ოდესელი ლიდერი არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს

ოდესელი ლიდერი არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს

არშემდგარი რევოლუციის შემდეგ, რისი მცდელობაც იყო 8 ოქტომბერს მარნეულში, სამეგრელოსა და ქუთაისში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საუბარი არჩევნების ლეგიტიმაციაზე დაიწყო. პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი. მეორე ტურში მონაწილეობის და ამით არჩევნების ლეგიტიმაციის აზრს ვერ ხედავს „ნაციონალური მოძრაობის“ არაოფიციალური თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, რომლის თქმით, ის, რომ მეორე ტურში რამე შეიცვლება, არის უაზრობა.

„მეორე ტურის შესახებ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ თავის კანდიდატებს გაამარჯვებინებს და ეს ასეც იქნება. მე ვერ ვხედავ მეორე ტურში მონაწილეობის და ამით არჩევნების ლეგიტიმაციის აზრს. თუმცა, ყველა კანდიდატმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღებამდე, კანდიდატები თავიანთ მხარდამჭერებს უნდა შეხვდნენ და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. მეორე ტური იქნება უფრო რთული, ხელისუფლება შეეცდება „რუსთავი 2“-ის მენჯმენტის სრულად შეცვლას. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ასეთ სიტუაციაში გვჭირდება გადაჯგუფება, ჩვენ აუცილებლად მოვაშორებთ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმს“, - ასეთია მიხეილ სააკაშვილის გეგმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დგება, ამაზე კითხვა არავის აქვს, პარტია ახლა შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობს. მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა მოსახლეობის ნების უგულებელყოფა. რატიანის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს რეგიონულ ლიდერებთან შეხვედრა და მათგან დეტალური ინფორმაციის მიღება.

„ჩვენ ვხვდებით ჩვენს რეგიონულ ლიდერებს, მაჟორიტარებს და უამრავი ინფორმაცია მოდის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ყალბდებოდა არჩევნები, როგორ მოხდა ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა, რის გამოც არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება. იყო ძალადობა, დარბევა უბნების, ეს ყველაფერი ნახა საზოგადოებამ. შემდეგ ნახა, როგორ გამოაცხადა ცესკომ დაწერილი პროცენტები, რომელიც პირდაპირ შესთავაზა ივანიშვილმა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ პარტიაში მიდის მსჯელობა, თუ როგორ იქნება პარტიის შემდეგი ნაბიჯი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

„ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, ასე არ ფიქრობენ „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. როგორც დავით უსუფაშვილი აცხადებს, არ არსებობს არანაირი საფუძველი ეჭქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არჩევნები შედგა.

„8 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების გაცილებით უკეთესი შესაძლებლობა ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის. საარჩევნო პროცესში ბევრი ხარვეზი იყო, იყო დანაშაულის ნიშნებიც და ალბათ, ვიხილავთ კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებებსაც.

მიუხედავად ამისა, არ არსებობს არანაირი საფუძველი ეჭქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა. არჩევნები შედგა, არჩევნები დასასრულებელია, ვინაიდან უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურია ჩასატარებელი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. შედეგად, მივიღებთ ახალ პარლამენტს, ახალ პოლიტიკურ რეალობას და ამ მიმართულებით უნდა იყოს მეტი განსჯა და მეტი ანალიზი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეეგუოს, რომ ვერასოდეს იქნებიან გამარჯვებული იმ ხალხზე, რომელზეც წლების განმავლობაში ძალადობდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციები თუ გამოსვლები გამოხატვის თავისუფლებაში უნდა ჩაჯდეს და ამ უფლების უზრუნველყოფა ქვეყანაში დაცულია. შანტაჟის და ულტიმატუმის ენით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პარლამენტში არშესვლა, პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ერთპარტიულობის შემთხვევაში, პარლამენტის დელიგიტიმაციის საკითხი ვერ დადგება, ვინაიდან, დაშვებულია საკითხი, თუკი ხალხის ნება იქნება პარლამენტი ერთპარტიული იყოს. ამდენად, მისივე თქმით, ლაპარაკი დელიგიტიმაციაზე უფრო ემოციებს გულოსხმობს, ვიდრე რაციონალურ განსჯას.

„საქართველოს ისტორიას ახსოვს ფაქტი, როდესაც პროტესტის ნიშნად მანდატებიც კი დაუხევიათ, მაშინ როდესაც მოსახლეობასაც ჰქონდა იმის განცდა, რომ არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად ამისა, პროტესტმა დიდი არაფერი შედეგი არ მოუტანა ამ პარტიებს. გაგრძელდა პოლიტიკური ცხოვრება. შემდეგ უკვე, მანდატების დახევის ერთ-ერთმა ინიციატორმა თქვა, რომ მანდატების დახევა შეცდომა იყოო. თუ ნაციონალები ამ გამოცდილებას დაუფიქრდებიან, ალბათ, მიხვდებიან, რომ ამ გზით სახელისუფლებო ვერტიკალის შერყევა დიდი პერსპექტივის მქონე არ არის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს არ იტყვის პარლამენტში შესვლაზე. რაც შეეხება მეორე ტურში მონაწილეობას, ძაბირაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობამ“ კარგად იცის, რომ გამომდინარე პირველი ტურის შედეგებიდან, მეორე ტურიც წაგებული აქვს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ გარანტირებული აქვს მეორე ტურში, ყველა ოლქში წაგება. ამიტომ, მართალია ლეგიტიმაციას უკავშირებენ, მაგრამ ეს არ ეხება ლეგიტიმაციას, უბრალოდ, ეძებენ გზას ამომრჩეველი დაარწმუნონ, თითქოს პროტესტის ნიშნად ამბობენ უარს მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე. თუ ასეთი პროტესტი აქვთ და ლეგიტიმაციის პრობლემა აქვთ, მაშინ საერთოდ თქვან უარი საპარლამენტო მანდატებზე. მაგრამ ამას ისინი არ გააკეთებენ, იმიტომ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაღწია მაქსიმუმს, რისი მიღწევაც შეიძლებოდა“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.