„მარგველაშვილის სახით ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალა შემოდის“

„მარგველაშვილის სახით ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალა შემოდის“

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დავით უსუფაშვილის და ალექსი პეტრიაშვილის კანდიდატურების განხილვა არ ყოფილა. რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ ლიდერს, ირაკლი ალასანიას, რომელმაც არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა დაიკავოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ თემაზე კომენტარი არ კეთდება.

დაინიშნება თუ არა ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოს მდივნად, ამის შესახებ განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება.  „ქართული ოცნების“ წევრის, ეკა ბესელიას შეფასებით, ირაკლი ალასანიას აქვს შესაბამისი გამოცდილება, გახდეს უშიშროების საბჭოს მდივანი, თუმცა, მისთვის უცნობია, რას აპირებს პრეზიდენტი.

„არ ვიცი, ვის შესთავაზებს პრეზიდენტი იმ ვაკანტურ პოზიციას, რომელიც მნიშვნელოვნია. სავარაუდო გვარები სახელდება. ჩვენ ამ პროცესში ჩართული არ ვართ. მისი გადასაწყვეტია, თუ ვინ დაიკავებს ამ პოზიციას. იმედს გამოვთქვამ, რომ ადამიანი, რომელიც უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს, თავის კვალიფიკაციით შესაბამისი იქნება საბჭოს სპეციფიკასთან. ირაკლი ალასანიას ბევრი წელი ნამუშევარი აქვს ამ კუთხით. გამოცდილება უთუოდ აქვს. ჩათვლის თუ არა პრეზიდენტი შესაფერისად, ამას ვერ გეტყვით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

ანალიტიკოსების შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი ირაკლი ალასანია პრეზიდენტს დაქვემდებარებულ წყებას - უშიშროების საბჭოს ჩაუდგება სათავეში, ეს იქნება პრეზიდენტის მხრიდან ღიად დეკლარირება იმისა, რომ ახალი პოლიტიკური გუნდს ფორმირებას იწყებს.

რამდენად შესაძლებელია მესამე ძალის ფრომირება შეძლონ გიორგი მარგველაშვილმა რომელიც, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მმართველ გუნდს კონსტუქციული ოპოზიციაში უდგას, ასევე, ირაკლი ალასანიამ, რომელიც კრიზისული სიტუაციიდან თამაშიდან გადის, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ამ ეტაპზე გამოვრიცხავს, რომ ეს შეიძლება იყოს ის ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“  გვერდზე გაწევას და ჩანაცვლებას.

„რამდენადაც ვიცი და მაქვს ინფორმაცია, პრეზიდენტის გარშემო მართლაც მიდის მზადება ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებაზე და მარტო მე არ მაქვს ეს ინფორმაცია. მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ეს ვერ იქნება ის მესამე ძალა, რომელიც გადამწყვეტ და ახალ სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში. იმიტომ, რომ ახალ ძალას სხვა ენერგეტიკა და სხვაგვარი მობილიზება სჭირდება.

როდესაც ვიცი პრეზიდენტი აქცენტის გაკეთებას ახალგაზრდებზე ცდილობს. მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორის გამო, რომელზეც საუბარი ამ ეტაპზე არ მინდა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალას ამ ეტაპზე არ ექნება ის ენერგეტიკა, რომელიც შეძლება „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაანაცვლოს პოლიტიკურ სივრცეში“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გარშემო ახალი პოლიტიკური პარტიის ფორმირებაზე საუბარები საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო. როგორც ლაგაზიძე ამბობს, თუ პარლამენტმა რეალურად დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და ამ ცვლილებების ფარგლებში პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა, მარგველაშვილი უფრო გააქტიურდება ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებისათვის.

„თუმცა, შეეცდება, რომ დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორები არ შუქმნას მმართველ უმარვლესობას, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ მარგველაშვილს სხვა გამოსავალს არ დაუტოვებენ და მართლაც კონსტიტუციაში შევა ცვლილება პრეზიდენტის არჩევის თაობაზე და ამ ცვლილების თანახმად პრეზიდენტი არჩეული იქნება პარლამენტის მიერ, მაშინ შეიძლება მარგველაშვილმა ჩათვალოს, რომ მას უბრალოდ სხვა გზა აღარ რჩება და კიდევ უფრო გაააქტიუროს ამ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებაზე ფიქრი და მუშაობა. ვნახოთ როგორ იქნება.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამობ, რომ ამ ეტაპზე მე გამოვრიცხავ, რომ ეს ის ძალაა, რომელიც „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“  გვერდზე გაწევას და ჩანაცვლებას. თუმცა, ექნება სერიოზული მედია მხარდაჭერა, ეს შემიძლია ნამდვილად გითხრათ. იმიტომ, რომ დღეს, მედიის გარკვეული ნაწილი ეძებს ფარს სახელისუფლებო ზეწოლისგან დასაცავად.

