„სააკაშვილი იძულებული იქნება შეურიგდეს იმ განაჩენს, რასაც ბოკერია და ეს უმრავლესობა გამოუტანს“

„სააკაშვილი იძულებული იქნება შეურიგდეს იმ განაჩენს, რასაც ბოკერია და ეს უმრავლესობა გამოუტანს“

„სააკაშვილს ეშინია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მართვის სადავეები გაექცევა ხელიდან“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, გუნდი მხარს დაუჭერს ბოკერიას ჯგუფს და შევლენ პარლამენტში. სააკაშვილი კი, იძულებული იქნება წინა პლანზე არ წამოწიოს განხეთქილების თემა.

როგორ განვითარდება პროცესები „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ამ საკითხთან დაკავშირებით, for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ნაციონალურ მოძრაობაშიარსებული დაპირისპირება შეიძლება მივიდეს იმ კონდიციამდე, რომ რადიკალების და ლიბერალების ფრთა გაიყოს, ანუ პარტია დაიშალოს? ვხედავთ, რომ სააკაშვილის იდეას, არ შევიდნენ პარლამენტში და მონაწილეობა არ მიიღონ მეორე ტურში, არ იზიარებს ბოკერიას ფრთა...

ვახტანგ ძაბირაძე: ნამდვილად, დაპირისპირება სახეზეა, თუმცა, მგონია საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მიიღებს ის გუნდი, რომელიც საქართველოშია და რეალურად მიჰყავს პოლიტიკური პროცესი.

როგორი იქნება ამ გუნდის გადაწყვეტილება?

- გადაწყვეტილება იქნება შემდეგი - შევლენ პარლამენტში, მაგრამ გადაიზრდება თუ არა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება განხეთქილებაში, ეს არის პრობლემა. თუ გუნდის უმრავლესობა მხარს დაუჭერს სააკაშვილის იდეას, მაშინ დაპირისპრება გარდაუვალია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გუნდი მაინც მხარს დაუჭერს ბოკერიას ჯგუფს და შევლენ პარლამენტში. სააკაშვილი იძულებული იქნება წინა პლანზე არ წამოწიოს განხეთქილების თემა და შეურიგდეს იმ განაჩენს, რასაც ბოკერია და ეს უმრავლესობა გამოუტანს.

ეს იქნება პირველი ნაბიჯი ყოფილი პრეზიდენტის „ნაციონალური მოძრაობიდან“ დისტანცირების, რაც გუნდისთვის იქნება კარგი, უფრო თამამად იმოქმედებენ და სწორდ ამას ვვარაუდობდი, რომ თანადათან დაიწყებოდა დაშლის პროცესი. მაშინ, როდესაც არსებობს 2008 წლის გამოცდილება და ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მშვენივრად იციან, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ იგივე იდეას შესთავაზებდა სააკაშვილი საკუთარ გუნდს.

სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ უნდა უნდოდეს სააკაშვილს გუნდი დარჩეს გარეთ, რას აძლევს?

- სააკაშვილს ეშინია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მას მართვის სადავეები გაექცევა ხელიდან. თუ ქუჩაში დარჩებიან, ასეთ შემთხვევაში ეს სადავეები დარჩება სააკაშვილთან თავისი მოძღვრებით და ისევ ორიენტირებული იქნება ქუჩის აქციების აგორებაზე. მაგრამ, თუ პარლამენტში შევიდა „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ სააკაშვილს ნამდვილად გაუჭირდება ამ გუნდის მართვა. სხვა რეალურ მოტივს, რატომ უნდა სააკაშვილის გუნდის გარეთ დარჩენა, ვერ ვხედავ.

იმ შემთხვევაში, თუ ბოკრიას ფრთამ გაიმარჯვა და გუნდი შევიდა პარლამენტში, სააკაშვილი და ეს რადიკალური ფრთა დაემორჩილებიან პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილებას?

- მშვენივრად ემორჩილება ძალას, როცა ხედავს, რომ ეს ძალა რეალურია და მას საფრთხე ექმნება ამა თუ იმ მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილი საერთოდ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. აქ მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ფინანსები, რომელიც არ ვიცი ვის ხელშია. თუ მხოლოდ სააკაშვილი განაგებს ფინანსებს, მაშინ გამოიყენებს იმისათვის, რომ გუნდმა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ თუ სხვა და იგივე კეზერაშვილი არის ფინანსური წყარო, მაშინ შესაძლოა, ასე არ მოხდეს.

4 წელი ქუჩაში და თან არავინ იცის, რა პერსპექტივა ექნებათ ქუჩაში, მგონია, რომ ასეთი რადიკალური დაპირისპირება არც კეზერაშვილს აძლევს ხელს. აქ მარტო ბოკერიაზე არ არის ლაპარაკი, აქ ლაპარაკია იმ გუნდზე, ვინც რეალურად უყურებს პოლიტიკურ პროცესებს. ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ პარლამენტში უნდა შევიდეს, ერთიანია და მას დარაზმვა არ სჭირდება. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული ინტერესები და პარლამენტში შესვლა ნიშნავს, რომ გარკვეული ფინანსები პარტიას ექნება.

ბევრი ფაქტორია და როდესაც სააკაშვილს უნდა გუნდი პარლამენტს გარეთ დარჩეს, ეს უნდა მათზე აბსოლუტური კონტროლის შესანარჩუნებლად, მაგრამ რადგან გაჩნდა ფინანსური წყარო და რეალობაც ამას გვკარნახობს, ჯგუფი უკვე მის იდეას არ გაითვალისწინებს. თუ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ არ შევიდნენ პარლამენტში, მაშინ ჯგუფი, რომელიც რეალურად უყურებს პოლიტიკურ პროცესებს, დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და შევა პარლამენტში. ზოგადად პროცესები იქით მიდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა განთავისუფლდეს სააკაშვილისგან.

როგორ ფიქრობთ, როდესაც სააკაშვილი აცხადებს, რომნაციონალურმა მოძრაობამმარტო უნდა დატოვოს ის პარტია პარლამენტში, ვინც არჩევნები გააყალბა, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის გეგმაში რჩება რევანშის იდეა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ამოვხსენი, როგორ აპირებს პარლამენტის არალეგიტიმურობა დაამტკიცოს. აბსურდებია ეს ყველაფერი, რეალობა არის სხვანაირი. აშკარად ეტყობა, რომ ჯერ გვირაბიც არ გაუთხია, რომ ჩამოვიდეს ნახოს ეს რეალობა. იცით, ამას არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის იქნება კარგი თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩება ქუჩაში. ასეთ შემთხვევაში დაკარგავს ამომრჩეველს, ამიტომ, ძალიან კარგი იქნება თუ ამას გააკეთებენ. ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად დაიშლება და არა ორად, არამედ - მარტივ მამრავლებად.

როდესაც ვუყურებ ლიდერებს, გნებავთ გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, შეიძლება პრეტენზია გვქონდეს ამ ხალხთან, მაგრამ ნამდვილად ვერ იტყვით იმას, რომ პოლიტიკაში ჩაუხედავი არიან და ანალიზის უნარი აქ აქვთ. სწორედ, რომ ხედავენ რა პროცესი მიდის, ამიტომ ცდილობენ არ აყვნენ სააკაშვილის იდეას და წავიდნენ მის წინააღმდეგ. თუ დაემორჩილებიან სააკაშვილს, ოთხი წლის შემდეგ მიიღებენ იმას, რაც მოუვიდა გაერთიანებულ ოპოზიციას. ღმერთმა ქნას მხარი დაუჭირონ სააკაშვილს და არ შევიდნენ პარლამენტში.