„არის ბოკერიას გზა, რომელიც 2020 წელს ხელისუფლებაში დაბრუნებაზეა ორიენტირებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, სააკაშვილის მხარეს არგუმენტები უკვე ძალიან ცოტაა, ვინაიდან არჩევნებმა საერთაშორისო თანამეგობრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში ლეგიტიმაცია მიიღო, საზოგადოებაში რევოლუციური განწყობები არაა, შესაბამისად, დღეს კრიზისის ინიცირება საკმაოდ ხელოვნური იქნებოდა და ძალიან მაღალი რისკის შემცველი პარტიის მომავლისთვის.
for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.
ამ არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა, რომ 4 წლის განმავლობაში ნახევარ მილიონამდე ხმის მობილიზება შეძლო. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამ პოლიტიკურ ძალის მიმართ ამომრჩეველთა შემობრუნება?
გია ხუხაშვილი: 2012 წლის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი დაახლოებით 300 ათასი იყო. გამომდინარე წინა ისტორიიდან, გვქონდა იმის ღრმა რწმენა, რომ ამ პოლიტიკურ ძალას განვითარების არანაირი პრესპექტივა არ ჰქონდა, მაგრამ ამ არჩევნებზე თითქმის გააორმაგა თავისი ელექტორატი. „ნაცმოძრაობის“ სახალხო ლეგიტიმაცია დღეს არის ბევრად უფრი მაღალი და ამაში ლომის წვლილი „ქართულ ოცნებას“ მიუძღვის.
რატომ, რა კავშირებს ამასთან მმართველ ძალას?
- იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამყარო ორ ნაწილად გაყო. თქვა, რომ ამ სამყაროში არსებობს მხოლოდ ორი ძალა, ერთი კეთილი, რომელიც მე ვარ და მეორე ბოროტი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ვინც მესამე მხარეს გაიხედებით, ყველანი ხართ შუაშისტები და მავნებლები. აი, ეს იყო „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილი და ეს გზავნილი მიჰქონდათ ე.წ. შეთქმულების თეორიებით. ნახავთ ახლა როგორი იქნება 315-ე მუხლით აღძრული საქმის ბედი.
ეს იყო წინასაარჩევნო მანიპულაცია და ადამიანები, რომელსაც ჰქონდათ იმედი, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდოდა პოლიტიკიური ბაზრიდან, ან მინიმუმ იმდენად შეიფერთხებოდა, რომ ხმის ამოღების საშუალება არ ექნებოდა ქართულ საზოგადოებაში, პირიქით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ გაეძლიერებინა და მეტი ლეგიტიმაცია მიეღო.
რა გახდა ამომრჩევლის გაზრდის მიზეზი, ეს ალბათ, მმართველი პარტიისთვის კვლევეის საგანი უნდა გახდეს, რადგან წინ გაქვს როგორც საპრეზიდენტო, ასევე თვთმმართველობის არჩევნები. რამდენად მაღალია რისკი იმისა, რომ 2018 წლისთვის გაიზარდოს ამ ფლანგის ამომრჩეველი?
- პირდაპირ გეტყვით - „ქართული ოცნების“ ერთადერთი გზავნილი, რითაც მოიგო ეს არჩევნები, იყო სისხლიანი 9 წელი, მთელი კამპანია ააგეს სისხლიან 9 წელზე, შეთქმულების თეორიაზე და კომპრომატებზე. იგივე ტექნოლოგია გამოიყენეს, რასაც აკეთებდა მიშა სააკაშვილი თავის დროზე - მე თუ არ ამირჩიე, რაღაცა საშინელება დატრიალედება. როდესაც ამ გზავნილით მიდიხარ, ამომრჩეველს არ უტოვებ არჩევანს. ყველას უნდა სტაბილურობა და სიმშვიდე. შესაბამისად, მივიღეთ ის სურათი, რაც მივიღეთ.
ამ ვითარებაში როგორია ლეგიტიმაციის ხარსხი?