ისინი ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ძალა შეეცდება ახალი წნეხი განახორციელოს მედიაზე. შესაბამისად, ეძებენ ახალ პოლიტიკურ ფარს. ყველა, ვინც შეეცდება ამ ფარის როლი, თუ ფუნქცია იტვირთოს, ეცდებიან, რომ ყველას დაუჭირონ მხარი. შესაბმისად, ვფიქრობ, რომ ამის გამოხატულებაა „რუსთავი 2“-ის ნიჭიერის ჟიურიში პრეზიდენტის მეუღლის გამოჩენა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ მარგველაშვილმა ახალი პოლიტიკური გუნდი შექმნას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი მარგველაშვილს მმართველი გუნდი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს უკვე აღარ წარადგენს,  რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ თუკი პრეზიდენტს განზრახული აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილების მიღება, მას ასეთი სახელიანი გუნდი დიდად არ ჭირდება იმისთვის, რომ წარდგნენ საზოგადოების წინაშე და მოუწოდონ ხმა მისცენ მარგველაშვილს.

„საპრეზიდენტო არჩევნებში მას ტექნიკური გუნდი ჭირდება და არა პოლიტიკური. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი ფიქრობდეს ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნაზე. ასეთი გუნდის შექმნა ალბათ უპრიანი იქნება თუკი პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნეში, რადგან მას პარტია დასჭირდება.

ის, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა ალასანია თავისთან მიიყვანოს, ეს ხელოვნურად არ მეჩვენება, პრეზიდენტს ბევრი ისეთი ფიგურა ჰყავს მიყვანილი, რომელიც შეიძლება სხვა დროს ცალ-ცალკე ყოფილიყო წარმოდგენილი. ფიქრია ჩიხრაძის სახით მემარჯვეენებიც ჰყავს თავის აპარატში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლებისთვის ბრძოლასიწყებს და ამ ბრძოლაში მასთან გაერთანდება ბარიერს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური გუნდი - ირაკლი ალასანია, რესპუბლიკელები და ნაცმოძრაობა, ამ ფორმით შეეცდებიან წინააღმდეგობა გაუწიონ „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

„ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ თუ შეიქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, პირველი საკითხი იქნება პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის საკითხი, მარგველაშვილი ხვდება, რომ ეს მისი დასასრულის დასაწყისია და ამიტომ ემზადება. ფაქტიურად, მესამე პოლუსი შემოდის, ადრე ორი არაფორმალური ლიდერი იყო საქართველოში - ბიძინა ივანიშვილი და მიხელ სააკაშვილი, მარგველაშვილის სახით ახლა შემოდის მესამე არაფორმალური ლიდერი, რომელსაც გააჩნია ფორმალური ბერკეტები, მაგრამ მისი სტატუსი არ იძლევა საშუალებას, რომ ჰქონდეს სრული ხელისუფლება“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

„სამპოლუსიან პოლიტიკურ სისტემას ვღებულობთ. პოლიტიკური ბრძოლა წავა ამ სამ ძალას შორის, მარგველაშვილი არ ავლენდა აქტიურობას, ის იყო ნეიტრალური, იყო უბლოკო სტატუსის მატარებელი. მაგრამ მისი მეუღლის მონაწილება „რუსთვი 2“-ს შოუში, როგორც ჟიურის წევრის, ეს არის უკვე პოლიტიკური ნაბიჯი.

ამით ხდება დეკლარირება იმისა, რომ მარგველაშვილმა პოლიტიკური შეთანხმება გააფორმა მეორე პოლიტიკურ ძალასთან, სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. რაც ნიშნავს, რომ საქართველში გათამაშთა ძალთა ბალანსის კლასიკური თეორია - სუსტები შეიკრნენ ძლიერის წინააღმდეგ. სააკაშვილი და მარგველაშვილი თავისი პოლიტიკური დაჯგუფებებიან ერთად დაუპირსპირდებიან ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.