„ნაცმოძრაობა“ დიდ საგონებელშია ჩავარდნილი, მათ ვერ გადაუწყვეტიათ, უღირთ თუ არა სააკაშვილისგან განრიდება? ისიც ვერ გაურკვევიათ, ამ არჩევნებში მიღებული ხმები, ანუ 27% სააკაშვილის „დამსახურება“ უფრო იყო, თუ „ნაცმოძრაობის“? სამაგიეროდ, ეჭვები უჩნდებათ, რომ სწორედ სააკაშვილმა მოუტანა „ოცნებას“ მაღალი შედეგები.
„ყველაფერში დამნაშავე ახლა მიშა და მისი ეგოცენტრიზმია, ხომ? დანარჩენი ლომები დაფლითავდნენ ბიძინას მოულოდნელად...“, - თანაპარტიელების გამკილავად ისმის დავით საყვარელიძის ხმა, რომელიც უკრაინიდან პასუხობს შოთა უტიაშვილის მიერ ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ პოსტს, რომ ამომრჩეველი დააფრთხო მიშას ნათქვამმა, ჩამოვდივარ და ჯარი და პოლიცია ჩემს მხარეზეაო.
პოლიტოლოგ გია ნოდიას მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილი პარტიის ხელმძღვანელობას უნდა ჩამოშორდეს, რადგან ოდესის ოლქის გუბერნატორობა და საქართველოში პარტიის ხელმძღვანელობა ერთმანეთთან შეუთავსებელია. პარტიიდან სააკაშვილის ჩამოშორების ნოდიასეული არგუმენტები ასეთია:
„ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ეს 27% სააკაშვილის რეიტინგია, თუ პარტიის“;
„სააკაშვილს ხელმძღვანელობაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. პარტიას რომ დაუპირისპირდეს, ძალზე მტკივნეული იქნება. შეიძლება, ის იყოს „ნაცმოძრაობასთან“, მაგრამ პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს პარტიის საქმიანობის წარმართვაზე“;
„სააკაშვილს მოწოდებები აქვს, მაგრამ შემდეგ პარტია მას დიდად არ უჯერებს. ეს იწვევს გაუგებრობას, ბუნდოვანებას, მესიჯების არა თანხვედრას. სწორედ ამიტომ უნდა შეიკავოს თავი“.
უსმენენ თუ არა დნეპრს მიღმა დარჩენილს თანაპარტიელები, ეს გაურკვეველია, მაგრამ სააკაშვილი გამუდმებით ახვევს მათ თავს საკუთარ იდეებს, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი იდეა ასე ჟღერს: ახლა გვჭირდება გადაჯგუფება, აუცილებლად მოვაშორებთ ივანიშვილის რეჟიმს. თუმცა საინტერესოა, ეს მესიჯი, რომ „ნაცმოძრაობას“ გადაჯგუფება სჭირდება, სააკაშვილმა საკუთარ თავზე ხომ არ იწინასწარმეტყველა და „ნაცმოძრაობაში“ „დიდი გადაჯგუფება“ სწორედ სააკაშვილის გარეშე ხომ არ ჩაივლის?
„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი For.ge-სთან საუბარში გია ნოდიასა და შოთა უტიაშვილის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვერ დაეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ვინმემ ერთმანეთს უნდა დააბრალოს არჩევნებში „ნაციონალების“ შედეგები.
„თურმე ვინმეს გამოჩენასა და მის განცხადებას - „ჩამოვდივარ, ჯარი და პოლიცია ჩემს მხარეზეა“, უმოქმედია არჩევნების ბედზე. მე არ მაქვს განცდა, რომ ამან დრამატული გავლენა მოახდინა არჩევნებზე. არჩევნებზე დრამატული გავლენა მოახდინა ხელისუფლების უზარმაზარმა ადმინისტრაციულმა რესურსმა და ძალადობამ, რომელიც განხორციელდა საარჩევნო პროცესის დროს“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა და შეკითხვის საპასუხოდ, დადგა თუ არა დრო, პარტიის ხელმძღვანელობას ჩამოშორდეს სააკაშვილი, ორაზროვნად აღნიშნა: „მიშა სააკაშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ის არის ლიდერი, ახლა უკრაინაშია ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე. ამიტომ, სანამ იარსებებს ეს პარტია, მიშა სააკაშვილს ექნება თავისი სიტყვა ამ პარტიაში მონაწილეობაზე“.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ გამორიცხული არ არის, სააკაშვილი ჩამოაშორონ პარტიის ხელმძღვანელობას. იქნებოდა თუ არა ეს გონივრული ნაბიჯი, პოლიტოლოგს ამის თქმა უჭირს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი პრაგმატული იქნებოდა.