- დღეს „ქართული ოცნება“ 25%-ით იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მას აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, მაგრამ აქვს ძალიან სუსტი სახალხო ლეგიტიმაცია. ეს ყოველთვის პრობლემატური ხდება ნებისმიერი ხელისუფლების ხელში. როდესაც იმაზე მეტი ძალაუფლება გაქვს, ვიდრე შენ ხალხისგან გაქვს მანდატი მონიჭებული, ყოველთვის რჩება იმის რისკი, რომ შენ ეს ძალაუფლება ბოროტად გამოიყენო. იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ამ ურჩხულის, ანუ სისტემის მძევალი არ გახდება.
რაღაცნაირად თვითშემაკავებელ მექანიზმებს გამოიმუშავებს, მაგრამ რისკი ძალიან მაღალია. პოლიტიკურად გამოუცდელი იმდენი ადამინია იქ, გამომდინარე იმ მარტივი ფორმულიდან - ძალაუფლება რყვნის და აბსოლიუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის - საფრთხე იმისა, რომ სისტემამ კოლექტიური მურუსიძის სახით საბოლოოდ მოიგდოს ყველაფერი ფეხქვეშ, არის ძალიან მაღალი. ამ ქვეყანაში ერთხელ უკვე ითქვა, მოგენატრებათ მამათი, არ მინდა, რომ ეს ფრაზა მეორედ ითქვას.
„ნაციონალური მოძრაობა“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს, ნაწილი ფიქრობს, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა მიეცეს და ამასვე ამბობს სააკაშვილი. მეორე ნაწილი თვლის, რომ უნდა გამოიყენონ ტრიბუნა. როგორ ფიქრობთ, ამ დაპირისპირების ფონზე, გამოიყენებს ეს ძალა შესაბამის რესურსს და საკონსტიტუციო უმრაველობის შექმნის შესაძლებობას არ მისცემს ხელისუფლებას?
- ამის შანსი „ნაციონალურ მოძრაობას“ პრაქტიკულად, არ აქვს. ამ წუთას „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 66 დეპუტატი, მას სჭირდება კიდევ 47 დეპუტატი იმისათვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ამას ვერ მოახერხებს, ძირითად საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აქვს საფუძვილიანი ვარაუდი, რომ ითანამშრომლოს იგივე „პატრიოტთა ალიანსთან“ და მასთან ერთად ნებისმიერ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას მიიღებს.
რაც შეეხება შიგნით პოლიტიკური განვითარების ამ ორ კონცეფციას, ერთი არის მოკლევადიანი, ანუ რევოლუციური, პირობითად ამას ვუწოდოთ სააკაშვილის სცენარი და არის მეორე უკვე ბოკერიას სცენარი, ეს არის გრძელვადიანი - 2020 წელს ხელისუფლებაში დაბრუნების სცენარი. ამ ყველაფერს აქვს თავისი არგუმენტები. სააკაშვილის სცენარი არის რევოლუციური, კრიზისის ინიცირება, ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა და მცდელობა, რომ პარლამენტის დელეგიტიმაცია მოხდეს, ანუ სწრაფი კრიზისის ფორმირება.
რესურსი იმისა, რომ სააკაშვილის სცენარით განვითარდეს პროცესები, აქვს ამ პოლიტიკურ ძალას?
- საკმაოდ მაღალი რისკია თვითონ პარტიისთვის, რაც მათ ძალიან კარგად ესმით. დღეს ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია ნამდვილად არ არის და ასეთი ტიპის კრიზისის ფორმირებას ძალიან ხელოვნური სახე ექნება. მით უმეტეს, რომ როგორც უცხოეთში, ასევე ადგილზე სამოქალაქო სექტორი და საზოგადოების ყველა სეგმენტი შეთანხმებულია ამ შედეგებზე. ამიტომ, ახლა ძალიან ყალბი იქნება ხელოვნური კრიზისის ფორმირება. შესაბამისად, პროცესების ასე განვითარების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობაც“ ძალიან მაღალი რისკის ქვეშ დადგება. არ აქვს ისეთი მორალური უპირატესობა, რომელიც რევოლუციური სცენარის განვითარების საშუალებას მისცემს. როცა რესურსი არ გაქვს, კრიზისის ფორმირებას ვერ მოახერხებ და თუ არც პარლამენტში არ შეხვედი, თამაშგარეთ რჩები და ტრიბუნასაც კი კარგავ.
