„თავისუფალი დემოკრატებიდან“ წასულები და „ქართულ ოცნებაში“ ვერ მისულები

„თავისუფალი დემოკრატებიდან“ წასულები და „ქართულ ოცნებაში“ ვერ მისულები

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების - გიორგი ცაგარეიშვილის, ზურაბ აბაშიძის, დავით ონოფრიშვილის, ირაკლი ჩიქოვანისა და ვიქტორ დოლიძის პოლიტიკური გზები პარტიის გარეთაც გაიყო.

ირაკლი ალასანიას გუნდიდან აღნიშნული პირები 8 ოქტომბრის შემდეგ, ერთდროულად წავიდნენ, თუმცა, სხვადასხვა გზებით - ცაგარეიშვილი, აბაშიძე და ონოფრიშვილი ერთ გუნდს წარმოადგენენ, ჩიქოვანი და დოლიძე კი, ცალ-ცალკე საქმიანობას ამჯობინებენ.

პოლიტიკურ კულუარებში დოლიძის გამინისტრებაზე ისევ საუბრობენ, თუმცა, ამ თვალსაზრისით, უმრავლესობის ნაწილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას ელოდება.

გიორგი კვირიკაშვილი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან საკუთარი ნებით წასულ დოლიძეს დანიშნავს თუ არა მინისტრად, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, უმრავლესობაში მის შანსებზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე სხვა დანარჩენების.

პოლიტიკური საქმიანობას ვინ, სად და როგორ გააგრძელებს - ამას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, მაგრამ ირწმუნებიან, რომ მმართველ გუნდთან მათი თანამდებობების თაობაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

ზურაბ აბაშიძის მტკიცებით, მათ მიმართ არანაირი შეთავაზებები არ ყოფილა და ამ მიმართულებით მოლაპარაკებები არ არავისთან არ მიმდინარეობს.

„ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა აბსოლუტურად რეალისტურია - ჩვენ ოპოზიციაში და ხელისუფლებაში არ ვართ. ამასთანავე, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები აღარ ვართ და პარტიულად აღარ ვსაქმიანობთ“, - აღნიშნა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აბაშიძემ, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად დამატებით კითხვებზე პასუხების გაცემა აღარ ისურვა.

აბაშიძემ საკუთარი პოლიტიკური მომავლისგან განსხვავებით, უფრო მეტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და მეორე ტურებში მხარდაჭერა სწორედ სახელისუფლებო პარტიას აღუთქვა.

„დიდუბის მე-15 ოლქში კენჭს ვიყრიდი და მეორე ტურთან დაკავშირებით, ჩემი მხარდამჭერები ჩემს პიროვნულ დამოკიდებულებას ელოდებიან. მათ მოვუწოდებ, მხარი ხელისუფლების კანდიდატს დაუჭირონ, რადგან მხარს ნაციონალებს არასოდეს არ ვუჭერდით და არც ერთის მხარდაჭერა მცდარ პოზიციად მიმაჩნია, რადგან ეს წყალს ისევ ნაციონალების წისქვილზე ასხამს“, - აღნიშნა აბაშიძემ, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, ძალაუფლებას ბოროტად არ გამოიყენებს და ის მიმართული ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისკენ იქნება.

აბაშიძის მსგავსად, დავით ონოფრიშვილი საქმიანობის გაგრძელებას თუ სად აპირებს, ამას არ აკონკრეტებს, მაგრამ უკვე აცხადებს, რომ პოლიტიკაში ჩართვას და რაიმე თანამდებობის დაკავებას არ გეგმავს.

ონოფრიშვილის თქმით, მისთვის გულსატკენი იყო, რომ საზოგადოებამ საქართველოში მაინც ორპოლუსიანობა არჩია და მესამე ალტერნატიული ძალა ნაკლებად იყო მხარდაჭერილი.

„რამდენიმე დღეში მეორე ტური იქნება. პრაქტიკულად ყველგან დარჩენილი არიან „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები. ალტერნატივა არ არსებობს და ჩემს მხარდამჭერებს მოვუწოდებ, მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭირონ, რადგან ჩემთვის პირადად მიუღებელია, რა მიზეზითაც ან რა საფუძველზე შეიძლება მხარი არ დაეჭიროს „ქართულ ოცნებას“, როდესაც 2012 წელს ის გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამუდამოდ უნდა წასულიყო მინიმუმ ოპოზიციაში და შეიძლება, პოლიტიკიდანაც“, - დასძინა ონოფრიშვილმა, რომლის მსგავსად, მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გიორგი ცაგარეიშვილი.

ცაგარეიშვილის მოსაზრებით, მეორე ტურში, „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთი ხმა და არც ერთი მანდატი არ უნდა ერგოს.

„მართალი ძალიან ბევრი ადამიანის ხსოვნის წინაშე არ ვიქნები. მათ შორის ირინა ენუქიძის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის, სერგო თეთრაძის და სხვების. არჩევანი ნათელია, რადგან არჩევანი გასაკეთებელია თეთრსა და შავს შორის. ქვეყნაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაცია არ უნდა მოხდეს, რადგან ქვეყნის მომავლისათვის ეს უდიდესი საფრთხეა“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს და პოზიციებს შეფასებები „თავისუფალ დემოკრატებში“ უკვე მოჰყვა. პარტიის წევრი, დეპუტატი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მხარდაჭერისკენ მოწოდება, პარტიისთვის მიუღებელია.

მისი თქმით, მისი პარტია მხარდაჭერისკენ არც ერთ მოქალაქეს არ მოუწოდებს, რადგან პარტიას მიაჩნია, რომ მოქალაქეებმა არჩევანი თავად უნდა გააკეთონ.

„თავისუფალი დემოკრატები“ საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებზე ხელისუფლებას ვაფრთხილებთ, რადგან ამა თუ იმ შესაძლო საფრთხეზე საზოგადოების ინფორმირება პოლიტიკოსების ამოცანაა“, - დასძინა გოგუაძემ.