„პოლიტიკისთვის სააკაშვილის შემოდგომა ჯერ კიდევ შორსაა. ამიტომ შეიძლება მან 1-2 ციკლი გამოტოვოს ლიდერის პოზიციაზე. მით უმეტეს, სააკაშვილი რა, ხომეინი ხომ არ არის? ხომეინმა ირანში შეცვალა ხელისუფლება უცხოეთიდან, საფრანგეთში ცხოვრობდა თვითონ და რევოლუციის მერე ჩავიდა ირანში, მაგრამ იქ რელიგიურ ფანატიკოსთა მასა იყო. საქართველოში კი სულ სხვაგვარი ვითარებაა“,- აღნიშნა სოსო ცინცაძემ და დასძინა, რომ პატარა ტაიმ-აუტი სააკაშვილის პოლიტიკურ სიკვდილს არ მოასწავებს, მას ასაკი ჯერ კიდევ უწყობს ხელს. თანაც, სააკაშვილი პოლიტიკას ასე ადვილად ვერ შეელევა, თუმცა ისიც საკითხავია, ამ ტაქტიკურად სწორი სვლის შემდეგ მის გარეშე განახლებული პარტია მომავალში მიიღებს მის ლიდერობას? „ნაციონალთა“ ახალი ძალებისთვის რამდენად სასარგებლო იქნება სააკაშვილი განმეორებით? ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა და წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი რეიტინგი არის არა პარტიის დამსახურება, არამედ მიხეილ სააკაშვილის პირადი დამსახურება, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, ამაზე მეტს ისინი ვერაფერს შეძლებდნენ. პირიქით, დინამიკა კიდევ უფრო უკან-უკან წავა. უბრალოდ, წინასაარჩევნოდ „ნაციონალებმა“ რაღაცნაირად მოახერხეს, რომ ხმების მატებას მიაღწიეს, მაგრამ, მთლიანობაში, მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. ამიტომ აჯობებს, „ნაცმოძრაობა“ გაემიჯნოს მიხეილ სააკაშვილს და ისევ ნულიდან დაიწყოს ყველაფერი.
„გავიხსენოთ, რომ „გირჩების“ დამფუძნებლები, ასევე, გიორგი ვაშაძე „ნაცმოძრაობიდან“ წავიდნენ უშუალოდ შიდა უპერსპექტივობის გამო. თუკი „ნაცმოძრაობა“ რეალურ რეორგანიზებას შეძლებს, შეიძლება, მათგან წასული ადამიანებიც დაიბრუნოს. გაბნეული რესურსებით შეიძლება ისევ ერთიან ძალად ჩამოყალიბდეს, ოღონდ სააკაშვილის გარეშე. თუმცა „ნაცმოძრაობის“ დღევანდელ განლაგებაში, არსებულ სახეებში მხოლოდ სააკაშვილი არ იწვევს საზოგადოების დიდი ნაწილის ნეგატივს. მთლიანად მათი სახეები იწვევენ გაღიზიანებას, გინდაც სამადაშვილი, გინდაც ხოშტარია, გინდაც ბოკერია. მარტო სააკაშვილში არ არის საქმე, არამედ ყველა იმ სახეში, რომლებიც არაადეკვატური იყო პროცესებისა და ადამიანების მიმართ. მართალია, „ნაცმოძრაობაში“ ფიქრობენ, სააკაშვილის რიტორიკა რომ არა, შესაძლოა, მერყევი ხმები მათკენ წასულიყო, თუმცა მე ვფიქრობ, ეს ასე მაინც არ იქნებოდა. უბრალოდ, არჩევნებში აქტიობა კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა და „ნაცმოძრაობის“ წილი შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მაღალი, ანუ ეს წმინდა პოლიტექნოლოგიების თამაშია“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.
ამასთან, ეჭვობს, რომ „ნაცმოძრაობამ“ ამ სახელწოდებითა და ძირითადი სახეებით ვინმე ნდობით განაწყოს, გარდა საკუთარი აქტივისტებისა, რომლებიც კიდევ ჩამოაკლდებათ, რადგან აქტივისტების ნაწილი მიშას გულშემატკივრად დარჩება.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სააკაშვილისგან დისტანცირების პროცესი „ნაცმოძრაობაში“ უკვე დაიწყო, როდესაც საჯაროდ გადაწყვიტეს იმის განხილვა, უნდა შევიდეს თუ არა მათი ჯგუფი პარლამენტში.
„ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება უკვე დაიწყო. დაპირისპირება როდის გადაიქცევა განხეთქილებაში, ამის ვარაუდი ცოტა ძნელია. რადგან „ნაცმოძრაობის“ ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, შევიდეს პარლამენტში, სააკაშვილი იძულებული იქნება, ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმოს. „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობას პარლამენტში შესვლისგან რომც შეეკავებინა თავი, მათ შორის მაინც მოიძებნებოდა ჯგუფი, რომელიც დატოვებდა „ნაცმოძრაობას“ და მაინც შევიდოდა პარლამენტში. სააკაშვილი კი შეეგუება იმას, რომ ის აღარ იქნება ერთპიროვნული მმართველი“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.