რატომ იხრება სააკაშვილი ასეთი სარისკო ნაბიჯისკენ?
- მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ღამურას როლში, აღარც ცის არის და აღარც მიწის. მას აღარ აქვს დრო, სააკაშვილის პოლიტიკური დრო იწურება. უკრაინაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი პოლიტიკური მომავალი. პრინციპში, ის როგორც რეფორმატორი ისე სჭირდებოდათ და ამ მხრივ ვერაფერი ვერ მოახერხა, ყველას მოაბეზრა თავი. უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი ძალიან ბუნდოვანია. შესაბამისად, ძალიან ცოტა დრო აქვს იმისათვის, რომ ახალი პლაცდარმი იპოვოს პოლიტიკური სიცოცხლის გასაგრძელებლად. ნელ-ნელა ბრძოლას ურჩევნია, გადაეშვას ბრძოლის ველზე და ბოლო-ბოლო „გმირულად“ მაინც დაიღუპოს, ვიდრე გახრწნის რეჟიმზე გადავიდეს.
ამ დაპირისპირების ფონეზე, რომელი ფრთა გადაწონის?
- მე ვფიქრობ, რომ ბოკერიას ფრთა გადაწონის. ანუ, „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში, ამის ალბათობა ბევრად უფრო მაღალია. დღეს, ბევრად მეტი არგუმენტებია ბოკერიას სასარგებლოდ, ვიდრე საწინააღმდეგოდ.
ეს უკვე ნიშნავს, რომ სააკაშვილი შეიძლება ბოკერიას ფრთამ ჩამოაშოროს მართვის პროცესებს?
- მიუხედავად თავისი არასტაბილური ფსიქიკისა, მიშა სააკაშვილი მაინც პოლიტიკურ ცხოველად რჩება. კარგად ესმის, რომ შიდა დებატები წააგო, ის უკან დაიხევს, არ წავა დაპირისპირებაზე და პარტიის გახლეჩვაზე, ეს სავსებით ცხადია. ამ პარტიას ამის უნარი აქვს, შესაბამისად, კატაკლიზმებს არ ველოდები. უბრალოდ, სააკაშვილი უკან დაიხევს, მაგრამ ჩასაფრდება, დაელოდება უფრო სასარგებლო მომენტს იმისათვის, რომ რევანში აიღოს ბოკერიასთან. როგორც გითხრაით, ბოკერიას მხარეს დღეს არის მეტი არგუმენტები. მეტსაც გეტყვით, 2020 წლის დედლაინი, ანუ ბოკერიას გეგმა, საკმაოდ რეალისტური ჩანს დღევანდელი გადმოსახედიდან.
რატომ?
– იმიტომ, რომ თვითონ პოლიტ- ტექნოლოგიურად და გამომდინარე იმ მინი კრიზისებიდან, რაც ამ 4 წლის განმავლობაში გველოდება „ნაციონალური მოძრაობა“ უგებს ხელისუფლებას და 4 წლის შემდეგ სისხლიან 9 წელზე პირის გაღების უფლება არ ექნება „ქართულ ოცნებას“. დღეს ჩანს, როგორც ერთი დიდი ფარსი, მაგრამ 4 წლის შემდეგ ვერ იმუშავებს. ასე რომ, ბოკერიას კონცეფცია 2020 წელს ხელისუფლებაში დაბრუნების საკმაოდ რეალისტურია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მთავარი არგუმენტი „ქართული ოცნების“ ხელში აღარ იქნება.
მათ თვითონ აქციეს დიდ ფარსად იმ რეჟიმის დანაშაულებები, ნაცვლად იმისა, რომ ეს პარტია დაესუსტებინათ, მათ ფაქტობრივად შეუქმნეს იმუნიტეტი და საბოლოოდ გაათეთრეს ამ კუთხით. 4 წლის შემდეგ ნაციონალების დანაშაულზე საუბარს „ქართული ოცნებისგან“ აღარავინ არ მიიღებს. ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ჩამოყალიბებულია.
