ყოფილი „თავისუფალი დემოკრატები“ აღმასრულებელ ხელისუფლებაში

ყოფილი „თავისუფალი დემოკრატები“ აღმასრულებელ ხელისუფლებაში

საპარლამენტო თანამდებობის განაწილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერჯერობით არ დაწყებულა. რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე თანამშრომლობას სხვადასხვა ადამიანთან და სხვადასხვა პოლიტიკოსთან არ გამორიცხავს.

არჩევნების შემდეგ ვაკანტური გახდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დავით ბაქრაძე დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაკანტურ თანამდებობას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი, ვიქტორ დოლიძე დაიკავებს.

ვიქტორ დოლიძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას არ ადასტურებს, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში, მმართველ გუნდთან თანამშრომლობას არც თავად გამორიცხავს.

„ოპოზიციაში რომ ვიყავი, მაშინ არ გამოვრიცხავდი თანამშრომლობას, მით უმეტეს სახელმწიფო თემებთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ბუნებაში არარსებულ თემაზე კომენტარის გაკეთება არ იქნება სწორი“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლებას არ გამორიცხავს „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ზურაბ აბაშიძეც, თუმცა, ერთადერთი, რასაც გამორიცხავს, ეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაა. გავრცელებული ინფორმაციით, აღმასრულებელი ხელისუფლების გუნდში ასევე შესაძლოა ვიხილოთ იარაკლი ჩიქოვანი, რომელმც, არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, სამეგრელოს გუბერნატორის თანამდებობა დაიკავოს.

რაც შეეხება პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს, ირაკლი ალასანიას, ცნობილია, რომ ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ იქნება. ალასანია საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე, 18 ოქტომებერს ისაუბრებს. ასევე, ცნობილია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც პარტია პირველმა დატოვა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი მმართველი ბირთვის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლებას დადებითად აფასებენ ანალიტიკოსები და აცხადებენ, რომ ამ ადამიანების გამწესება საპასუხისმგებლობო თანამდებობაზე, გარკვეულწილად მოხსნის იმ კითხვებს, რომელსაც ჯერ კიდევ უყენებენ ხელისუფლებას ოპონენტები „ქართული ოცნების“ საგარეო კურსთან დაკავშირებით. შესაბამისად, დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ გარკვეული თუნდაც დღემდე შემორჩენილი კითხვები ხელისუფლების ორიენტაციასთან დაკავშირებით, ამ მხრივ კიდევ უფრო გაბათილდება.

„რამდენადც ვიცი და შემიძლია ვიმსჯელო „ქართული ოცნების“ წევრების და მათ შორის მათი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი გამონათქვამებით, მათ გარკვეულწილად შეარბილეს თავიანთი ხისტი და ნეგატიური დამოკიდებულება „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ. სისტემატურად ხაზსს უსვამდნენ, რომ არ გამორიცხავდნენ თამშრობლობას და, რომ კარგი იქნება თუ ისინი პარლამენტში მოხვდებიან. გახსოვთ, რომ ივანიშვილი მეორე ადგილასაც კი უწინასწარმეტყველებდა მათ, ანუ პოლიტიკური ურთიერთობები დათბა.

ვფიქრობ, ეს მოხდა პარტიის იმ რგოლის დონეზე, რომელსაც წარმოადგენდნენ თქვენს მიერ ხსენებული ადამიანები. ბოლო პერიოდის მანძილზე, რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, თავადაც მაქსიმალურად ერიდებოდნენ მწვავე განცხადებების გაკეთებებს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ მიმართ. ვფიქრობ, რომ მათ ეს ტაქტიკა გამიზნული იყო იმაზე, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ურთიერთობის ხიდები შენრაჩუნებულიყო და პრინციპში, როგორც ვხედვათ საქმე აქითკენ მიდის“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

რამდენად მოხდება თანამშრომლობა ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ამ პოტენციალის გამოყენება და განსაკურებით იმ ადამიანების, რომელთაც საერთაშორისო დონეზე კარგი კავშირები და გამოცდილება აქვთ, „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანია.

„ამ ადმიანების გამწესება საპასუხისმგებლობო თანამდებობაზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გარკვეულწილად მოხსნის იმ კითხვებს, რომელსაც ჯერ კიდევ აყენებენ მათი ოპონენტები, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ბოლომდე პროდასავლური ჯგუფი. ვფიქრობ, „თავისუფალი დემოკრატების“ გარკვეულ წარმომადგენლებთან ამ ტიპის თანამშრომლობა შეიძლება შედგეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ვფიქრობს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ნელ-ნელა გადაინაცვლებენ ხელისუფლებაში, მაგრამ მისივე თქმით, სხვა საკითხია პოლიტიკური კარიერისთვის რამდენად მისაღებია ასეთი გადასვლა-გადმოსვლა.

