არჩევნები დასრულდა, ბოლო მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,6 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 27,14 % მიიღო. უახლესი შედეგებით, 5%-იანს ბარიერს გადალახავს „პატრიოტთა ალიანსი“ მას 5% აქვს. ხმების 4,59 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,12 % „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,55 % კი „რესპუბლიკელებმა“. როგორც ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალი 4 წელი ქართული პოლიტიკის ისტორიაში შევა როგორც მიშას და ბიძინას ოცნებების ასრულება.
მიშას ოცნება რამდენად ასრულდა ძნელი სათქმელია, რადგან როგორც მოსალოდნელი იყო და მთელი 4 წელიწადი ანონსდებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ „საკუთარ ხმებს დაიცავს“.
ამ 4 წლის განმავლობაში მედიაში ნაციონალების მიერ შექმნილი არეულობის თუ რევოლუციის რამდენიმე გეგმა გასაჯაროვდა - მათ ავთენტურობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ნაციონალების არჩევნების შემდგომი ქმედებიდან ნათლად ჩანს, რომ იყო ამ გეგმებში სიმართლის მარცვალი.
სოსო ცოსკარიშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალები დიდი ხანია, ამ დღისთვის ემზადებოდნენ და დესტრუქციების მოწყობის შანსს ხელიდან ნამდვილად არ გაუშვებენ.
„მცდელობა იქნება, რაც საერთოდ, ველურად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას. არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ საფუძველი, რომ თავს არ ავნოს და ამიტომ, სხვასაც არ დაინდობენ. იქნება საკმაოდ სერიოზული მცდელობა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია შედეგს მიაღწიონ“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ნაციონალების ერთ-ერთი ბოლო სცენარის მიხედვით, 8 ოქტომბრის ღამეს უნდა მომხდარიყო თბილისის ცენტრალური ქუჩების პიკეტირება, დაეწვათ ავტომანქნები, ერთი სიტყვით, მოეწყოთ არეულობა. ეს გეგმა ვერ განხორციელდა, თუმცა ნაციონალები არჩევნების შედეგებს მაინც აპროტესტებენ და თავს გამარჯვებულად აცხადებენ.
პოლიტიკური პარტიის პოზიცია ასე თუ ისე, გასაგებია - ის ყველა მეთოდს მიმართავს და არც ავანტურაზე იტყვის უარს მცირე წარმატების მოსაპოვებლადაც კი - მით უმეტეს, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ საუბარი - 2003 წლის შემდეგ ცნობილია, რომ მათთვის წითელი ხაზები არ არსებობს.
მთელ ამ სიტუაციაში გაუგებარია ზოგიერთი რეიტინგული არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია - იქმნება შთაბეჭდილება რომ მათთვის ცეცხლზე ნავთის დასხმა რატომღაც უფრო მომგებიანია, ვიდრე მდგომარეობის ობიექტური შეფასება. მეტიც, რომ არა საერთაშორისო ორგანიზაციების, მთლიანობაში, პოზიტიური შეფასებები, შესაძლოა, იმაზე ბევრად მწვავე სიტუაცია მიგვეღო, ვიდრე დღეს არის.
ბუნებრივია, ამ ყველაფერს ხორცი ვერ შეესხმებოდა მეგობარი ტელეკომპანიის მხარდაჭერის გარეშე, თუმცა, როგორც ექსპერტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, „რუსთავი2“-მაც კი ვერ გაბედა, ეგზიტპოლებით „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებულად გამოეცხადებინა.
მართალია დღევანდელ მდგომარეობას უკონტროლოს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იმუქრებიან, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.
ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათი სამოქმედო გეგმა სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდებოდა ცნობილი. როგორც ირკვევა, „ნაციონალური მოძრაობა“ ელოდება ლიდერებს რეგიონებიდან და სამომავლო გეგმებს ამის შემდეგ გააცნობენ საზოგადოებას.
„ვალდებული ვართ, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, თუ რა პროცესები მიმდინარეობს პარტიაში. უმძიმესი დღის შემდეგ, მას შემდეგ, რაც შეიძლება ითქვას, რომ რეალურად, არჩევნები არის გაყალბებული, სხვადასხვა მეთოდებით, რაც კი არსებობს - გაიტაცეს ყუთები, კომისიის წევრების მოტაცებებით და ასე შემდეგ... მიუხედავად ამისა, დიდი მადლობა ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, რომლებმაც დილამდე არ დატოვეს საარჩევნო უბნები და ამის დამსახურებაა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ივანიშვილმა ვერ მოახერხა და უწევს დაწეროს თითქმის 500 ათასი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის ხმა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
განსაკუთრებით საინტერესოა, უკრაინიდან რა დირექტივებს მიიღებს მთავარი ოპოზიციური ძალა, რადგან ბოლო დროს სააკაშვილის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიდან შეუძლებელია ლოგიკური დასკვნის გაკეთება.
სავარაუდოდ, არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ თვით „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ კი გაურკვეველია, ჩამოდის მიშა და იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ, თუ უკრაინელ პოლიტიკოსად რჩება. როგორც არჩილ გამზარდია მიიჩნევს, მიშამ ბოლოს განაცხადა, რომ ის უკრაინაში რჩება ჩინოვნიკად, ასე რომ, მის ჩამოსვლას არ უნდა ველოდეთ.
ერთია ნაციონალების გეგმები და სურვილები, ხოლო მეორე - მათი რეალური შესაძლებლობები. არჩილ გამზარდია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მცირე დესტრუქციებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ როგორც 2003 წელს მოხდა - ქუჩაში გამოსვლა ხელისუფლების გადაცემის მოთხოვნით, ნაკლებად სავარაუდოა. გამზარდიას ვარაუდით, ისინი იმუშავებენ მანდატებზე - ანუ შედარებით მეტი მანდატი რომ მიიღომ ვიდრე რეალურად მოიპოვეს.
„ვფიქრობ, ქვეყანა დიდ გართულებას არ უნდა ელოდეს, თუ რაღაც ხელოვნური ჩარევა არ მოხდა“, - მიიჩნევს გამზარდია.
სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ნაციონალები იმას მაინც შეეცდებიან ქვეყანას ავნონ.
სხვათა შორის, მსგავსი მაგალითები უხვად გვაქვს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, დასავლეთის თვალში ქვეყნის ხელისუფლების დისკრედიტაცია მოეხდინა.
„თუკი დღეს რაიმე შეიძლება ვავნოთ ჩვენს ქვეყანას, ეს არის ის, რომ ევროკავშირისთვის საკმაოდ მუქ ფერებში წარმოაჩინონ არჩევნები. შესაბამისად, მოსალოდნელი შედეგი იქნება კიდევ უფრო გახანგრძლივება ქართული ოცნების აღსრულებისა, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.