ირიბი მხარდაჭერა „ნაცმოძრაობას“

ირიბი მხარდაჭერა „ნაცმოძრაობას“

საზოგადოების წარმომადგენლები პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, რათა მათ თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ. მიმართვის ქვეტექსტი აშკარაა, რომ ე.წ. „პროდასავლურმა პარტიებმა“ თურმე, უნდა იხსნან ქვეყანა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივისგან.

მიმართვის ადრესატები არიან: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს რესპუბლიკურ პარტია, ირაკლი ალასანია-თავისუფალ დემოკრატები, ახალ პოლიტიკურ ცენტრი - გირჩი, პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის, ახალ მემარჯვენეები, ერთიან ნაციონალურ მოძრაობა, პოლიტიკურ პლატფორმა - ახალი საქართველო, საქართველოს ლეიბორისტულ პარტია.

თავად მიმართვის ტექსტზე ხელმომწერთა ვინაობა ყველაფერის მთქმელია. ჩამონათვალში გვხვდებიან ლაშა ბუღაძე, ზვიად დევდარიანი, გიორგი მშვენიერაძე, ნინია კაკაბაძე, ნინო დანელია, ბექა მინდიაშვილი, გოგი ხოშტარია, მიშა მშვილდაძე, აჩიკო გულედანი, გოგი ქავთარაძე, თამარ გურჩიანი, ნატა ფერაძე და სხვები.

აღნიშნული ინიციატივა ქართველმა ანალიტიკოსებმა „ქართული ოცნების“ ანტიპიარისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. „ქართული ოცნების“ ახალი სახე, მამუკა მდინარაძე პროდასავლური პარტიების ერთობის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ დაწყებული კამპანია „ოცნების“ ანტიპიარისკენაა მიმართული.

ოპოზიციის მიმართ არასამთავრობო სექტორის მიმართვას სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეც ეხმაურება. ვაშაძე აცხადებს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას არ აპირებს, რადგან სწორედ „ნაცმოძრაობა“ იქცა იმის გარანტად, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოეპოვებინა. უფრო მეტიც, ვაშაძეს მიაჩნია, რომ „ნაცმოძრაობა“ არ ასხივებს იმას, რომ სერიოზულ ბრძოლას აპირებდეს, პირიქით, ისინი თავად არიან ამ პროცესის ხელისშემწყობნი.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ამომრჩეველზე ამ სახის ზეწოლა. მისი თქმით, როცა საზოგადოების ნაწილი გამოდის მსგავსი მოწოდებით, რომ პროდასავლურმა პარტიებმა თავიანთ მომხრეებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ, ცხადია, ეს ამომრჩეველზე ზეწოლად აღიქმება.

„არიქა, თუ „ქართულ ოცნებას“ მისცემთ ხმას, ამით პროდასავლური ხმა დაიკარგებაო, ეს თავისთავად არადემოკრატიულია. ამ მიმართვის ავტორები მეტი დემოკრატიის დაცვით აპელირებენ. სინამდვილეში, ანტიდემოკრატიული მექანიზმით მუშაობენ. საუბრობენ იმაზე, რომ „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობა თეორიულად საფრთხის შემცველია, მაგრამ, მეორე მხრივ, ლაპარაკია იმაზე, რომ ხმა მისცენ „ნაცმოძრაობას“, ანუ კონკრეტულ პარტიას, რომლის რეჟიმიც დანაშაულებრივად შეფასდა. ამიტომ თეორიულ შესაძლებლობასა და არსებულ გამოცდილებას შორის როდესაც კეთდება არჩევანი ცუდი გამოცდილების სასარგებლოდ, ეს სრულიად გაუგებარია. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი პირველი მე ვიყავი, ვინც საკონსტიტუციო უმრავლესობის იდეაში საფრთხე დაინახა, მაგრამ ეს ყველაფერი გადაწყვიტონ „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, გაუმართლებელია“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

ანალიტიკოსი ასევე, ინტერესდება, რა მიდგომა აქვთ ხელმოწერების ავტორებს თუნდაც ხაშურთან მიმართებით და წინააღმდეგობაში ხომ არ მოდიან, რადგან ხაშურში მხარეები არიან „თოფაძე-მრეწველები“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები?! ანალიტიკოსის თქმით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ „თოფაძე-მრეწველები“ გაცხადებული პრორუსული ძალაა, მაშინ გამოდის, ოღონდ „ქართულმა ოცნებამ“ არ შექმნას საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხმა უნდა მისცენ პრორუსებსაც?! ყველაფერ ამის გათვალისწინებით, არჩილ გამზადიას მიმართვის ავტორთა პროდასავლური ელფერი სიყალბად მიაჩნია, რადგან ცალკეულ უბნებზე შეიძლება დამოუკიდებელი კანდიდატი იყრიდეს კენჭს, ან კიდევ, ისიც შეიძლება, სულაც პრორუსული ფლანგი იყოს წარმოდგენილი.

