თურქეთის ხელისუფლებამ სააკაშვილს სარფში აქციის ჩატარების უფლება არ მისცა

თურქეთის ხელისუფლებამ სააკაშვილს სარფში აქციის ჩატარების უფლება არ მისცა

5 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული წინასაარჩევნო აქცია მიხეილ სააკაშვილის ოდესიდან ჩართვით დაიწყო. სააკაშვილის გეგმა, რომ აქციის მონაწილეებისთვის თურქეთიდან, კერძოდ სარფიდან მიემართა და ასევე, თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან გაემართა შეხვედრა, ვერ შედგა.

მიზეზი კი, ოფიციალური თურქეთის გადაწყვეტილება გახდა. თუქეთის ხელისუფლებამ სააკაშვილს პოლიტიკური ტრიბუნა არ მისცა. for.ge-მ ინფორმაცია თურქეთის საელჩოში გადამოწმა, როგორც საელჩოში გვითხრეს, შეკითხვის სწორი ადრესატები არ არიან, რადგან აღნიშნული ინფორმაცია არ აქვთ. ინფორმაცია არ აქვთ არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის განცხადებით, სააკაშვილის მიერ დაგეგმილი აქცია არ ჩატარდა, რადგან თურქეთის ხელისუფლებამ არ მოინდომა აქციის ჩატარება.

„მსოფლიო პოლიტიკა მარტო ღია მხარით არ უნდა განვიხილოთ, კულუარული მოქმედებებიც არის. ყველას ახსოვს სააკაშვილის განცხადება, რომ არჩევნების წინ აუცილებლად ჩაატარება აქციას სარფში. ვიცი, რომ ამას აპირება და ამ ხერხით ცდილობდა მოეხდინა თანამოაზრეთა კონსოლიდაცია, მაგრამ ეს აქცია არ ჩატარდა და არ ჩატარდა იმიტომ, რომ თურქეთის ხელისუფლებამ არ მოინდომა ამის გაკეთება. არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თამაშს თამაშობს საერთაშორისო პოლიტიკურ სივრცეში და ცდილობს ეს ილუზია, რაც სააკაშვილის გარშემო არსებობს მსოფლიოში, გაფანტოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

მისივე თქმით, პარალელურად სააკაშვილიც ცდილობს თავისი თამაში ითამაშოს საერთაშორისო დონეზე და ის ფაქტორი, რომ დღეს, საქართველოს ტერიტორაზე მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველია, ეს არაა მათი პირადი სურვილების გამოხატვა, არამედ, ზოგიერთი აზერბაიჯანული სტრუქტურების პოზიცია, რომელთანაც სააკაშვილის საკმაოდ სერიოზული ფინანსური გავლენები აქვს.

„აზერბაიჯანის სახელმწიფოს ზოგიერთი ოფიციალური სტურქურა პრაქტიკულად, მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ერევა საქართველოს საქმეში. ამის დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ აზერბაიჯანელი ამომრჩევლის პოზიცია აქითკენ მიგვანიშნებს“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძეს ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ თურქეთის ხელისუფლება პოლიტიკურად უფრო სწორად მოაზროვნე აღმოჩნდა, ვიდრე უკრაინის ხელისუფლება. როგორც ექსპერტი აცხადებს, ამ შემთხვევაში თურქეთმა, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება.

„პატივი სცა საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და განწყობილებას. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო თურქეთის ხელისუფლებამ, რადგან იმ ადამიანისთვის პოლიტიკური ტრიბუნის მიცემა, რომელიც ძებნილად არის გამოცხადებული საქართველოში, ეს ქვეყნის მიმართ უპატივცემულობას ნიშნავს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს ძლიერი ლობისტები ჰაყვს ამერიკაში, საყვარელიძე დარწმუნებული არ არის, რომ ამერიკულ ლობს თავი შეეწუხებინა ასეთი აქციის პოლიტიკური უზრუნველყოფისთვის.

„თურქეთ-ამერიკის ურთიერთობას თუ გავითვალისწინებთ, მეეჭვება ამერიკელი ლობი ვინმეს გამოადგეს თურქეთში და მათ შორის სააკაშვილს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკული ლობი თავს შეიწუხებდა ასეთი აქციის პოლიტიკური უზრუნველყოფისთვის. არ მგონია, დღეს ამერიკული ლობი ისევე იყოს სააკაშვილის მიმართ განწყობილი, როგორც ადრე. ეს ეტყობა ამერიკის საელჩოს საქართველოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.