„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომ მონაწილოება მიიღონ არჩევნების მეორე ტურში, მიესალმება აშშ-ის ელჩი. იან კელის შეფასებით, ქვეყნებს სჭირდებათ პოლიტიკური და მედიაპლურალიზმი წარმატებისა და განვითარებისთვის. აშშ მზად არის, დასახმარებლად. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის მანდატებზე უარის თქმას არ აპირებს და მეორე ტურშიც მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილოების საკითხს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. მეორე ტურსა და პარტიის პარლამენტში შესვლას ეწინააღმდეგებოდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მაგრამ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გუნდის უმცირესობაში აღმოჩნდა. პოლიტსაბჭის 46 წევრიდან სააკაშვილს მხარი მხოლო 9 წევრმა დაუჭირა.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გრძელდება, რასაც პარტიის დემოკრატიულობით ხსნიან. პოლიტსაბჭოს 9 წევრი, რომელთა შორის არიან ზურაბ მელიქიშვილი, აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წუკლაური, გუნდში რჩებიან და „ნაციონალური მოძრაობასთან“ ერთად აგრძელებენ ბრძოლას. მათივე განცხადებით, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ გუნდი სააკაშვილს გაემიჯნა.
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ადამიანები, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაზე თავად არიან პასუხისმგებელი.
„ბევრ რამეს გამოაჩენს დრო. ვნახავთ შედეგებს, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი. მიმაჩია, რომ არჩევნებზე მოხდა ტოტალური გაყალბება. არ ვიყავი მომხრე ჩვენი დეპუტაციის პარლამენტში შესვლისა. ამ პარლანენტში, უბრალოდ, შეუძლებელია ჩვენი ქვეყის ინტერესების დაცვა. უნდა დაგვეტოვებინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მარტო პარლამენტში, მაგრამ გუნდის წევრების უმრავლესობამ მიღო სხვა გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
მიიღებს თუ არა მეორე ტურში მონაწილებას, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია სანდრა რულოვსს. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ დიდი შანსი აქვს, პირველივე ტური მოიგოს და ამის მერე დაფიქრდება მეორე ტურზე.
„ჩემთან ჯერ პირველი ტურია. მოგეხსენებათ, რომ ჯიხაშკარში იყო ძალიან დიდი გაყალბება, იყო ყუთების გატაცების და დამტვრევის ფაქტები, ამიტომ ჯერ ჩემთან დგას პირველი ტური. 22 ოქტომბერს ჩატარდება კვლავ ორ უბანში პირველი ტურის განმეორებითი არჩევნები. ჩემ კონკურენტთან მაქვს მცირე სხვაობა, რა თქმა უნდა, მე არ მჯერა, რომ ეს პატარა სხვაობაც კი იყო. მე ჩემს თავს გამარჯვებულად ვთვლი. მე მგონი, არის დიდი შანსი, რომ მოვიგოთ პირველივე ტურში. მერე დავფიქრდები მეორე ტურზე“, - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი ვარაუდობს, რომ პარტიები, რომლებიც საკუთარ თავს პროდასავლურს უწოდებენ, ნამდვილად გააცნობიერებენ, რომ საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მეორე ტურში.
„მიუხედავად არათავისუფალი, ძალადობრივი საარჩევნო გარემოსა, მიუხედავად გაყალბებისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენს უკან არის ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა. ყველა ეს ადამიანი იმსახურებს, რომ ჩვენ უფრო მეტი წარმომადგენლობა გვყავდეს პარლამენტში“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
მეორე ტურში ყველა საარჩევნო ოლქის მოგებას აანონსებს ირაკლი კობახიძე, რაც მისივე თქმით, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან რთული დილემის წინაშე დადგა, რადგან ეს პარტია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მათ თამასა ძალიან მაღლა ასწიეს, როცა მოგებაზე და არარეალურ ციფრებზე საუბრობდნენ. შესაბამისად, შექმნეს არარეალური მოლოდინი და ის დღევანდელი პროცესები, რაც ამ პარტიაში წარიმართა, სწორედ ამ იმედგაცრუების შედეგია. ზუსტად იცოდნენ, რა შედეგსაც მიიღებდნენ, იცოდნენ, რომ გამარჯვება გამორიცხული იყო და ისინი დამარცხებისთვის განწირული იყვნენ.
თითქოს, საუბარია მათ რიგებში აზრთა სხვადასხვაობაზე და სააკაშვილისგან გამიჯვნის მცდელობაზე, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ამ პარტიამ როგორი მოდიფიკაციაც არ უნდა განიცადოს, მათი გუნდი მაინც ისეთად დარჩება, როგორიც ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
პოლიტიკური გაერთიანება„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს. ჯაფარიძე ამბობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური რეალობა „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, არჩევნების მეორე ტურზე წავა და საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ მისცემს ხმას.
„მე არ მჯერა, რომ არჩევნების მეორე ტური ტოვებს მნიშვნელოვან შანსს „ოცნებამ“ არ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. არც იმის მჯერა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ, რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა, რამდენიმე „რამაზ ნიკოლეიშვილი“ პრინციპულობის მაგალითს გვაჩვენებს. მეტიც, მე მჯერა, რომ სამწუხარო რეალობა რომელშიც აღმოვჩნდით მნიშვნელოვანწილად სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა. არ შეცვალა არსებული საარჩევნო სისტემა, რადგან სჭირდებოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, არ შეამცირა ბიუროკრატია რადგან სჭირდებოდა „ადმინიატრაციული რესურსი“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად“, - წერს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, ენმ-მა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ისევე როგორც მერე, გააკეთა ყველაფერი, რომ წარმოდგენილიყო როგორც „ერთადერთი პროდასავლური ძალა“ პოლიტიკურ ველზე. ივანიშვილმა უბრალოდ გამოიყენა ყოველივე ეს და აქვს დიდი შანსი მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტში.
„ასევე არ მჯერა, რომ „ოცნება“ - ივანიშვილი აპირებს საქართველო მოწყვიტოს ევროპას და წაიყვანოს ევრაზიის კავშირისკენ. არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე ყველასთვის და ყველაფრისთვის, მათ შორის „ოცნებისთვისაც“, მიუხედავად იმისა, მოგწონს „ოცნება“ თუ არა. ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში მისვლას და ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ. მესმის, რომ შანსები ძალიან, ძალიან პატარაა, მაგრამ ჩემთვის ეს პრინციპის საკითხია და ვალდებულებაა ჩემი შვილების წინაშე“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.