„საქართველომ დაადასტურა, რომ არის ლიდერი დემოკრატიის ტრანსფორმაციის კუთხით“

„საქართველომ დაადასტურა, რომ არის ლიდერი დემოკრატიის ტრანსფორმაციის კუთხით“

„კონკურენტული და კარგად ორგანიზებული არჩევნები“, – ასე აფასებენ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები, რომელთა შეფასებით ცალკეულმა ბრალდებებმა და ძალადობრივმა შემთხვევებმა კამპანიაზე გავლენა ვერ მოახდინა. მათივე შეფასებით, არჩევნების დღემ ზოგადად, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მაგრამ დაძაბულობა გაიზარდა დღის განმავლობაში, სადაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალადობრივ შეტაკებას საარჩევნო უბნებსა და ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე.

ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა იგნასიო სანჩეს ამორმა აღნიშნა, არჩევნები ძალიან კონკურენტულ გარემოში გაიმართა და კარგად განხორციელდა, ამომრჩევლებს შესაძლებლობა შეუქმნა, რომ თავიანთი შეხედულებების შესახებ ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ პლურალისტურ, მაგრამ პოლარიზებულ მედიაგარემოში.

„თუმცა, მიუღებელია ძალადობის ცალკეული შემთხვევები, რამაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ საბედნიეროდ რისკის ქვეშ არ დაუყენებია არჩევნები, რომელიც ამ მხრივ, დადებითად ჩატარდა“, – აღნაშა იგნასიო სანჩეს ამორმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღანელის ემანუელ ზინგერსის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში კანდიდატების და ამომრჩევლების მიმართ მიუღებელი ქმედება განხორციელდა, რაც მისივე თქმით, აღარასოდეს უნდა მოხდეს.

„ამას გარდა, პარტიების მიერ მოზიდული თანხების ოდენობა ძალიან დაუბალანსებელი იყო, რამაც არათანაბარი შესაძლებლობები შექმნა. საარჩევნო პროცესების მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ყურადღებით მიადევნებს თვალს საარჩევნო პერიოდს, რომელიც მეორე ტურსაც მოიცავს და მაჟორიტარულ ოლქებში მიღებულ საბოლოო შედეგებს დაელოდება“, – განაცხადა ემანუელის ზინგერისმა.

ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, პაოლო ალის შეფასებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ლიდერი დემოკრატიის ტრანსფორმაციის კუთხით. მისივე შეფასებით, არჩევნების ჩატარება კიდევ ერთხელ ახალისებს მათ, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ადგილი ჰქონდა გარკვეულ ხარვეზებს კამპანიის მსვლელობისას. ზოგადად, ცხადია, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ლიდერი დემოკრატიის ტრანსფორმაციის კუთხით ამ რეგიონში“, – აცხადებს პაოლო ალი.

NDI-ის სადამკვირვებლო მისია პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს და აქტივისტებს მოუწოდებს პატივი სცენ არჩევნების შედეგებს. როგორც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ყველამ თავი უნდა აარიდოს სპეკულაციებს, რაც შესაძლოა ეფუძნდებოდეს ეგზიტპოლების ურთიერთგამომრიცხავ შედეგებსა და ცალკეულ ინციდენტებს.

„მნიშვნელოვანია ყველა ჩართულმა მხარემ გააანალიზოს, რომ ძალადობა არ იქნება მიღებული. ცესკომ რეაგირება უნდა მოახდინოს ყველა ლეგიტიმურ საჩივარზე, ითანამშრომლოს ყველა მომჩივანთან და უზრუნველყოს მისი სამუშაოების გამჭირვალობა, რათა გაიზარდოს საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა“, – აცხადებენ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ჩუგოშვილი, რომლის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოულოცა საქართველოს წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.

„გუშინდელი არჩევნები შეფასდა როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად ორგანიზებული, დაცული იყო ნების გამოხატვის თავისუფლება, დღის განმავლობაში მომხდარი გუშინდელი ინციდენტების მიუხედავად, საარჩევნო კამპანიამ უმეტესწილად მშვიდ გარემოში ჩაიარა.

საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველთა საარჩევნო სიები ნდობას იმსახურებდა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის შეფასებით, არჩევნებმა კიდევ უფრო გაამყარა საქართველოს როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარების კუთხით ლიდერის სტატუსი, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილ.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციური პარტიების შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელიც ცესკოს საქმიანობის მიმართ უნდობლობის გამოცხადებას შეეხებოდა, თამარ ჩუგოშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის განცხადებიდან რამდენიმე ციტატა მოიყვანა, რომლის მიხედვით, ის იმედგაცრუებულია ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის განცხადებით, რომლებიც არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რადგან არანაირი საფუძველი არჩევნების შედეგში ეჭვის შეტანის არ არსებობს.

„კენჭისყრის მიმდინარეობის, ასევე საარჩევნო პროცესის თაობაზე სადამკვირვებლო მისიების მხრიდან გამოითქვა შენიშვნები და დაფიქსირდა ხარვეზები. ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ შენიშვნებს და ვაპირებთ, რომ აუცილებლად გავითვალისწინოთ ყველა ის გამოთქმული შენიშვნა იმისთვის, რომ სამომავლოდ საარჩევნო გარემო ქვეყანაში იყოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილი, კიდევ უფრო თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

„არჩევნების დღემ ჩვენს ქვეყანაში, ერთი ორი გამონაკლისის გარდა მშვიდად ჩაიარა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საარჩევნო გარემო, საარჩევნო პროცესი, რომელიც თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა იყო მშვიდი, კონსტრუქციული რიგი გამონაკლისების გარდა, რომელიც საერთო ფონს არ ართულებდა და არ ცვლიდა.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტომბრის არჩევნები. ეს არჩევნები შეფასდება და ყველას მიზანია არჩევნები შეფასდეს, როგორც მართლაც მაღალი სტანდარტის არჩევნები. ეს არჩევნები შეფასდება, როგორც 8 ოქტომბრით, ასევე 8 ოქტომბრის ექსცესებზე და ინციდენტებზე დროული რეაგირებით, ასევე იმით, თუ როგორ მივალთ არჩევნების მეორე ტურამდე და როგორც ჩავატარებთ ამ მეორე ტურებს. კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქტიურები იყოთ მეორე ტურებზეც. ამომრჩეველმა აჩვენოს თავისი ინტერესი და ჩართულობა ამ პროცესში, როგორც ეს აჩვენა 8 ოქტომბერს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.