ეს პანიკა „ქართულ ოცნებასთან“ ნაცმოძრაობის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტს წააგავს, ვიდრე რეალობას

ეს პანიკა „ქართულ ოცნებასთან“ ნაცმოძრაობის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტს წააგავს, ვიდრე რეალობას

რესპუბლიკელი თამარ კორძაიას განცხადებით, არსებობს მაღალი რისკი, რომ არსებული ხელისუფლება საკუთარ უფლებამოსილებებს გადაამეტებს. ასე არ ფიქრობს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომლის განცხადებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით, ნაცმოძრაობა არჩევნების მეორე ტურში დამატებითი ხმებისა და გამარჯვების მოპოვებას ცდილობს.

„ბოროტი ბიძიები არჩევნების პირველი ტურის მერე დარბიან და ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომლის რეალური შესაძლებლობა გააჩნია „ქართულ ოცნებას“, ძალიან ცუდი და დიდი დანაშაულია. მინდა მივმართო მოსახლეობას, არ დაუჯეროთ, ეს არის სიცრუე და ეს ყველაფერი კეთდება, რათა ნაციონალურ მოძრაობას დამატებით გამარჯვება მოაპოვებინონ, დამატებითი ხმები მიიღონ, ასე რომ, არ შეცდეთ, მეგობრებო. კონსტიტუცია მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თავზე მოირგო დანაცმოძრაობაზე უფრო დიდ უბედურებას კონსტიტუციასთან მიმართებით ვერავინ ვერ გააკეთებს“, - აცხადებს კახა კალაძე.

8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება. „ქართული ოცნების“ წევრი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ არჩევნების მეორე ტურში აქტივობაც მაღალი იქნება და მეორე ტურში დამაჯერებელი იქნება „ქართული ოცნების“ გამარჯვება.

„ჩვენ ვფიქრობთ დარჩენილ 50-ვე ოლქში მოგებას. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ის საზოგადოება, რომელიც მხარს გვიჭერს, ასევე დაგვიჭერს მეორე ტურში და ბევრმა ადამიანმა, ვინც ე.წ. ნეიტრალურ პოზიციაზე იყო, ვფიქრობ გაიაზრა, რასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე ველოდებით, რომ უპირატესობა იქნება თვალსაჩინო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

თუმცა, ასე არ ფიქრობენ ოპონენტები, რომელთა შეფასებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას დიქტატურის დამყარების საშუალებას მისცემს, რადგან ყოველი მათგანი ამ პოლიტიკური ძალის მდგენელს კარგად იცნობს. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური უმრავლესობით მოსვლა საკმაოდ დიდ საფრთხეებს მოიცავს ქვეყნისათვის. როგორც კორძაია აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი შეცდომები სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მათ ჰქონდათ კონსტიტუციური უმრავლესობა.

„პოტენციური საფრთხე ამ შემთხვევაში არის რეალური, რომ განმეორდეს „ქართული ოცნების“ პირობებშიც. ძალიან ბევრი ამბობს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცემს შესაძლებლობას, რეფორმები მიიყვანოს ბოლომდე და ა.შ. ყველა ეს მოსაზრება მცადარია და ღრმად ცდება, ვინც მსგავსი ტიპის დასკვნას აკეთებს. სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი საფუძველი არის ბალანსი, ხელისუფლების შტოები აბალანსებენ ერთმანეთს.

ამაზე დგას ნებისმიერი დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფო. ასევე, პარლამენტში უმრავლესობას აბალანსებს უმცირესობა. როდესაც ეს ბალანსი საერთოდ არ არსებობს და უმრავლესობა არაფერში არ საჭიროებს შეთანხმებას უმცირესობასთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოქცეულია ერთი სუბიექტის ხელში, რაც რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალი საფრთხის მომცველია“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს მიმართავს იუსტიციის მინისტრი, რომ მეორე ტური არის გადამწყვეტი, რათა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ჰქონდეს კომფორტული უმრავლესობა. თეა წულუკიანი აცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭიროა, რომ მისთვის სასურველი მთავრობა დაამტკიცოს, მიიღოს კანონები, მათ შორის  - ორგანული კანონები.

