დილიდანვე საპარლამენტო არჩევნები დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობდა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმის განხორციელებას - პროცესების რადიკალიზაციას მარნეულში შეეცადა, მაგრამ გეგმა ამ შემთხვევაშიც ჩავარდა. მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.
უცნობი პირები სკოლის შენობას, რომელშიც საარჩევნო უბანია განთავსებული, ქვებს უშენდნენ, რის შედეგად ჩაიმსხვა ფანჯრები. ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები საარჩევნო კომისიას და სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ და ძალადობრივი გზით შეეცადნენ საარჩევო უბანზე შეჭრას.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. ნაცმოძრაობის აქტივისტები აგრესიულად გამოირჩეოდნენ „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართაც. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა.
საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები. სპეცდანიშნულების რაზმი პოლიციელთა დამატებით ჯგუფებთან ერთად უბნის ტერიტორიაზე რჩებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბანი „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერაა დარბეული.
„ძალიან მძიმე ფაქტია რაც მარნეულში ხდება. „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი, ისროდნენ ქვებს, იყენებდნენ ხელკეტებს. ჩვენი ინფორმაციით, გატაცებულია საარჩევნო ყუთი. პოლიციამ ვერ აღკვეთა ეს ფაქტი. როგორც ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია. ეს ისტერია გამოწვეულია სწორედ იმით, რომ „ქართული ოცნება“ გრძნობს არჩევნებში დამარცხებას. მესმის რომ ეშინიათ მარცხის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები მოხდეს“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მიმდინარეობს ტოტალური გაყალბება. ბურჭულაძე სპეცრაზმს მოუწოდებს, ხელი არ ახლოს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელთაც უნდათ სამართლის აღდგენა.
„მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, აღიაროს დამარცხება, ამასაც ვაჟკაცობა უნდა და მოიქცეს ვაჟკაცურად. დღეს წყდება საქართველოს ბედი“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
„ქართული ოცნება“ საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ შევიდნენ კონფლიქტში აღნიშნულ პირებთან. როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიჭრნენ და ყუთის გატაცება სცადეს.
„ქვების სროლა მათი ტრადიციული მეთოდია. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ პოლიციის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის შედეგად დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი. სამწუხაროდ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გავრცელდა მორიგი სიცრუე, კერძოდ, ითქვა, რომ მათ არ იცოდნენ, ვისი აქტივისტები დაესხნენ თავს უბანს. მათ კარგად იცოდნენ, ვინ იყვნენ ისინი. ასევე, გიორგი ტუღუშმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უბანს თავს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
17:00 მონაცემებით საოლქო-საარჩევნო კომისიებში 46 საჩივარია შეტანილი. საჩივრების უმრავლესობა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ არის დაწერილი. საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა.
მაგალითად, ხარვეზები შეეხებოდა საარჩევნო უბანზე აგიტაციას, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებას, რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ჰქონდათ შესვლის პრობლემა, რომელიც დროულად აღმოიფხვრა საუბნო-საარჩევნო კომისიების მიერ. საერთო ჯამში საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდნარეობს.
თუმცა, გამოვლინდა დარღვევა გადასატანი ყუთების შეთხვევაში, როდესაც წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ან უკვე წილისყრის ჩატარების შემდეგ უარი თქვეს გადასატანი ყუთების წაღებაზე. საუბარია მთაწმინდის მე-20, მე-16, 26-ე უბნებზე, ჩუღურეთის მე-14 და 32-ე, დიდუბის 38-ე, ნაძალადევის 51-ე, ვაკის 41-ე, საბურთალოს 25-ე უბნებზე. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოს რეგიონებში.
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვამელმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავდა, კენჭისყრის დღეს პარტიის კომისიის წევრები გადასატან ყუთთან ერთად გაეშვა, ამიტომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ როგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს კომისიის თავმჯდომარისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ დატოვებენ საარჩევნო უბანს.
დილიდან ხმაური იყო ბათუმში 69-ე საარჩევნო უბანზე, სადაც საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. როგორც უბნის თავმჯდომარემ მაია ბალადაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი დილიდან ცდილობდა ადგილზე სიტუაციის გამწვავებას და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელის შეშალას, რის გამოც უბანზე პატრულის გამოძახება გახდა საჭირო.
კომისიის წევრებმა ხმის მიცემის შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს. მისი თქმით, კომისიის წევრები დაკვირვების საშუალებას არ აძლევდნენ და ზოგიერთი მათგანი უბნის გარეთ აგიტაციას ეწეოდა.
არჩევნები ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო ზუგდიდში მე-18 საარჩევნო უბანში. „თავისუფალი დემოკრატების“ დამკვირვებლის, ეგნატე შამუგიას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი განაცხადა წილისყრაში მონაწილეობაზე, ასევე უბანზე არ აღმოჩნდა კენჭისყრის ჩასატარებლად საიჭირო ინვენტარი. გარდა მე-18 უბნისა, „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრებმა წილისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს რამდენიმე უბანშიც.
მაშ ასე, ნაციონალებმა გადასატანი ყუთებში მონაწილოების მიღებაზე უარი განაცხადეს, თუმცა ამის საპასუხოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, კომისიის ის წევრები, რომლებმაც უარი განაცხადეს ამ პროცედურაში მონაწილეობის მიღებაზე, მთელი დღის განმავლობაში უფუნქციოდ დარჩნენ, ნაწილს კი, თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულება მოუწია.
