"სააკაშვილს უკრაინაში ლიმიტი ეწურება“

სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლი - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - ამ მუხლით დაიწყო უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის შესწავლა. ძიების დაწყების საფუძველი რადას რამდენიმე დეპუტატის მოთხოვნა გახდა, რომლებმაც სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია გენერალურ პროკურატურას მიაწოდეს და საქმის აღძვრა მოითხოვეს. საქმე „ОПЗ“ (ოდესის საპორტო ქარხნის) გაყიდვას ეხება.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ნაზარ ხოლოდნიცკიმ უკრაინულ გამოცემა „vesti-ukr“-ს და „rbc.ua“-ს დაუდასტურა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით, ანტიკორუფციულ სააგენტოს „სახალხო ფრონტის“ დეპუტატებმა - ნიკოლაი კნიაჟნიცკიმ, პაველ პინზენუკმა, ალექსანდრ დროზდიკმა და „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ დეპუტატმა დიმიტრი გოლუბოვმა უკრაინის გენერალურ პორკურატურას ჯერ კიდევ 12 სექტემბერს მიმართა.

კერძოდ, დეპუტატები მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდენენ. მათი მტკციებით, სააკაშვილის ქმედებებმა ოდესის საპორტო ქარხნის გასაყიდი ფასის შემცირება გამოიწვია, რის გამოც სახელმწიფო 6,5 მილიარდი გრივნით დაზარალდა.

„დეპუტატები მიხეილ სააკაშვილს ბრალს დებენ, რომ მან სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით დაარღვია სამეურნეო საქმიანობის შესახებ კანონი, ასევე ოდესის ოლქის გუბერნატორს კორუფციულ გარიგებაშიც ადანაშაულებენ. დეპუტატების განცხადებით, სააკაშვილის ქმედებების გამო სახელმწიფოს 6,5 მილიარდი გრივნის ზარალი მიადგა. ეს ზარალი ნაწილობრივ სწორედ ქარხნის გაყიდვისას ფასის დაწევამ განაპირობა“, - აცხადებს ნაზარ ხოლოდნიცკი.

ნაზარ ხოლოდნიცკის განცხადებით, დეპუტატების განცხადებისა და სხვა მასალების გათვალისწინებით, წინასასამართლო განხილვები უკვე ჩაინიშნა. სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაწყებულია. რადას დეპუტატების შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდესის გუბერნატორს კორუფციაში ქვეყნის პრეზიდენტიც ადანაშაულებს. 8 ოქტომბერს ოდესაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ოდესა-რენის ახალ გარემონტებული მაგისტრალის გახსნის დროს საჯაროდ უსაყვედურა.

მედიის ცნობით, პეტრო პოროშენკომ უკმაყოფილება გამოთქვა ავტომაგისტრალის ინფრასტრუქტურისა და ბეტონის საფარის ხარისხის გამო.

„შენ ამას ეძახი გზის ხარისხიან რეაბილიტაციას? რა არის ეს საერთოდ? რატომაა, რომ სხვა ოლქების საბაჟოები ასობით მილიონ გრივნას თავად გამოიმუშავებენ გზების გასაკეთებელად, თქვენ კი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფულს ითხოვთ. რა ხდება თქვენთან ოდესის პორტებში? ამაზე დაიხარჯა ამდენი მილიონი? ამ გზებზე?

რატომ გადაინაცვლა შენმა ოლქმა ეკონომიკური აქტივობით უკანასკნელ პოზიციაზე? სადაა მილიარდიანი ინვესტიეციები რომელსაც შემპირდი? ესაა თქვენს მიერ ჩამოყვანილი „რეფორმატორების“ გუნდის შედეგი? რა გააკეთეს მათ, სად არის შედეგები? საქართველოში არჩევნებში ერევი, ნიუ იორკის სამიტებზე დადიხარ და ჩაბარებულ რეგიონს ყურადღებას არ აქცევ“, - მიმართა პეტრო პოროშენკომ ოდესის გუბერნატორს, თუმცა სააკაშვილმა კითხვები უპასუხოდ დატოვა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ისინი ამ ინფორმაციის გავრცელებაში რუსეთის სპესსამსახურების ხელწერას ხედავენ.

შეგახსენებთ, რომ ოდესის გუბერნატორის თანმადებობიდან შესაძლო განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია 7 ოქტომბერს გავრცელდა. საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართული მხარის მიერ დადასტურა უკრაინის მოქალაქისა და ოდესის გუბერნატორის მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება.

სააკაშვილი ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება, თუმცა უკვე სახელდება მისი შემცვლელის ვინაობა, მას ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ივანე პლაჩკოვი შეცვლის. ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ უკრაინის პირველმა პირმა წამზომი ჩართო.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის სააკაშვილი თავიდანვე უცხო სხეული იყო, რადგან მათ აქვთ თავისი ინტერესები, რასთანაც კონფრონტაციაში შედიოდა სააკაშვილი.

