51 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მეორი ტური 34 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. 22 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მეორე ტური თბილისის 18 ოლქში გაიმართება. მეორე ტურში შეხვდებიან ერთმანეთს ზუგდიდის რაიონში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ედიშერ თოლორაია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი. ამ ოლქში ხმა მისცა 23 609 ამომრჩეველმა, საიდანაც თოლორაიამ 10 774 ხმა მიიღო, ხოლო რულოვსმა - 10 467.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში, მაჟორიტარული არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა 17 საარჩევნო ოლქში. რაც შეეხება დანარჩენ 34 საარჩევნო ოლქს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, იქ მაჟორიტარული წესით არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
აქედან 32 მაჟორიტარულ ოლქში გამართულ მე-2 ტურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას, დარჩენილ 2 მაჟორიტარულ ოლქში, კერძოდ, ჭიათურაში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“, ხოლო ხაშურში „მრეწველებისა“ და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს. აჭარის რეგიონში 5%-იანი ბარიერი ოთხმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა და პროცენტულად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა – „ქართული ოცნება“ - 42.55%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 29.52%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 6.26%; „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - 5.93%. უმაღლესი საბჭოს არჩევნები – „ქართული ოცნება“ – 42.44%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 28.88%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 6.52%; „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - 5.85%.
ყველა ოლქში ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატები 40-43%-ის ფარგლებში, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები 25-33%-ის ფარგლებში, თუმცა 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანიდიდატმა ვერ გადალახა და გაიმართება მეორე ტური.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში ლიდერია და ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში ჩასატარებელი მეორე ტურები ამ გამარჯვებას ვერ გააუფერულებს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში.
„საპარლამენტო არჩევნებში ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, რის საფუძველზეც ჩვენი ხელისუფლება მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ქვეყნის მართვას. 23-მა ჩვენმა მაჟორიტარმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო არჩევნები, კანდიდატების უმრავლესობას დააკლდა მხოლოდ მცირე რაოდენობა იმისათვის, რომ პირველივე ტურში მოეპოვებინათ გამარჯვება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ ყველა არჩევნებს ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლეობას პარლამენტში, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც ვსაუბრობდით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკუთარი მონაცემებით აქვს „ნაციონალური მოძრაობას“. გიგა ბოკერიას განცხადებით, მეორე ტური სავარაუდოდ 45 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.
„ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაც წინ უძღოდა არჩევნებს, დაწყებული იმით, რომ ლიდერები არიან ციხეში, იყო ძალადობა და ა.შ. ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგი, ეს არ იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები. ეს იყო უტიფრად, დაშინების და ამომრჩევლის ნების გატეხვის მცდელობით, ძალაუფლების შენარჩუნება ივანიშვილის მხრიდან, ჩვენ გვაქვს სავარაუდოდ 500 ათასი ხმა, რომლის დაცვაც შევძელით და ვიქნებით სადღაც 45 მეორე ტურში. პარტიაში უკვე დაწყებულია კონსულტაცია, რომელიც მომავალ სამოქმედო გეგმას ეხება და გარკვეულ დროს საჭიროებს“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
მხარდამჭერებს მადლობას უხდის და „ფეისბუქის“ საშუალებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც საბურთალოს N6 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატთან, ლევან გოგიჩაიშვილთან დამარცხდა.
„წარმატებებს ვუსურვებ საბურთალოს N6 საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს და მათ საბოლოო რჩეულს, რომელიც არჩევნების მეორე ტურში გამოვლინდება! მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირეთ. მე აღარ ვიქნები პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, მაგრამ კვლავაც ვიქნები თქვენდამი ანგარიშვალდებული. არ ჩათვალოთ, რომ თქვენი ხმა დაიკარგა, პირიქით, თქვენი ხმა შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებით ხმამაღლა გაისმა! დიახ, ჩვენ ცოტანი ვართ!“, – წერს დავით უსუფაშვილი.