საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 19,81% შეადგინა, რაოდენობრივად აღნიშნული მაჩვენებელი 695 948 ამომრჩეველს შეადგენს. 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 34.79% შეადგინა. როგორც ცესკო-ში განმარტავენ, რაოდენობრივად აღნიშნული მაჩვენებელი 1 222 634 ამომრჩეველს შეადგენს.
09:05 წუთზე საბურთალოს მე-4 ოლქის 24-ე უბანზე მეუღლესა და შვილებთან ერთად მივიდა პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილმა არჩევანი ქვეყნის ევროპული მომავალის სასარგებლოდ გააკეთა. პრემიერი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეები, როდესაც დარჩებიან საკუთარი თავის და საკუთარი სინდისის წინაშე, გააკეთებენ არჩევანს კიდევ უფრო უკეთესი საქართველოს მომავლისთვის.
„რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს. მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას, მხარი დავუჭირე კეთილდღეობას თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას. მხარი დავუჭირე ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და უკეთეს განათლებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთაწმინდის ოლქის მე-6 საარჩევნო უბანზე მშობლებთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა ხმა მრავალპარტიულ პარლამენტს მისცა. მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. ილია მეორემ თავისი არჩევანი კრწანისის რაიონის ნომერ მე-4 საარჩევნო უბანზე გააკეთა. უწმინდესი საარჩევნო უბანზე მეუფეებთან ერთად მივიდა.
„მთელ საქართველოს ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. მოვუწოდებ ყველას, მთელ მოსახლეობას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, - ბრძანა უწმინდესმა.
თავისუფლების, სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის სასარგებლოდ არჩევანი გაკეთა ყოფილ პრემიერმა. ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა. იმისათვის, რომ ივანიშვილებს საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ, რიგში დგომა მოუწიათ. ყოფილი პრემიერის განცხადებით, აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე განმსაზღვრელია ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არა ემოციებით და რწმენით, არამედ გონებით აკეთებს არჩევანს.
„რატომ არის დღევანდელი არჩევნები ჩემთვის განსაკუთრებული?- მე ვფიქრობ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს მოახერხებს და გააკეთებს არჩევანს აზრით, გონებით და არა ემოციებით. გააზრებულად და არა რწმენით.
დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადმა ნაწილმა მოახერხა, გონებით და აზრით გაეკეთებინა არჩევანი. მე ამას გეუბნებით წინასწარ კვლევების მიხედვით, ვიცი რა მდგომარეობაა საქართველოში და ვფიქრობ, რომ ხარისხობრივი გარდატეხა მოხდა, რამეთუ უმრავლესობამ მოახერხა გონებით, გააზრებით არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ქვეყნის განვითარებას მისცა ხმა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რომლის განცხადებით, პირველი და მნიშვნელოვანი არის თავისუფლება, რომელიც უნდა იყოს შენარჩუნებული და განმტკიცებული.
„ქვეყანაში ვერასდროს დაბრუნდება ძალადობა, ისეთი ხელისუფლება, რომელიც შელახავს ადამიანის ღირსებას. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, განვითარებას, ისე რომ, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“, - განაცხდა კახა კალაძემ.
ისნის რაიონში, N9 მაჟორირატულ ოლქში, N7 საარჩევნო უბანზე, საქართველოს სტაბილურობას, დემოკრატიას და სწრაფი განვითარების უზრუნველყოფას მისცა ხმა კახა კახიშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. არჩევნების შედეგების შეჯამება ხდება არა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობიდან, არამედ, უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით.
სწორედ აქედან დგება შედეგი. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანი მივა საარჩევნო უბნებზე და მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, მით უფრო მყარი არჩევანი და შედეგი დადგება, უფრო დასაბუთებული იქნება ხალხის გადაწყვეტილება“, -განაცხადა კახა კახიშვილმა.
საარჩევნო პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, ყოველგვარი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. თუმცა, დარღვევებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ლაშა დამენია, რომლის განცხადებით, დაფიქსირდა ე.წ. სომხური კარუსელის ფაქტები. მისი თქმით, კარუსელი გამოიხატება იმაში, რომ ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აძლევდნენ შემოხაზულ ბიულეტენს, უბნიდან კი გამოჰქონდათ ცარიელი ბიულეტენები.
„მთელი დღის განმავლობაში ვცდილობთ კარუსელის ჩაშლას. ამ კარუსელის ორგანიზატორია დათო შენგელია. გარდა ამისა, ცესკო-ს მხრიდანაც ვერ მოხდა ორგანიზება უბნების. დაგვიანებით გაიხსნა 8 უბანი და ასევე რამდენიმე უბანში არ შეუშვეს დამკვირვებლები. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არის „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი აქტივისტი, რომელმაც საოლქო კომისია დააკომპლექტა „ქართული ოცნების“ აქტივისტებით, რომლებმაც არაფერი იციან არჩევნების ჩატარების, რასაც „ქართული ოცნება“ ჩადის, ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური დანაშაული“, - აცხადებს ლაშა დამენია.
ბრალდებას უარყოფენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში. ლაშა გვასალიას განცხადებით, ოპონენტები ხვდებიან, რომ დამარცხებულები არიან და სხვადასხვა პროვოკაციაზე მიდიან.
„ნაცმოძრაობას რაც უკეთებია ის ელანდება. რა სომხური, რის აზერბაიჯანული კარუსელი? ვერ გეტყვით საიდან მოიტანეს“, - აცხადებს ლაშა გვასალია.