„ნაცმოძრაობაში“ დადგმული სპექტაკლი იყო, რომ დანარჩენ საქართველოს პარლამენტში შესვლა დაგვამადლონ“

„ნაცმოძრაობაში“ დადგმული სპექტაკლი იყო, რომ დანარჩენ საქართველოს პარლამენტში შესვლა დაგვამადლონ“

„ნაციონალური მოძრაობა“ მეცხრე მოწვევის პარლამენტში საქმიანობას პარტიული განხეთქილების ფონზე დაიწყებს. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში მეორე ტურში მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილება შიდა დაპირისპირების ფონზე მიიღეს და პარტია იმ პირთა სიის გასაჯაროვებასაც აღარ ერიდება, რომლებიც პარლამენტში შესვლის წინააღმდეგ ან მხარდაჭერით გამოდიან.

პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება დაახლოებით 60 პირმა მიიღო, რომელთა შორის 34 პარლამენტში შესვლის მომხრე იყო. კერძოდ, ესენი არიან: მამუკა ახვლედიანი, ვახტანგ ბალავაძე, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, აკაკი ბობოხიძე, გიორგი ბოკერია, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი გაბაშვილი ხათუნა გოგორიშვილი, თენგიზ გუნავა, დავით დარჩიაშვილი, გიორგი თარგამაძე, ლევან თარხნიშვილი, გიორგი თევდორაძე, ზაზა კედელაშვილი, გიორგი კანდელაკი, ტარიელ ლონდარიძე, სერგო რატიანი, ელენე ჯავახაძე, კობა სუბელიანი, აზერ სულეიმანოვი, მიხეილ მაჭავარიანი, ქეთევან მჭედლიძე, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ვაჟა ჩიტაშვილი, მამუკა ჩიქოვანი, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი და ზურაბ ჩილინგარაშვილი.

თანაპარტიელებისგან განსხვავებით, იდეის წინააღმდეგ გამოდიან: ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი, ლევან ვარშალომიძე, ვახტანგ ლემონჯავა, ომარ მეგრელიძე, აკაკი მინაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, გიორგი კარბელაშვილი და კახა ბუცხრიკიძე. ბუცხრიკიძე-კარბელაშვილს პარლამენტში შესვლა რომ არ უნდოდეთ, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მათ მერვე მოწვევის პარლამენტში ყოფნის დროსაც არაფერი შეუქმნიათ და გაუკეთებიათ, ისევე როგორც რამაზ ნიკოლაიშვილს, რომელიც როგორც ჩანს, პლენარული სხდომების მსგავსად, არც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას არ დაესწრო.

პოლიტსაბჭოს სხდომას არ დაესწრნენ და შესაბამისად, საკითხზე საკუთარი ხმა არ დაუფიქსირებიათ ზაზა ბიბილაშვილს, დავით დარცმელიძეს, ჩიორა თაქთაქიშვილს, ნინო კალანდაძეს, დავით კირკიტაძეს, მარიამ საჯაიას, სამველ პეტროსიანსა და დავით ტყეშელაშვილს, მიხეილ მახარაძეს.

ზემოთ აღნიშნული პირებისგან განსხვავებით, პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის კიდევ რამდენიმე წევრი დაესწრო, თუმცა, მათ საკითხის მხარდაჭერისგანაც თავი შეიკავეს და მის წინააღმდეგ წასვლისგანაც. მათ შორის არიან: გოჩა კუპრავა, პაატა ლეჟავა, ირაკლი ნადირაძე, გიორგი პატარაია, ირაკლი ქავთარაძე, ეკატერინე ხერხეულიძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინ რა ფუნქციას ასრულებს და ვინ ვის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, ამის გარჩევა რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ე.წ. ბოკერიას ფრთა ლიდერის, ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს არ დაემორჩილა და პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა.

საკანონმდებლო ორგანოში ნაციონალების საქმიანობა როგორ წარიმართება და პარტია შეინარჩუნებს თუ არა ერთიანობას, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, „ქართული ოცნება“ პარლამენტში კონსტრუქციული ოპოზიციის მნიშვნელობაზე აპელირებს და „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებსაც დადგმულ სპექტაკლად მიიჩნევს.

როგორც for.ge-ს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, ის როგორც მომავალი უმრავლესობის წარმომადგენელი, დაინტერესებულია იმით, რომ პარლამენტში ძლიერი ოპოზიცია იყოს, რადგან კონსტრუქციული ოპოზიცია უნდა არსებობდეს, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს და მოქმედებს და თავის პოლიტიკურ საქმიანობას ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ უკავშირებს.

