8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში პოლიტიკური პროცესები თავდაყირა დააყენა - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის, „თავისუფალ დემოკრატებს“ წევრები ტოვებენ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე ტურში მონაწილეობაზე ვერ თანხმდებიან და პარტიაში დაპირისპირებაა, „რესპუბლიკური პარტია“ კი, მწვავე ოპოზიციონერობას აანონსებს.
ორმა დასავლურმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა არჩევნების შედეგები დღეს შეაფასეს, თუმცა ერთმა პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ისაუბრა, მეორე პოლიტიკური გეგმების გაცნობას რამდენიმე დღეში დაგვპირდა.
ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განცხადება 15:00 საათზე გააკეთა, რომლის ნაბიჯი, როგორც პოლიტიკოსისთვის გამბედავი და ღირსეულია, თუმცა ქვეყნისთვის სამწუხარო, რადგან გუნდი, რომელიც დასავლური ღირებულებებით ხელმძღვანელობდა და ევროპული გზის გამყარებისთვის ბევრი რამ გააკეთა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიღმა დარჩა, საპარლამენტო სავარძლებს კი, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები დაიკავებენ.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვინ როგორი დეპუტატი იქნება და ქვეყნისთვის ვინ რას შექმნის, ამას მომავალი ოთხი წელიწადი აჩვენებს ისევე, როგორც განვლილმა ოთხმა წელმა დაადასტურა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ პრინციპების სადაჯაროზე იდგნენ და პოზიციებს პოლიტიკური პროცესების შესაბამისად არ ცვლიდნენ.
იმის გამო, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ხმების 4,59 პროცენტი აიღეს, პარტიის ნაწილმა ადგილსამყოფელის შეცვლა გადაწყვიტა, მეორე ნაწილი კი, პარტიაში დარჩენას გეგმავს.
ვინ დარჩება „თავისუფალ დემოკრატებში“ და ვინ წავა, ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა, თუმცა პოლიტიკიდან წასული ირაკლი ალასანია პარტიის რეორგანიზაციასა და განახლებას აანონსებს.
ალასანიას თქმით, პარტია არჩევნების შედეგების ძირთადი ნაწილის გამოქვეყნებას ელოდებოდა და განცხადება მანამდე არ გააკეთეს, სანამ ცესკო-ს მიერ წინასწარი შედეგები შეჯამება არ მოხდა. მისი თქმით, წლების განმავლობაში, „თავისუფალი დემოკრატები“ უსამართლობას არ ეგუებოდნენ და პრინციპებისა და ღირებულებების დამცველები იყვნენ.
„არასდროს დაგვიკარგია არც პოლიტიკური და არც ადამიანური სახე მიუხედავად ბევრი სირთულისა, რომელიც რვა წლის განმავლობაში ერთად გავიარეთ. მარცხიც გვქონდა და გამარჯვებებიც, მაგრამ ყოველთვის ერთად შეკრულები ვიდექით. ალბათ, ეს ყველაზე დიდი სახასიათო ნიშანი იყო, რომლითაც „თავისუფალ დემოკრატებს“ სხვა პარტიებისგან გამოგვარჩევდა“, - აღნიშნა ალასანიამ.
ალასანია ფიქრობს, რომ პარტიას არჩევნების შედეგები გასააზრებელი აქვს, რადგან ამას თავისი მიზეზები აქვს.
„შეცდომებს თვითკრიტიკულად უნდა მივუდგეთ და სერიოზული რეორგანიზაცია დავიწყოთ. ვინაიდან, შესაძლებლობას ვერ ვხედავ იმისას, რომ მე და ჩემმა პარტიამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე გავლენა აქტიურად მოვახდინოთ, ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე, ისეთი რამ ვაკეთო, რითაც მე შევძლებ ჩემს საზოგადოებას გვერდში დავუდგე და საინტერესო საქმე ვაკეთო, რომლითაც საქართველოსაც ბევრად უფრო მეტს მოვუტან. გადაწყვეტილება მივიღე, პოლიტიკიდან დროებით გავიდე. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, საქართველოს ჯარისკაცად დავრჩები“, - დასძინა ალასანიამ.