„ყოველთვის სიმპატიით ვიყავი ამ გუნდის მიმართ განწყობილი, რადგან ისინი პროფესიონალები არიან და მჯერა, რომ საქმეს გააკეთებენ. „ქართული ოცნება“ ამ პოტენციალს გამოიყენებს, რადგან მისთვის ეს არის ორმაგი მოგება, ერთი მხრივ, როგორც პროფესიონალური გუნდი და მეორე მხრივ - პოლიტიკური მიმართულებითაც. „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის მომგებიანი სვლა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისივე თქმით, როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთში ყველამ იცის, რომ ეს არის იმ ლიდერთა გუნდი, რომლებიც 8 წელი ებრძოდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“.

„პროდასავლურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი ხმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მიიღეს, პოლიტიკური პროცესი მიდიოდა იქითკენ, რომ ისინი უფრო გაძლიერებულიყვნენ, მაგრამ პარტია დაიშალა. „ქართული ოცნება“ ამას გამოიყენებს, ამ გუნდის მათთან მიყვანა, ნაციონალების პარტიაზე პოლიტიკური იერიშის მიტანას ნიშნავს და რატომ არ გააკეთებს ამას? - მით უმეტეს, რომ ეს არაა ის ხალხი, რომლებიც ქუჩიდან მოვიდნენ პოლიტიკაში.

მათ აქვთ ძლიერი საერთაშორისო ნდობა და გამოცდილება, ეს გამოცდილება „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია. გამოცდილ ხალხსაც მიიყვანს თავის რიგებში და ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც გაძლიერების ყველაზე მეტი რესურსი ჰქონდა, ჩაძირავს. ასეთი ვითარება ძალიან იშვიათად იქმნება და ამიტომ, „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს გადადგამს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე. 

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ არჩევანი „თავისუფალი დემოკრატების“ სასარგებლოდ იმ მოტივით გააკეთა, პლატფორმა პროდასავლურია და გარდა ამისა, პრაქტიკოსი სპეციალისტები არიან. მისი თქმით, თუკი ხელისუფლება ამ პოტენციალს ხედავს და გამოიყენებს, ამაში მიუღებელი არაფერია.

„გავიხსენოთ ობამას და კლინტონის დუეტი. წინასაარჩევნო პერიოდში ერთმანეთის კონკურეტები იყვნენ, მაგრამ შემდგომ თანამშრომლობდნენ. მე ზოგადად თანამედროვე პოლიტიკური პროცესის მომხრე ვარ, ეს ნორმალური პროცესია. საქართველოში სხვადსხვა პოლიტიკურ ძალაში არიან ადამიანები, რომელთა პოტენციის დაკარგვა, მით უმეტეს ასეთი ადამიანური რესურსის დეფიციტის პირობებში, ნამდვილად საცოდაობა არის. პირდად, მოვუწონებდი მმართველ ძალას, თუკი პოლიტიკურ პორცესებში გარკვეული ჩართულობა შესთავაზა ოპონენტი პარტიის წევრებს და ამავდროულად ყოფილ პარტნიორებს“, -აცხადებს არჩილ გამზარდია.

როგორც გამზარდია აცხადებს, მმართველი ძალის მხრიდან ამგვარ გადაწყვეტილება, ევროპულ საზოგადოებში და აშშ-ი დადებით ტონად იქნება მიჩნეული, ამავდროულად, ამ მხრივ კიდევ უფრო გაბათილდება დღემდე შემორჩენილი კითხვები ხელისუფლების საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით. 

„მმართველი ძალა იგებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. იგებს ქართული საზოგადოება და ზოგადად პოლიტიკური კულტურა. ერთადერთი რაც სკეპტიკურად მაფიქრებს არის ის, რომ „ქართული ოცნება“ საკმაოდ ჩაკეტილი ორგანიზაციაა, ისინი მაინცდამაინც არ წყალობენ ნიჭიერ ადამიანებს და მით უმეტეს გარე ადამიანებს, უფრო თვითონ იბრძვიან კონკრეტული წარმატებისაკენ. რამდენად მიიღებენ ამ ადამიანებს, ეს თემა ნამდვილად დგას“, აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდიამ.