ნაციონალები „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლის შედეგებს ენდობიან და გამარჯვებას ზეიმობენ

ნაციონალები „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლის შედეგებს ენდობიან და გამარჯვებას ზეიმობენ

საარჩევნო უბნები დახურულია და ცესკო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს გამთენიას გამოაქვეყნებს, თუმცა პოლიტიკური პარტიები საკუთარ გამარჯვებას ორი სხვადასხვა შედეგის მქონე ეგზიტპოლების შედეგად ზეიმობენ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ეგზიტპოლის შედეგად, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნება“ ხმების მცირე რაოდენობით უსწრებს, რამდენიმე ტელევიზიის ეგზიტპოლის თანახმად კი, მმართველი პარტია 53, 8 პროცენტით ლიდერობს.

სიმართლე რომელ მხარეს არის, ამას ხვალ დილით, ცესკო-ს ოფიცილური შედეგები გაარკვევს, თუმცა ნაციონალები საკუთარ გამარჯვებას უკვე ზეიმობენ.

როგორც for.ge-ს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ნიკა მელიამ განუცხადა, ტელეკომპანია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გივი თარგამაძემ თავი თავად აიფეთქა და კორცხელში დარბევა „ნაცმოძრაობამ“ მოაწყო, ეს ყველაფერი აღარ უკვირს. მისი თქმით, 2014 წელს, ამ ტელევიზიამ საზოგადოებას ზარზეიმით აცნობა, რომ „ოცნების“ კანდიდატი გამარჯვებული პირველივე ტურში იყო.

„მაშინ, ხელისუფლებამ ფოიერვერკები გაისროლა, ტორტი გაიჭრა და დილით სულ სხვა შედეგი ვიხილეთ, რის გამოც „ოცნება“ ნირწამხდარი იყო. თქვენ გენაცვალეთ, წინასწარი მონაცემები ცნობილია, 32 პროცენტი არ ამბობს, მხარი ვის დაუჭირა, ახლა კი, ჯერი ცესკო-ზეა. რა თქმა უნდა, 32 პროცენტიანი შედეგი ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ შეიცვლება და ეს გასაკვირი არ იქნება“, - განაცხადა მელიამ.

მელიას მოსაზრებით, ასიათასობით ხმა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო, ახლა დასაცავია.

გუნდის წარმატებაზე აპელირებს სერგი კაპანაძეც. for.ge-სთან საუბარში კაპანაძის განცხადებით, შედეგები რომ განსხვავდება, ეს არ უკვირს, რადგან „იმედს“ ასეთი მიდგომა აქვს. მისი თქმით, ყველაფერი მალე გამოჩნდება, რადგან ცესკო შედეგებს რამდენიმე საათში დაითვლის.

„დარწმუნებული ვარ, ცესკო-ს შედეგები დაახლოებით ისეთი იქნება, როგორც „რუსთვი 2“-ის არის. ეს იმას ნიშნავს, რომ „ოცნებამ“ მთავრობა ვერ დააკომპლექტა და მეორე ტური იქნება. „იმედმა“ რაც უნდა იძახოს, რომ „ოცნებას“ 53 პროცენტი აქვს, ფაქტია, რომ ასე არ არის“, - აღნიშნა კაპანაძემ, რომელსაც კითხვით მივმართეთ, იმ შემთხვევაში, თუკი ცესკო-ს შედეგები „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლების მსგავსი არ იქნება, ისინი ოფიციალურ შედეგებს აღიარებენ თუ არა?

კაპანაძე განმარტავს, რომ თუ მასშტაბური, ფუნდამეტური გაყალბება არ იქნა, რა თქმა უნდა, პარტია აღიარებისთვის მზადაა.

„მათ გაყალბების საშუალებას არ მივცემთ. ჩემები ადგილზე არიან და ყველა ხმას დაიცავენ“, - დასძინა კაპანაძემ.

თანაგუნდელების მსგავსად, შედეგებით კმაყოფილია გივი თარგამაძე, რომელსაც for.ge-მ კითხვით მიმართა - სხვადასხვა შედეგების დადება არის თუ არა იმ სცენარის ნაწილი, რომელიც თაობაზეც „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ საუბრობდა?

თარგამაძის თქმით, სახელისუფლებო, პროპაგანდისტული არხების სამეული ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც რეალობიდან იმდენად მოწყვეტილია, რომ არ მგონია, „ქართული ოცნებაც“ კი, სწორებას „რუსთავი 2“-ის შედეგებზე არ აკეთებდეს.

„ვიცით, რომელი ტელევიზია რომელ ეგზიტპოლს ატარებს. სხვაა რას ზეიმობენ, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ რეალური სურათი აქაა ასახული. საზოგადოების დიდი ნაწილიც „რუსთავი 2“-ს ენდობა. პირველ რიგში, ცესკო-ს მიერ ხმების დათვლას უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი, ეს რეალურ სურათს ასახავს თუ არა. „ოცნება“ არ ვართ, რომ წინასწარ სცენარებზე ვლაპარაკობდეთ. მეც ერთ-ერთ სცენარში მოვყევი და მიუხედავად იმისა, რომ ძლივს გადავრჩი, პრეტენზიები აქეთ ჰქონდათ“, - აღნიშნავს თარგმაძე.

კანონმდებელი არ აკონკრეტებს, მისი პარტია აღიარებს თუ არა ცესკო-ს შედეგებს.

„წინასწარ მარჩიელობა საჭირო არ არის, ჯერ დაველოდოთ და შემდეგ ვისაუბროთ“, - დასძინა თარგამაძემ.

რაც შეეხება ეგზიტპოლის შედეგებს, „იმედის“ ცნობით, ამომრჩეველთა 53.8% “ქართული ოცნებას“ უჭერს მხარს, 19.5% - „ნაციონალური მოძრაობას“, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსია“ 5%-ით. „რუსთავი 2“-ის ცნობით, „ოცნებას“ მხარს გამოკითხულთა - 39,9 % უჭერს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 32,74%, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ -5,76%.