„ქართული ოცნებისთვის გეოპოლიტიკური ორიენტაციის კუთხით წარმატებული მუშაობა უფრო რთული იქნება“

„ქართული ოცნებისთვის გეოპოლიტიკური ორიენტაციის კუთხით წარმატებული მუშაობა უფრო რთული იქნება“

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 702 საარჩევნო უბნიდან, 3 999 უბნის მონაცემები დათვალა, შედეგები კი ასე გამოიყურება - „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ - 48.6%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 27,11%; „ირმა ინაშვილი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5%; „ირაკლი ალასანია- თავისუფალი დემოკრატები“ - 4,62%; „პაატა ბურჭულაძე, სახელმწიფო ხალხისთვის“ - 3,45%; „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - 3,54%; „შალვა ნათლაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 3,13% და „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“ -1,55%.

ამ მონაცემებით პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა აქვთ „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „პატრიოტთა ალიანსს“, მაგრამ როგორც ცესკოში აცხადებენ, „პატრიოტთა ალიანსის“ შემთხვევაში ეს არ არის საბოლოო მონაცემი, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაცემები შეიძლება შეიცვალოს, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“, ისე სხვა პარტიების შემთხვევაში. არ არის გამორიცხული, რომ ორპარტიული პარლამენტი მივიღოთ.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ ორპარტიული პარლამენტი ჩვეულებრივი მოვლენაა ბევრ ქვეყანაში, მთავარი ისაა, რომ კვლავ ძველი და მობეზრებული კონფიგურაცია მობრუნდა. მისი თქმით, კიდევ ოთხი წელი მოგვიწევს ბევრი ისეთი მავანის ყურება, უფრო სატირული ჟურნალების პერსონაჟებს რომ ჰგვანან.

„ასეთებმა იმრავლეს კიდეც. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ოპოზიციური ძალა კატეგორიულად არის ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუღებელი და მას მხოლოდ საპროტესტო მუხტის მითვისება და გაფანტვა ძალუძს. როგორც არ უნდა მიწყინონ, ეს ასეა. ხელისუფლებას არ ჰყავს სრულფასოვანი ოპონენტი. ამიტომაც არსებობს საფრთხე, რომ პოლიტიკური ცხოვრება კვლავ შემთხვევითი პოლიტიკური დემაგოგების ხელში ჩავარდება.

ასეთი პარლამენტი ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტი ვერ იქნება. ისევ იმის იმედი თუ გექნება კაცს, რომ მმართველ პარტიაშიც და ოპოზიციაშიც რამდენიმე ადამიანს მაინც ესმის, თუ რა ცუდი სურათი მივიღეთ. დიდი ვერაფერი იმედია, მაგრამ სხვა რა გზაა?!“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

მისივე თქმით, ის, რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხდება, სხვა არაფერია, თუ არა (როგორც ამას უცხოელებმა უწოდეს) „ფეოდალური პოლიტიკური პლურალიზმი“.

„პოლიტიკური პარტიები „ერთადერთი და განუმეორებელი“ ფეოდალების ხელშია, კბილებით რომ იცავენ თავის სამფლობელოებს. იდეოლოგიურ ტყუპისცალებს საერთო ენა ვერ უპოვნიათ. მავანთა პიროვნული მესიანიზმით ჩნდება და ქრება კარიკატურული პოლიტიკური წარმონაქმნები. თუ ადრე ამას რაღაც გამართლება მაინც ჰქონდა, დღეს უკვე ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას. პოლიტიკურ და პიროვნულ ნარცისიზმზე აღარაფერს ვიტყვი. სამარცხვინოა, ნარცისივით იქცეოდე და ასეთი შედეგები გქონდეს. იდეოლოგიური სნობიზმი და ზერელობა ხომ კიდევ ცალკე პრობლემაა. მოკლედ ვართ იქ, სადაც ვართ“, - წერს ზაზა ფირალიშვილი.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მოსახელობის თვალში პარტიების უმრავლესობა არ იყო მიმზიდველი, რაც კარგად გამოჩნდა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლის დროს - ბურჭულაძემ მაშინვე აიღო 12%, რაც უკვე ნიშნავდა, რომ ძველი პარტიების მიმართ მოსახლეობას არ ჰქონდა დიდად პოზიტიური დამოკიდებულება.

„თუნდაც ამ ციფრის ფონზე, რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ხელოვნურად გაითიშა მესამე, რომელიმე პარტიამ თქვას, რომ ჩვენ ვერ ვიმუშავეთ შესაბამისად და მივიღეთ ეს შედეგი? რაც შეეხება იმას, რამდენად გაუჭირდება ამ პოლიტიკურ ძალებს პარლამენტში პოლიტიკური თანაცხოვრება, გაგახსენებთ, რომ გარკვეული განცხადებებიდან გამომდინარე, „ოცნებას“ მოუწია კოალიციის დაშლა, ასეთ ნაბიჯს ამჟამად ვერ გადადგამს.

საეჭვოა, ალიანსმა თავისი პოზიცია დაივიწყოს, ეცდება იმ პოზიციის აფიშირებას, რომლითაც მოვიდა პარლამენტში. ამდენად, გეოპოლიტიკური ორიენტაციის კუთხით, უფრო რთული იქნება წარმატებული მუშაობა „ქართული ოცნებისთვის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

კონსტიტუცინალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესი იყო, რომ ყველა პოლიტიკურ ძალა დაეტოვებინათ 5%-იანი ბარიერს მიღმა.

„6 მანდატით შევა „პატრიოტთა ალიანსი“, შეიძლება ეს პარტიის პერსპექტივის თვალსაზრისით, რაღაცას ნიშნავს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, არაფერსაც არ ნიშნავს. იქნება კიდევ ერთი ფრაქცია, რომელიც გამოვა და თავის პოზიციას დააფიქსირებს. ამისთვის მათ მშვენიერი ტელევიზია აქვთ და თავისუფლად შეეძლოთ პოზიციის დაფიქსირება.

კონსტიტუციურ უმრავლესობას გაფრთხილება უნდა, ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ სულმა არ წაგძლიოს და კონსტიტუციური უმრავლესობა საკუთარი თავის სასარგებლოდ არ გამოიყენო.

არის კი დღეს „ქართული ოცნება“ იმდენად ძლიერი, რომ მას სული არ წასცდეს და კონსტიტუცია თავი თავზე არ მოირგოს? - ეს არის საფრთხე, ხომ არ დავბრუნდებით ისევ იმ წარსულში, საიდანაც 2012 წელს გამოვედით? ტრადიციულად, საქართველოში ორპარტიულ პარლანენტს ცუდი დასასრული აქვს. ძალიან მეეჭვება, ხელისუფლებამ შეძლოს, რომ კონსტიტუციური უმარავლესობა ქვეყნისთვის გამოიყენოს და არა თავისთვის“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.