„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური და ლიბერალური ფრთის გზები გაიყო. მიზეზი, რომელმაც უკვე დაპირისპირების ფორმა მიიღო, მეორე ტური და პარლამენტში შესვლა გახდა. პარტიის რადიკალური ფრთა, რომლის სათავეში მიხეილ სააკაშვილი დგას, ფიქრობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარტო უნდა დატოვოს ის პარტია პარლამენტში, ვინც არჩევნები გააყალბა, სხვა შემთხვევაში, „ნებსით თუ უნებლიედ, მისცემენ შესაძებლობას, რაღაც დემოკრატიული ფასადი მოარგონ იმას, რასაც რეაურად არანაირი შემხებობლმა არ აქვს დემოკრატიასთან“.
ამ საკითხთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას აკეთებს ოდესის გუბერნატორი და აცხადებს, რომ კამათი არ უნდა გადაიზარდოს თითის გაშვერასა და განხეთქილებაში. რაც შეეხება მეორე ტურში მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილი იმეორებს, რომ ამის აზრს ვერ ხედავს, თუმცა ასევე ადასტურებს, რომ ეს თითოეული კანდიდატის გადასაწყვეტია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში.
„მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი დაუჭირა არა 500 ათასმა ამომრჩეველმა, არამედ გაცილებით მეტმა, უბრალოდ, ივანიშვილის მაქინაციებით ეს ხმები არ აისახა ოფიციალურ მონაცემებში. წყალი არ გაუვა, რომ ჩვენ ერთად დავასრულებთ ივანიშვილის ამ „კამანდას“ ძალიან მალე. ეს გარდაუვალი კანონზომიერებაა. ასე რომ, ჩვენი მხარდამჭერები უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. თქვენს მხრებზე გადავლილი ეს ქარტეხილები ამაოდ არ ჩაივლის. აუცილებლად გავაგრძელებთ საქართველოს განვითარებას თქვენთან ერთად“, - აცხადებს აკაკი მინაშვილი.
ამ პოზიციას არ იზიარებს ბოკერია-ბაქრაძე-მელიას ფრთა და მიაჩნიათ, რომ მოპოვებული მანდატები უნდა მიიღონ, რადგან ბოიკოტი პარტიის მარგინალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. გიგა ბოკერიას მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში უნდა შევიდნენ და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ.
„ქმედითი პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი დემოკრატიული ინსტიტუტების ტრადიციის პატივისცემიდან გამომდინარე. სწორედ იმავე არგუმენტებიდან გამომდინარე, თვლი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში“, - აცხადებს გიგა ბოკერია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთი, ან ორი ადამიანის პარტია, მას ნდობა გამოუცხადა 500 000-ზე მეტმა მხარდამჭერმა, შესაბამისად, მხარდამჭერების აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, პარტიამ კონსტიტუციის ფარგლებში და დემოკრატიული წესებით იმოქმედოს, როგორც პარტიის შიგნით, ისე ზოგადად.
„ჩემთვის ეს ნიშნავს მომხრეების გამხნევებას, საზოგადოებისთვის ახსნას, რომ მეორე ტურებში არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი და აუცილებელია პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება, მათ შორის, პარლამენტის შიგნით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთი, ან ორი ადამიანის პარტია - მას ნდობა გამოუცხადა 500 000-ზე მეტმა მხარდამჭერმა და კეთილი ვინებოთ, ყველამ და ამ მხარდამჭერების აზრი გავითვალისწინოთ“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
ექსპერტი გია ხუხაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გახლეჩვას არ ელოდება. თუმცა, ამბობს, რომ პარტიაში განვითარების 2 სხვადასხვა სცენარი არსებობს - პირობითად მიხეილ სააკაშვილის სცენარი, რომელიც ფორსირებულ და ძალიან მოკლევადიან კრიზისზეა ორიენტირებული. ასევე არის მეორე გზა - პირობითად ბოკერიას გზა, რომელიც 2020 წელს ხელისუფლებაში დაბრუნებაზეა ორიენტირებული.
ხუხაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის მხარეს არგუმენტები უკვე ძალიან ცოტაა, ვინაიდან არჩევნებმა საერთაშორისო თანამეგობრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში ლეგიტიმაცია მიიღო, საზოგადოებაში რევოლუციური განწყობები არაა, შესაბამისად, დღეს კრიზისის ინიცირება საკმაოდ ხელოვნური იქნებოდა და ძალიან მაღალი რისკის შემცველი პარტიის მომავლისთვის.
„ვფიქრობ, პარტიაში ამ ეტაპზე მაინც გადაიხრებიან ბოკერიას გზისკენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად არ გაიხლიჩება. სააკაშვილსაც კი აქვს იმის უნარი, წაგებას რომ ხედავს, არ წავიდეს პარტიის გახლეჩვაზე და უკან დაიხიოს. მიუხედავად იმისა, რომ აზრთა სხვადასხვაობა დარჩება, მაინც კონსოლიდირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. სააკაშვილის სცენარის განვითარებაზე საუბარი ამ დროისთვის მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, თუკი „ქართული ოცნება“ სხვადასხვა მეთოდებით „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების მცდელობას გააგრძელებს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ დაპირისპირების დირიჟორი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაა, მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკრ ასპარეზზე იშვიათობაა, როდესაც გუნდის წევრები ლიდერს ღიად უპირისპირდებიან. ამ დაპირისპირებაში კი, ყოველთვის არის პროგრესული ელემენტი და თუ ლიდერი დროზე ვერ მიხვდა, რომ ამ ტენდენციაში სიმართლის მარცვალია, მერე უკვე თვითონ იქნება მსხვერპლი.
„ის გზა, რომელიც სააკაშვილს და მისი რადიკალური ფრთას სურს, პრაქტიკულად განწირულია. სააკაშვილი ყოველთვის რადიკალი იყო და ეს რადიკალობა საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდა მთლიანობაში. ახლა თავისი პოლიტიკური ძალისგან ითხოვს რადიკალობას და თუ აჰყვებიან სააკაშვილს, ეს ძალიან ძვირად დაუჯდებათ. „ნაციონალური მოძრაობის“ ის ფრთა, რომელიც პარლამენტში შესვლას ემხრობა, უფრო რეალისტურად აზროვნებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. აშკარაა, რომ ამ დაპირისპირების დირიჟორი გიგა ბოკერიაა. სჯობს გაიყოს გზები და სააკაშვილთან ერთად დადგნენ რადიკალიზმის მომხრეები და ცალკე დანარჩენები, ვიდრე ისევ გაუგებრობა იყოს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მიუხედავად პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირებისა, სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში სიამოვნებით შევა, რადგან ეს შედეგი მათთვისაც გამაოგნებელი იყო. შესაბამისად, გორგილაძე ფიქრობს, რომ ბოიკოტის შესახებ განცხადება ლირიკაა.
„ბოკერია-მელიას ტანდემი წინააღმდეგობას უწევს სააკაშვილს და ცდილობს, ჩამოიშოროს. აბსოლუტური ჩამოშორება რამდენად მოხდება, ძნელი სათქმელია, მაგრამ ბრძოლა მისი გავლენის შემცირებაზე მიდის. გრძელვადიან პერსპექტივაში, სააკაშვილი არის ღუზა, რომელიც პარტიას რებრენდინგის საშუალებას არ აძლევს“,- აცხადებს ვალერიან გორგილაძე.