„ამიტომ ყალბია ეს მიმართვა თავისი აქცენტებით. ეს უნიჭოდაა გაკეთებული შიდა დონეზე. მაშინ თქვან, რომ ხაშურში ხმა მიეცით „ქართულ ოცნებას“ და ამას იქვე მიაყოლონ, რომელ მაჟორიტარს უჭერენ მხარს?! მით უმეტეს, არც ისე უთვალავი მაჟორიტარი გვყავს. რაც შეეხება გიორგი ვაშაძის დისტანცირებას ამ პროცესისგან, ვაშაძე ახლა წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმშია და კარგად ხვდება, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირება მას ხელს უშლის პოლიტიკური პერსპექტივის შექმნაში. ამდენად, იგი ცდილობს, „ნაციონალური“ ელფერი მოიშოროს“.

„ნაცმოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია For.ge-სთან საუბრისას უარყოფს მოსაზრებას, რომ საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვის მიზანი სინამდვილეში „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერაა.

მისი თქმით, მიმართვის ტექსტის ავტორები აბსოლუტურად სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები არიან, რომლებიც არაერთხელ ყოფილან კრიტიკულნი „ნაცმოძრაობის“ მიმართ. თუმცა ახლა ამ ადამიანებს აქვთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ისინი ხედავენ, რომ, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება პარტიულ საფრთხეს გადააყოლონ ქვეყნის მომავალი. ეს საფრთხე კი არის „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„ეს ადამიანები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ სამართლიანი იქნება ეს ბრძოლა. ცხადია, რაც მოხდა პირველ ტურში, იმავეს განმეორებას შეეცდება ხელისუფლება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც მივდივართ ამ ბრძოლაში, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს „ოცნებას“ და მერე არ დავდგეთ სერიოზული საფრთხეების წინაშე. ეს საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა, თუნდაც იმავე ტრამპის წინააღმდეგ, რომელიც მიაჩნიათ, რომ საფრთხეა თანამედროვე ამერიკისთვის. ამიტომაც იქაური საზოგადოება თუ პოლიტიკოსები აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. ზეწოლა რას ნიშნავს? ვინმე ქეჩოთი წაიყვანს ამომრჩეველს?“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

შეკითხვის საპასუხოდ, მიმართვის ცალკეული ადრესატები („ლეიბორისტული პარტია“ და სხვები) რამდენად ჯდებიან პროდასავლურ იმიჯში, ელენე ხოშტარია განმარტავს, რომ აქ „ლეიბორისტების“ ორიენტაციაზე არ არის საუბარი, არამედ იმაზე, რომ ის ძალები, რომლებიც პროდასავლურები არიან და არა - ივანიშვილის შექმნილები, უნდა მოვიდნენ საკანონმდებლო ორგანოში. კერძოდ, იქ არიან „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“ და, რა თქმა უნდა, მაჟორიტარულ არჩევნებში პიროვნებებს დიდი მნიშვნელობა აქვთ და ადამიანს ვერავინ შეუზღუდავს არჩევანს.

„ძალზე სასაცილო კომენტარები მოვისმინე „ქართული ოცნების“ მხრიდან. საუბრობენ, რომ რა პრობლემაა, საკონსტიტუციო უმრავლესობას ცუდად არ გამოვიყენებთო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თურმე სიტყვაზე უნდა ვენდოთ იმ ძალას, რომელმაც არაერთხელ სერიოზული პრობლემა შეუქმნა დემოკრატიას სასამართლოში, მედიაში. ჩვენ მათ ვაძლევთ ინსტრუმენტს, რაც უნდათ, ის გააკეთონ და კონსტიტუციას, ადამიანების უფლებებს, საგარეო ორიენტაციას - ამ ფუნდამენტურ საკითხებს როგორც უნდათ, ისე მოექცნენ. აქ საუბარი არ არის, რომ „ნაცმოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ხელისუფლებაში ისედაც ვერ მოვდივართ, მთავარია, იყოს ნებისმიერი ძალა, რომელიც „ოცნებას“ დააბალანსებს. რაც შეეხება გიორგი ვაშაძის პასუხს არასამთავრობო სექტორის მიმართ, რომ არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას, ყველას თავისი არჩევანი აქვს, თუმცა ვაშაძე პოლიტიკოსიც აღარ არის, სამწუხაროდ, ის უკვე გაქრა პოლიტიკური სპექტრიდან“.