მისი თქმით, ის გუნდი კონსტრუქციულ ოპოზიციად არ წარმოუდგენია, რომელიც პარლამენტში შევა.

„სავარაუდოდ, ისინი იმ ტრადიციის გამგრძელებლები იქნებიან, როგორიც ამ მოწვევაში იყვნენ. დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, შემოვიდოდნენ თუ არა, მაგრამ სათავისოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან მათთვის პარლამენტში არშემოსვლა პოლიტიკური ხარაკირი და პოლიტიკური ლიკვიდაცია იქნებოდა. რთული მისახვედრი არ იყო, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ჩანს, რომ გუნდის შიგნით განხეთქილებაა და ორი განსხვავებული პოზიციაა“, - აცხადებს დეპუტატი.

კახიანის მოსაზრებით, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, შედარებით ლოიალურმა ფრთამ გაიმარჯვა და არა რადიკალურმა, რომელიც სააკაშვილს და რამდენიმე წარმომადგენელს აერთიანებს.

„ვისურვებდი, რომ ლიალურად განწყობილმა ფრთამ რადიკალურს აჯობოს და იქნებ, თავის თავს აჯობონ კიდეც, რათა პოლიტიკური ფერისცვალება მოახერხონ და წინას არ დაემსგავსონ. „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია ძლიერი ოპოზიციით, რადგან ეს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. კონსტრუქციული ოპოზიცია ერთ-ერთი გარანტია, რომ ხელისუფლება ნაკლებ შეცდომას დაუშვებს“, - აცხადებს კახიანი, რომლის პოზიციას იზიარებს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.

for.ge-ს-სთან საუბარში ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის პოლიტიკური ვითარების ესკალაცია სასარგებლო არ არის, თუმცა, პარლამენტში მოხვედრილმა ნაციონალებმა ბევრი უნდა იმუშაონ, რომ გაემიჯნონ არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ წარსულს.

დეპუტატის მოსაზრებით, ცალკეულ პირებს, რომელთაც დანაშაულებზე პასუხიმგებლობა არ ეკისრებათ, ბევრი მუშაობა მოუწევთ იმისთვის, რომ მემკვიდრეობა მოიშორონ.

„მაშინ, პიროვნებების და სტილის ჩათვლით სერიოზული რებრენდინგი უნდა გააკეთონ და არა ის, რომ მორცხვად თქვან, შეცდომებს ჰქონდა ადგილიო. ლოგიკური იქნებოდა, რომ ბევრ ადამიანს ამ სახელით არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო“, - დასძენს ჟორჟლიანი, რომლის მსგავსად, ნაციონალებს აკრიტიკებს ლუკა კურტანიძე.

for.ge-სთან საუბარში კურტანიძე აღნიშნავს, რომ პარტიაში არსებული ვითომ დაპირისპირება დადგმული სცენარია.

კანონმდებელის მოსაზრებით, შეიძლება, ერთი-ორი ადამიანი მეორე ტურში მონაწილეობის თაობაზე მართლა ფიქრობდა. მათ შორის, ტარიელ ლონდარიძე, რომელიც ოფიცერია და ბრძოლის ბოლომდე მიყვანა როგორ უნდა, იცის.

„ეს დადგმული სცენა იყო, რადგან დანარჩენ საქართველოს დაგვამადლონ, რომ პარლამენტში შედიან. ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა საზოგადოების მანიპულირება კარგად დახვეწეს და თურმე, კეთილს ინებებენ და პარლამენტში შევლენ, სადაც თავიანთი „სასიამოვნო“ ხმით იმ რადიკალიზმს და აგრესიას გადმოსცემენ, რაც საზოგადოებას მობეზრდა. საზოგადოების ან ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელის განცხადება არ მომწონს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ცუდია. ეს სააკაშვილის ხელისუფლება არ არის, ეს არის ბიძინა ივანშვილის დაფუძნებული გუნდი, სადაც უდიდესი პასუხისმგებლობაა და პროცესებს საზოგადოება კარნახობს. ნურავინ იფიქრებს, რომ თუ პარლამენტი მრავალპარტიული არ არის, „ოცნებას“ კარტბლანში მიეცემა და უმსგავსობას გააკეთებს. კარგია, რომ „ოცნებამ“ ამხელა მხარდამჭერა მიიღო. „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ აწეული თამასა გაამართლოს“, - აღნიშნავს კურტანიძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი განსაკუთრებულ ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთრ თავს ევროპული ღირებულებების მქონე პარტიად წარმოაჩენს.

როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, მას „ნაცმოძრაობის“ მოქმედებაში ჯანსაღი ქმედების დანახვა ძალიან უჭირს, რადგან, როგორც ყოველთვის, ასევე ახლაც, მათი განცხადებები დადგმულ სპექტაკლს ჰგავს.

„იმის თქმა, რომ ისინი არიან ერთადერთი პროდასავლური ძალა და ამიტომ პარლამენტში უნდა შევიდნენ, ესეც უტიფარი განცხადებაა. კარგად ხედავენ, რომ ყველა მიმართულებაზე პროგრესი თვალსაჩინოა, არანაირი გაყალბება არ მომხდარა და ამას როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე დიპლომატები ამბობენ. მათ რეალური მიზეზი უნდა მოეგონებინათ იმისა, არჩევნები რატომ წააგეს. გავიწყდებათ, რომ გვირაბის გათხრით და სააკაშვილის დაბრუნებით იმუქრებოდნენ“, - აცხადებს ვოლსკი.

კანონდემებელის განცხადებით, მთავარია, რომ პარლამენტი იმუშავებს, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება ანგარიშვალდებულია არა მხოლოდ თავისი მხარდამჭერების, არამედ ნაციონალების და სხვების მიმართ.

„პარლამენტში იქნებიან თუ არა, ამას დემოკრატიული პროცესის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. მოგონილი მიზეზია, რომ ისინი პროდასავლურ პარტიას წარმოადგენენ. ადამიანის წამებას რომ თავი დავანებოთ, მედიის და სასამართლოს დამორჩილება საკმარისი ნიშანია. ბესელიას კომიტეტმა დასკვნა გამოაქვეყნა და ეს მოხსენება წაიკითხონ, „ნაცმოძრაობა“ რომელ ნაწილშია ევროპის მატარებელი. მათი პროდასავლურობა და დემოკრატიულობა მოგონილია. უამრავი გამწარებული ადამიანია, ვისაც ქონება წაართვეს. ეს რომელ ევროპულ სტანდარტებში წერია?“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ვოლსკი ფიქრობს, რომ მათი პოლიტიკური არსებობის გადასარჩენად პარლამენტში შემოსვლაა საჭირო, თუმცა, არა იმიტომ, რომ დემოკრატიულობა დაიცვან, არამედ იმიტომ, რომ პარტიული გუნდი გადარჩეს და იარსებოს.

„ამ მიზანს სხვა ნაბიჯი ჩააგდებდა. ამ შემთხვევაში, ბოკერია პრაგმატულად მსჯელობს არა იმიტომ, რომ ამომრჩევლის ინტერესები გაატარონ, არამედ საკუთარ პარტიაზე ფიქრობენ“, - დასძენს ვოლსკი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაზე ზურაბ ჯაფარიძემ ჯერ კიდევ გასულ წელს ისაუბრა და მაშინ, მას ბიძინა ივანიშვილის „პროექტი“ უწოდეს. for.ge-სთან საუბარში ჯაფარიძე პარტიაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება. პროცესები კი, რაც ხდება, პარტიიდან საჯაროდ გამოვიდა.

„არ შეიძლება, პარტიამ საპარლამენტო ტრიბუნაზე იმ რეალობაში უარი თქვას, სადაც ჩვენ ვართ. მეორე ტურების შემდეგ, ალბათ, ერთ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში რა ბერკეტებიც არსებობს, ყველა გამოყენებული უნდა იყოს და პარლამენტია ერთ-ერთი. პარტიაში კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში შეიძლება ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული იყვნენ, მაგრამ ის ხალხი რომელიც ერთ მხარესაა, შეიძლება, რაღაც საკითხზე მეორე მხარეს აღმოჩნდეს. არ მგონია, რომ ცალსახად ხაზები გავლებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში, საღმა აზრმა გაიმარჯვა. კრიზისში არიან და ეს კრიზისი გარეთაა, რის გამოც მხარდამჭერებს შორისაც დაპირისპირებაა. მეორე კრიზისი დადგება, როცა სამწუხაროდ, მეორე ტურში მარცხს იწვნევენ. დრო აჩვენებს, ეს პარტია როგორ გადარჩება, რა სახეს და კონფიგურაციას მიიღებს“, - დასძენს ჯაფარიძე.