„სააკაშვილის საკმაოდ აგრესიული ქმედებები, არ შეესაბამებოდა იმ გეგმებს, რაც ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებას. სააკაშვილი მათთვის სერიოზული დისკომფორტი იყო თავიდანვე, რადგან არ იყო კონტროლირებადი. პოროშენკოს ძალიანაც არ მოსწონდა ეს ყველაფერი, მაგრამ სააკაშვილი ხელშეუხებელი იყო, რადგან საერთაშორისო იმუნიტეტი ჰქონდა. დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა, ვერ მოახერხა რეფორმების გარტარება და მისი საერთაშორისო ლობისტების გაგებით წარმატებული არ იყო და ჭაობში ჩაიძირა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, უკრაინასთან ერთად, სააკაშვილის პოზიციები საკმაოდ შეირყა საქართველოში და მისი პოლიტიკური ფასი განახევრებულია. ამ სურთას კარგად ხედავს პოროშენკო და ისიც კარგად ესმის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იმ დოზით არ დაიცავს სააკაშვილს, რა დოზით იცავდა ერთი წლის წინ.

„პოროშენკო გადავიდა გრძელვადიან შეტევაზე. პირველ ეტაპზე შეეცდება ჩასვას ვერტიკალში და აჩვენოს ვინ არის სახლში უფროსი. ამის გამოვლინება იყო ის საჯარო ინციდენტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მეორე ეტაპზე, როდესაც სააკაშვილი საკმარისად იქნება მიჭირხვნილი, საბოლოოდ დაასრულებს მას.

სააკაშვილმა კარგად იცის, რომ აქითკენ მიდის ყველაფრი და ზუსტად ამიტომ ლობირებდა საქართველოში რევოლუციურ სცენარს. უკრაინაში წამზომი ჩართულია, მას უნდოდა - ან „გმირულად“ დაღუპულიყო, ან რაღაცა შანსები ეძება და ეს შანსები ეძლეოდა საქართველოში რევოლუციის განვითარების შემთხვევაში. პოლიტიკურ ლიდერად დარჩენის შანსი კი სააკაშვილს უკვე აღარ აქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის განცხადებით, სააკაშვილთან მიმართებაში რომ სერიოზული კითხვები არსებობს, ამასვე ადასტურებს გავრცელებული ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს როგორ ელაპარაკებოდა პოროშენკო სააკაშვილს.

„დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკოს არ მოსწონს, როდესაც მისი ჩინოვნიკი ღიად ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში. მეორეც, მიუხედავად არაერთი განცხადებისა, რომ ის ებრძვის კორუფციას, თვითონ აღმოჩნდა კორუფციის მორევში გარეული. სააკაშვილის ძალიან სერიოზული ლობისტები ჰყავს აშშ-ში და ასე ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა, მაგრამ ის, რომ სერიოზული ბზარი გაჩნდა პრეზიდენტ პოროშენკოს გუნდსა და სააკაშვილის შორის, ეს ფაქტია.

ფაქტია, რომ 4 დეპუტატმა უკვე შეიტანა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მოთხოვნა, რომ შემოწმდეს სააკაშვილის საქმიანობა, მათ შორის არიან პოროშენკოს ბლოკის წევრები. ისინი საჩივარს პოროშენკოსთან შეთანხმების გარეშე ვერ შეიტანდნენ. ფაქტია, რომ სააკაშვილის მდგომარება საკმაოდ მძიმეა უკრაინაში“, - აცხდებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

ის, რომ სააკაშვილი ფინანსური რესურსების მობილიზაციას თავს არ დაანებებდა და ამისათვის ოდესის ოლქს გამოიყენებდა, ამაში ეჭვი არ ეპარება გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს, რომლის განცხადებით, ამას რა მექანიზმით ახრეხებს, ეს მეორე საკითხია, მაგრამ მისივე თქმით, სააკაშვილს ფინანსური ნაკადების მონოპოლიზების დიდი გამოცდილება აქვს და უდავოა, რომ ამ შემთხვევაშიც შეეცდებოდა კორუფციული ნაკადების მონოპოლიზებას.

„რამდენად შეძლო ეს მეორე საკითხია. ოდესა არ არის დახურული, ფაქტია, რომ პოროშენკომ სრული კარტბლანში არ მისცა სააკაშვილს, რომ ბოლომდე დაეკომპლექტებინა ძალოვნები და თვითონ ეკონტროლებინა ყველაფერი. სხვათა შორის ადეიშვილის უკრაინიდან წასვლა არის ინდიკატორი იმისა, რომ შეეცადა მონოპოლიზებას, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძლო. ვფიქრობ, რომ ადეიშვლმა დაჭერას გაასწრო უკრაინიდან“, - აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის კარიერას, რომ უღრუბლო პოლიტიკის პრესპექტივა არ აქვს უკრაინაში, ისიც ცხადყოფს, რომ ძალიან ჩქარობს საქართველოში ე.წ. რევოლუციური პროცესების ფორმირებას.

„ეს მისი მოუთმენლობის ბრალი არ არის, უბრალოდ, როგორც ჩანს, სააკაშვილს უკრაიაში ლიმიტი ეწურება. ანუ, პოლიტიკური აღსასრულის წინაშე დგას, უკრაინაში დიდი დღე არ უწერია. ამიტომ, ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესებს. პოლიტიკური გადრაცვალების წინა აგონიაშია. სააკაშვილი ასრულებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და რაც უფრო მალე შეეგუება ამას მისთვისაც და მისი ოჯახისთვის არის კარგი. ერთი კაცის პირობაზე ძალიან ბევრი გააკეთა ცუდიც და ძალიან ცუდიც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლაშა ნაცვლიშვილმა.