამიანს აერთიანებდა.
კულუარული ინფორმაციით ირკვევა, რომ ყოფილი მმართველი პარტიის ე.წ. ზონდერების გადამზადების ერთ-ერთი ცენტრი ისნის რაიონში მდებარეობდა. რეგიონებიდან თბილისში სპეციალურად ჩამოყვანილ კადრებს, რომლებსაც შემდეგ დემონსტრაციების დასარბევად და სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებებისთვის იყენებდნენ, ნაციონალები საცხოვრებლითაც უზრუნველყოფდნენ. ისანში ზონდერებს სპორტულ დარბაზში ავარჯიშებდნენ და იმავე ტერიტორიაზე მდებარეობდა მათთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართიც.
ისნის ცენტრში მათ წვრთნიდა მოჭიდავე ზაზა კედელაშვილი, რომელიც ამჟამად ნაციონალური მოძრაობიდან ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძვის, 2012 წლის მოწვევის პარლამენტში კი მიხეილ სააკაშვილის გუნდიდან დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
პარლამენტის წევრი ზაზა კედელაშვილი 2013 წლის 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის დროსაც ფიგურირებდა. ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ, ამ ფაქტის დამადასტურებელ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, როგორ ურტყამს დეპუტატი ხელს აქციის მონაწილეებს.
კედელაშვილი ასევე გამოჩნდა კორცხელში მოწყობილი პროვოკაციის დროს. ინციდენტის თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ზონდერჯგუფის წევრები არეულობის მოწყობას ზაზა კედელაშვილის ხელმძღვანელობით და გიგა ბოკერიას მითითებით გეგმავდნენ.
თავად კედელაშვილმა კორცხელის ინციდენტთან კავშირი უარყო, ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ იგი როგორც ადრე, ახლაც ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგას: „მე, ზაზა კედელაშვილი, როგორც ყველა მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენი, ვემიჯნები და ვგმობ ყოველგვარ ძალადობას... მე კი, ისე როგორც ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, ვიდექი და ვდგავარ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე''.
ისნის რაიონის მცხოვრებლების ინფორმაციით, მათ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა კედელაშვილი არჩევნების როგორც პირველ, ახლა კი მეორე ტურში მხარდაჭერის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობს. მისი ერთ-ერთი კონკურენტი, კერძოდ კი, პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისათვის წევრი თეონა ჭალიძე, ამბობდა, რომ ზაზა კედელაშვილს, რომელიც პარლამენტში მხოლოდ საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად იჯდა, საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნა, დედოფლისწყაროელთა პრობლემებზე სასაუბროდ არც ერთხელ გამოუყენებია.
ჭალიძისგან განსხვავებით, ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა კედელაშვილი, მეორე ტურისთვის იბრძვის. მან პირველ ტურში არჩევნებზე მისული ისნელების ხმათა 26,78% მიიღო. ორი თვის წინ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრისგან ცნობილი გახდა, რომ პარტიაში სიებში ყოფნა-არყოფნის საკითხის გარჩევა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ზაზა კედელაშვილმა სიაში ჩასმის სანაცვლოდ პარტიას 100 000 დოლარი გადაუხადა და საარჩევნო სიის 25-ე ადგილზე თენგიზ გუნავას შემდეგ დასახელდა.
მისთვის, დეპუტატობა ასოცირდება არა საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობასთან, არამედ იმუნიტეტთან, რომელიც გასულ წლებში ჩადენილი თუ მომავალში დაგეგმილი, საზოგადოებისთვის საზიანო საქმიანობისგან დაიცავს და ამიტომაც უღირს საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა ისნის ამომრჩევლისთვის. კედელაშვილს არც ერთ სატელევიზიო გადაცემაში არ მიუღია მონაწილეობა, რადგან მას შესაძლოა არ სურს ამოიცნონ იმ ადამიანებმა, რომელთა მიმართაც ის ზონდერ დაჯგუფების წევრებთან ერთად ძალადობდა.
მოხვდებიან თუ არა ნაციონალური მოძრაობის ე.წ. ზონდერები საკანონმდებლო ორგანოში ან რა საქმიანობას განაგრძობენ, 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაირკვევა.
არსებული ინფორმაციით, ყოფილი მმართველი პარტია თბილისის გარეუბნებში, მათ შორის ისანშიც ე.წ. ზონდრების გადამზადების ცენტრის გაფართოებასაც გეგმავდა, მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნაციონალურ მოძრაობას, სხვა გეგმების მსგავსად, ზონდერბრიგადების კიდევ უფრო გაძლიერების გეგმაც ჩაეშალა.