„ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსები თავდემებისა და მეორე ტურების შედეგების პროპორციულად ეზრდება და უმცირდება

„ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსები თავდემებისა და მეორე ტურების შედეგების პროპორციულად ეზრდება და უმცირდება

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 50 პროცენტიანი ბარიერის შემოღებამ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ მარწუხებში მოაქცია, ქვეყნის დემოკრატია კი, განავითარა. იმ შემთხვევაში, თუკი, გასულ წელს, კოალიცია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარულ ოლქებში 50 პროცენტიანი ბარიერის შემოღებას არ დათანხმდებოდა,

საქართველოში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დასრულებულად უკვე გამოცხადდებოდა, თუმცა წინ მეორე ტურებია და პოლიტიკურ სასწორზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საკითხი დგას. 

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ არსებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა აქვს.

როგორც for.ge-ს მენაბდემ განუცხადა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის კვოტების გადანაწილება ერთი მხრივ დამოკიდებული იქნება „თავისუფალი დემოკრატები“ გადალახავენ თუ არა ბარირერს და მეორე მხრივ, მეორე ტურების შედეგებზე. 
მენაბდე მიიჩნევს, რომ ყველა შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობა უარყოფით მოვლენაა, რადგან ძალაუფლებას, რომელსაც მმართველი პარტია ფლობს, ფაქტობრივად, დაუბალანსებელი რჩება. 

„ამიტომ, მისი ბოროტად გამოყენების შანსი იზრდება. მგონია, რომ ეს საუკეთესო განვითარება არ არის მოვლენების პარლამენტარიზმისთვის, რომელიც არც ახლა არ არის ძალიან მაღალი“, - აცხადებს მენაბდე. 

კონსტიტუციის გათვალისწინებით, სანამ მეორე ტურები არ ჩატარდება და ცესკო შესაბამის მონაცემებს არ გამოაქვეყნებს, მანამდე პარლამენტის პირველი სხდომას ვერ გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილი დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებამდე იქნება.

მერვე მოწვევის პარლამენტს სანამ უფლებამოსილება ამოეწურება, მანამდე მას 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მოუწევს მსჯელობა, მაგრამ მომავალ კვირას, საკანონმდებლო ორგანოში ალბათ, უფრო მეტს მეორე ტურებსა და არჩევნების შედეგებზე ისაუბრებენ, ვიდრე ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე, რადგან ცესკო-ს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში, 51 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მეორე ტური 34 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება, ხოლო თბილისში 22 მაჟორიტარული ოლქიდან - 18 ოლქში.

კერძოდ, ცესკო-ს ცნობით, მთაწმინდის პირველ მაჟორიტარულ ოლქში 44,4%-ით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, რომელსაც 26,9 %-ით ნიკა რურუა მოსდევს, მესამე ადგილზე კი, 6,68%-ით ნიკოლოზ ფრუიძე გავიდა. 

მთაწმინდის მსგავსად, მეორე ტური შესაძლოა ჩატარდეს ვაკის მეორე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 48,83 %-ით ბიძინა გეგიძე ლიდერობს, რომელსაც კონკურენციას 22,22 %-ით ელენე ხოშტარია, ხოლო 14,58 %-ით ვიქტორ დოლიძე უწევენ. 

მეორე ტურის მოლოდინშია საბურთალოს მეექვსე საარჩევნო ოლქი, სადაც 46,76%-ით ლევან გოგიჩაიშვილი ლიდერობს, რომელსაც 17,03%-ით სევდია უგრეხელიძე მოსდევს, პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს კი მხარი, 11,67 %-მა დაუჭირა.

მეორედ მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ კრწანისის მე-7 ოლქშიც, სადაც ბექა ოდიშარიამ ხმების 47,92 % მოიპოვა, ხოლო ირაკლი აბესაძემ 29,34 %.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, მეორე ტური გაიმართება ისნის მაჟორიტარულ ოლქებშიც. კერძოდ, მე-8 ოლქში 42,71%-იანი ირაკლი აბუსერიძე 24,28 %-იან გიორგი ონიანს კონკურენციას გაუწევს, ხოლო ისნის მე-9 ოლქში ერთმანეთს დავით ჭიჭინაძე (48,35%) ბესიკ კვიციანი (27,23 %) შეეჯიბრებიან. თანაგუნდელების მსგავსად, ისნის მე-10 ოლქში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ ბექა ნაცვლიშვილი (45,46%) და ზაზა კედელაშვილი (26,87 %).

ისნის მსგავსად, მეორე ტურები ჩატარდება სამგორშიც, სადაც მე-11 მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთს გიორგი მოსიძე (47,64 %) და ირაკლი ნადირაძე შეხვდებიან (23,99 %).

არჩევნების მეორე ტური გაიმართება სამგორის მე-12 და მე-13 ოლქებშიც, სადაც მმართველი გუნდიდან გამარჯვებისთვის მარიამ ჯაში (42,85 %) და შოთა ხაბარელი (45,27%) იბრძოლებენ, ხოლო „ნაცმოძრაობიდან“ დავით ჟღენტი (27, 37 %) და გიორგი ხახნელიძე (25,52 %). 

პარლამენტის წევრეობისთვის ისევ ბრძოლა მოუწევს მოქმედ დეპუტატს, ზაზა პაპუაშვილს, რომელმაც დიდუბის მე-15 ოლქში ხმე 47,28 % მიიღო, დავით ნაფეტვარიძე - 19,77 %, ხოლო ვახტანგ ხმალაძემ - 4,7 %. 

დედაქალაქში მეორე ტურები ასევე ჩატარდება დიდუბის მე-16 ოლქში, სადაც ხმების 47 % ივლიანე წულაიამ მიიღო, ხოლო 20,85 % - ირაკლი დვალმა.

როგორც სხვა მაჟორიტარულ ოლქებშიც, ასევე ჩუღურეთის მე-17, მე-18 და მე-19 ოლქებში მეორე ტურისთვის ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. 

კერძოდ, მე-17 ოლქში სოფიო კილაძე (44,83%) მურმან თხელიძეს (19,84 %) შეხვდება, მე-18 ოლქში მიხეილ ყაველაშვილი (47,36 %) მამუკა გუგეშაშვილს (25,03 %), ხოლო მე-19 ოლქში ზაზა გაბუნია (46 %) ლერი დემეტრაშვილს (26,23 %).
გლდანის მე-20 ოლქში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ კობა კობალაძე (40,52%,) და ალექსანდრე ჩაფიჩაძე (24,18 %), 21-ე ოლქშიც ლევან კობიაშვილი (49,1 %) და სერგო რატიანი (30,49 %), 22-ე ოლქში კი, ლევან კობერიძე (44,8 %) და გიორგი ბარამიძე (25,65 %).

რაც შეეხება რეგიონებს, ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, 51 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მე-2 ტური 34 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც, მეორე ტურში ერთმანეთს „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები შეხვდებიან გარდა, ჭიათურისა და ხაშურისა, სადაც მეორე ადგილზე „თავისუფალი დემოკრატები“ და „მრეწველები“ გავიდნენ.