ალასანიასგან განსხვავებით, პოლიტიკიდან წასვლას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ აპირებს, მაგრამ ის უახლოეს მომავალში, ყოფილი პრემიერისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიცემული რჩევის გათვალისწინებას გეგმავს.
უსუფაშვილის თქმით, როცა პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, მას ურჩია: „საახალწლო სუფრას მიუჯექი, საცივში თავი ბოლომდე ჩარგე და მერე მომავალზე იფიქრე“.
„ახლა ჩემ თავსაც დაახლოებით ამას ვუსურვებ“, - დასძინა უსუფაშვილმა.
პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე პოლიტიკური გეგმების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ მას გეგმებიც ექნება, შემართებაც და იმის სურვილიც, რომ ქვეყნის აღმშენებლობა ყველამ ერთად გააგრძელოს.
„საქმიანობას იმ ფრონტზე გავაგრძელებთ, რა ფრონტზეც მუშაობის საშუალება გვაქვს. ეს ხან პარლამენტშია, ხან პარლამენტს გარეთ არის. ადამიანს საქმის კეთება უნდოდეს და ამისთვის ქვეყანაში სათანადო არეალი ვერ მოძებნოს, ეს გაუგებარია“, - აღნიშნა სპიკერმა, რომელმაც „რესპუბლიკური პარტიის“ მარცხის შემდეგ, ყველაზე მეტად „თავისუფალი დემოკრატების“ შედეგები განიცადა.
უსუფაშვილის განცხადებით, მას „რესპუბლიკური პარტიის“ შემდეგ, ყველაზე მეტად პარლამენტში „თავისუფალი დემოკრატების“ ვერმოხვედრა არ გაუხარდა.
„თავისუფალი დემოკრატების“ და რესპუბლიკელების გაერთიანება სწორი 2009 წელს იყო. პირადად მე, მაშინ ნიუ-იორკში ჩავედი, ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელი იყო და იმაზე შევჯერდით, რომ ჩვენ ერთად პოლიტიკურ ბრძოლას დავიწყებდით. მას შემდეგ, ბევრი რამ ერთად ვაკეთეთ, ზოგი რამ ცალ-ცალკე, მაგრამ არასდროს ვყოფილვართ ერთმანეთის წარუმატებლობაში დაინტერესებული. მგონია, რომ ეს ადამიანები ქვეყანას სჭირდება და დარწმუნებული ვარ, გზები და საშუალებები მოიძებნება, როდესაც ეს ყველაფერი გაგრძელდება. ერთად, ცალ-ცალკე, ამას გვაჩვენებს ვითარება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა, რომელმაც ალასანიას მსგავსად, არჩევნების შედეგები აღიარა და ამით საკუთარი სახელმწიფოებრივი აზროვნება კიდევ ერთხელ დაადასტურა.
უსუფაშვილის შეფასებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს, საარჩევნო პროცესის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დადგეს.
„საარჩევნო პროცესში ბევრი ხარვეზი და სერიოზული ხარვეზებიც, დანაშაულის ნიშნებიც იყო და ალბათ, კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებებსაც ვიხილავთ. არჩევნები შედგა და დასასრულებელია, ვინაიდან უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურია ჩასატარებელი“, - დასძინა უსუფაშვილმა.
„რესპუბლიკური პარტიისგან“ განსხვავებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე ტურთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. პარტიის ლიდერი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პარტიის წევრებისთვის ისევ გონების არევას ცდილობს, რადგან არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. როგორც ჩანს, ლიდერის მსგავსად პარტიაში სხვებიც ასე ფიქრობენ, რადგან დავით დარჩიაშვილი არ მალავს, რომ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.
„ეს არჩევნები ისე გაყალბდა, რაც „ოცნებას“ გამარჯვებას მოუტანდა. ეს პროცენტი მიღებული შანტაჟით და გაყალბებით იქნა“, - დასძინა დარჩიაშვილმა, რომლისგან განსხვავებულად ფიქრობს სერგი კაპანაძე.
კაპანაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთი, ან ორი ადამიანის პარტია - მას ნდობა 500 000-ზე მეტმა მხარდამჭერმა გამოუცხადა.
„კეთილი ვინებოთ და ამ მხარდამჭერების აზრი გავითვალისწინოთ“, - დასძენს კაპანაძე.