„თუ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს არ ექნებათ წარმატება, ასეთ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ვერ ექნება ის უმრავლესობა, რაც მას მისთვის სასურველ მთავრობას დაამტკიცებინებს. ნუ მოვუსმენთ უსაფუძვლო პანიკის მცდელობებს, თითქოს საშიშია „ქართული ოცნების“ მაღალი ხარისხით წარმატება.

ყველა უნდა მივიდეს არჩევნების მეორე ტურზე, რადგან მეორე მხარეს "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი ბოლომდე მობილიზებული იქნება. ჩვენც შესაბამის ოლქებში უნდა ვიყოთ ბოლომდე მობილიზებული, რათა საბოლოო წარმატება დადგეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას შეფასებით, ოპოზიციურ პარტიების შიში იმაში მდგომარებს, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით ძალიან ეფექტური იქნება. მისი თქმით, ამ პარტიების სტრატეგია არასწორია. ეს არა პოლიტიკური შეცდომა, არამედ მორალური გადაცდომაა.

„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ ადამიანების მწამებელი, მჩაგვრელი და დემოკრატიის დამღუპველი იყო, დღეს როგორ აცხადებ, რომ ხმა ოღონდ „ქართულ ოცნებას“ არ მისცეთ და თუ გინდათ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეცით, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ეს პოლიტიკაა, მაგრამ - არა! ეს არის ამ პარტიების სტრატეგია არასწორია. რადგან, შეუძლებელია, იმ ხალხმა, ვინც ხმა სხვა პარტიებს მისცა, დღეს მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭიროს“, - აცხადებს ზურაბ ბიგვავა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ბევრი ხარვეზია, ამიტომ, სახიფათო იქნება, თუ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა და მისი გასწორების საშუალება არ ექნება. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებზესაუბარი პარადოქსულია და ეს პანიკა „ქართულ ოცნებასთან“ ნაცმოძრაობის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტს წააგავს, ვიდრე რეალობას.

„არა მარტო საკონსტიტუციო უმრავლსეობა, უბრალო უმრავლესობაც საშიშია, თუკი ძალაუფლება საშიშ პარტიას უპყრია. „ქართული ოცნების“ ხელში უმრავლესობა არ იყო სახიფათო და საკონსტიტუციო უმრავლესობა რატომ იქნება სახიფათო, ეს არ მესმის? სახიფათო არის სხვა რამე - თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნება „ქართულ ოცნებას“, რადგან კონსტიტუციაში ბევრი ხარვეზია.

ის თავის დროზე, სააკაშვილის ინტერესებზე მორგებითაა აგებული, ამიტომ, მასში უამრავი არალოგიკურობაა. უმჯობესია, „ქართული ოცნების“ ხელში იყოს და გასწორდეს კონსტიტუცია, რათა  საქართველომ ნორმალური კანონმდებლობის საფუძველზე განაგრძოს არსებობა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

გარდა ამისა, როგორც საყვარელიძე აცხადებს, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მხარდაჭერისკენ ყოფილი სახელისუფლები გუნდის მხარდაჭერისკენპირდაპირ, თუ არაპირდაპიტ მოუწოდებენ, ბარიერს ვერასოდეს გადავლენ.

„ის პარტიები, რომლებიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ,  ყველაფერზე წამსვლელი არიან, ოღონდ ხელისუფლებას მიუახლოვდნენ. ეს პარტიები რეიტინგული არასდროს იყვნენ და ბარიერს იქეთ დღეს კი არ დარჩენილან, საერთოდ ბარიერს იქეთ დარჩენილები არიან. ამომრჩეველი, რომელიც ძალიან კარგად იმახსოვრებს პოლიტიკოსების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მერწმუნეთ, რომ მათ ამ მოწოდებასაც ძალიან ცუდად დაიმახსოვრებენ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.