გარდა ამისა, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები for.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები თუ კომისიის წევერები, საარჩევნო უბანზე ქმნიდნენ ქაოსს, რაც იწვევდა ხმაურს და დაძაბულობას.
ვაკის საარჩევნო ოლქის 41-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თემურ დოლიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დილიდან ხალხმრავლობა იყო იყო უბანზე, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა ხმის მიცემის პროცესი, რაც არ მოეწონა „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრს ბადრი შუბლაძეს და რამდენიჯერმე შეეცადა ქაოსის შექმნას.
„თავდაპირველად ბადრი შუბლაძემ უარი თქვა გადასატანი ყუთების შეთხვევაში წილისყრაში მონაწილეობაზე, თუმცა მიზეზი არ განმარტა. მთელი დღის განმავლობაში ცდლობდა ქაოსის შექმნას. ამომრჩევლის აქტიურობამ გამოიწვია რიგი, ამიტომ კარებში მდგომი ადამიანი ცდილობდა რიგის მოწესრიგებას. ერთ-ერთმა ამომრჩეველმა აჩვენა პირადობა, რიგი რომ ნახა, თქვა გავალო, მაგრამ ისევ მოტრიალდა და შემოვიდა ოთახში, ამ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრმა ბადრი შუბლაძემ ატეხმა ხმაური, რომ პირადობის გარეშე შემოდისო.
ამ ბიჭმა ანახა პირადობაც, არც სხვაგან არ იყო ნამყოფი და სიაშიც ეწრა, მშვენივრად იცოდა რაც ხდებოდა, მაგრამ ხამური მიზანმიმართულად ატეხა, რადგან იმ მომენტში უბანზე უცხოელი დამკვირვებლები იყვნენ და ამიტომ აწყობდა ყვირილი. მოვთხოვე დაეწრა საჩივარი, მაგრამ არ დაწერა. ცდილობდა ქაოსის და ხმაურის შექმნას, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა“, - აღნიშნა თემურ დოლიძემ.
ანალოგიური ვითარება იყო საბურთალოს 25-ე საარჩევო ოლქში, როგორც კომისიის თავმჯდომარემ ბეჟან მესხელმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრთა გაღიზიანება და აგრესია გამოიწვია.
„ჩასაფრებულები იყვნენ, ყველაფერზე იწყებდნენ ხმაურს. უარი განაცხადეს გაყოლოდნენ გადასატან ყუთს, მოტივი არ დაუსახელებიათ. მაშინვე დავაწერინე ახსნა-განმარტება. ასეთი წესია, თუ გადასატან ყუთში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, მაშინ კენჭისყრაში ვერ ღებულობს მონაწილეობას და კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს მისი შეხედულებისამებრ მიუჩინოს ადგილი, რაც გავაკეთე“, - ამბობს ბეჟან მესხელი.
ნაციონალები ანალოგიური მეთოდი გამოიყენეს მინდელის მე-3 საარჩევნო უბანში. როგორც შორენა ჩხაიძემ გვითხრა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიხრიდან დამკვირვებელმა განუცხადა, რომ ცუდად იყო და ამიტომ, გადასატან საარჩევნო ყუთს ვერ გაყვებოდა.
„რადგან ცუდად იყო, გიორგი კალანდიას განვუმარტე, რომ ვერც სხვა პროცედურაში მიიღებდა მოინაწილეობას, ამაზე ატეხეს ხმაური, რომელი კანონით უზღუდავ არჩევნების დაკვირვების უფლებასო. ასევე, ამ დამკვირვებელს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო ამ ოლქში, იცოდა, მაგრამ მაინც დაარღვია კანონი.
ამ დარღვევაზე არ მიწერდა ოქმს, იძულებული გავხდი დამერეკა საოლქოში და როგორც იქნა დაწერა ოქმი. მერე უკვე საქმის გარჩევა დამიწყო. კალანდია იწყებდა ხმაურს, მერე უკვე სხვა პარტიის დამკვირვებლები აყვებოდნენ, თვითონ კი, ჩუმდებოდა. ასეთი მეთოდით ცდილობდნენ საარჩევნო უბნებზე ქაოსის და ხმაურის შექმნას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შორენა ჩხაიძე.
მთაწმინდაზე, მე-4 საოლქო საარჩევნო უბანის კომისიის თამჯდომარის მანანა გლუნჩაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრატორმა ხელმოუწერელი ბიულეტენი ფარულად შეინახა. მისი თქმით, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ოქმი შედგა, რომელსაც შეფასებას ცესკო მისცემს.
„13:15 საათზე, კომისიის წევრმა, რეგისტრატორმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაჟორიტარი კანდიდატის 50 ცალი ხელმოუწერელი ბიულეტენი ფარულად გადაინახა, რომელიც შემდგომ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა აღმოაჩინა. ბიულეტენების ამოღების შემდეგ, დავრეკეთ ოლქში გიორგი ზირაქიშვილთან. შემთხვევის ადგილზე ოლქის ყველა წარმომადგენელი მოვიდა და შედგა ოქმი, რომელსაც მსველელობას ცესკო მისცემს“, - აცხადებს მანანა გლუნჩაძე.