თუკი ჩამოყალიბდა, მაშინ რატომ არ აცხადებს ცალსახად, რომ შედის პარლამენტში?
- იმიტომ, რომ ეს დაძაბულობა მათზე მუშაობს. პირველი - მეორე ტურებია ჩასატარებელი და გარკვეული მუხტი შესანაჩუნებელი აქვთ, რომ მიიღონ მაღალი შედეგები, ამიტომ, საკითხი ღიად დატოვეს. მეორე - არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან მარტივი პოლიტიკური ლოგიკით, ისინი შეეცადონ გარკვეული გარანტიების მიღებას „ქართული ოცნებისგან“. ბუნებრივია, „ქართული ოცნებას“ არ უნდა ასეთი ვითარება და დემოკრატიის განვითარებისთვის მისთვის საზიანო იქნება პარლამენტში მარტო დარჩენა.
შესაბამისად, დაინტერესებული არიან „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შესვლით. ამიტომ „ნაცმოძრაობა“ დაუსვამს მარტივ კითხვებს - ჩვენ ახლა წინ მივდივართ, თუ გინდა რაღაცის გაკეთება - დაისმება ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას და „რუსთავი 2“-ის საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შესვლის ინტერესი, გარკვეულ გარანტიებს მიიღებს, რომ მათი დახრჩობა არ გაგრძელდება. მაგრამ თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ დაახრჩოს, მაშინ ურჩევნია პოლიტიკურად დღესვე გარდაიცვალოს. ახლა მიდის ეს მანევრები, რითი დასრულდება, ამას მომავალში ვნახავთ.
თუკი ბოკერიას გეგმაზე თქვა უარი „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურმა ფრთამ, მაშინ როგორ შეიძლება განვითარედეს პროცესები? ძალაში რჩება სააკაშვილის სცენარი - ანუ რევოლუცია?
- თუ დარწმუნდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს მათი ბოლომდე დახრჩობა, ამ შემთხვევაში შეიძლება გაძლიეირდეს სააკაშვილის პოზიციები. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, ამ ორი კვირის განმავლობაში როგორ შეძლებენ ერთმანეთთან დალაპარაკებას. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ ქართულ სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ არ უნდა გაუჭირდეთ მოლაპარაკება.
ბატონო გია, „ნაციონალური მოძრაობის“ რა ჯგუფი უჭერს მხარს ბოკერიას სცენარს?
- პარტიული ელიტის უმეტესობა იხრება გრძელვადიან სცენარზე, რომელშიც არის ასეთი ლოგიკა - პოლიტიკურად „ქართულ ოცნებას“ ვუგებთ, ჩვენი სისხლიანი 9-წლიანი მმართველობის თემა არის მოხსნილი, ვართ გათეთრებული, „ქართული ოცნება“ არის სუსტი მენეჯმენტის პარტია და შესაბამისად, 4 წლის შემდეგ პოლიტიკურად იქნება უფრო სუსტი, ვიდრე დღეს, შესაბამისად 2020 წელს გვაქვს რეალური შანსი, დიდი რისკების გარეშე დავბრუნდეთ ხელისუფლებაში - ეს არის ბოკერიას კონცეფციის მთავარი იდეა, რაც საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურება.
რაც შეეხება მეორე გზას, იქ არის სერიოზული სისუსტეები და ძალიან მაღალი რისკი იმისა, რომ პარტია ჩაირეცხოს, ამაზე წასვლა არავის არ უნდა. მაგრამ სააკაშვილმა და ამ მეორე ფრთამ თუ დაარწმუნა ე.წ. ზომიერი ფრთა, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ ისინი პოლიტიკურად მოკლას, მაშინ შეიძლება იქეთ გადაიხარონ. დღეის მდგომარებით ბოკერია ძალიან წინ არის, მაგრამ ამ ორ კვირაში თუ მოხდა ისეთი რამ, რაც „ნაცმოძრაობას“ დაარწმუნებს, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა მათი პოლიტიკური განადგურება, ამ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ეს კონიუნქტურა.