„აფეთქების სიძლიერე და თარგამაძის მდგომარება არ იძლევა საშუალებას ითქვას, რომ იგი მანქანაში იყო“

„აფეთქების სიძლიერე და თარგამაძის მდგომარება არ იძლევა საშუალებას ითქვას, რომ იგი მანქანაში იყო“

კახა კახიშვილის განცხადებით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება იყო გამოწვევა, რომელსაც ადეკვატური პასუხი გაეცემა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქმე აუცილებლად გაიხსნება. მინისტრის განცხადებით, ფაქტს ხელისუფლებამ მწვავე შეფასება მისცა და პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ვერც ერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერც ერთი ქვეყნის იმუნიტეტი.

„ბუნებრივია, ეს არის ძალიან ცუდი. ეს იყო გამოწვევა. ამ გამოწვევაზე იქნება ადეკვატური პასუხი. შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს გამოძიებას და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას ამ კუთხით. ცხადია, გამოძიების ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს საქმე გაიხსნება.

სისხლის სამართლის გამოძიების კუთხით, აღნიშნული საქმე ურთულესია და სრული სურათის დახატვა ორ დღეში არ არის შესაძლებელი. დანიშნულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ექსპერტიზა, რომლის შედეგად მიკრონაწილაკები იქნება შესწავლილი. მსგავსი ტიპის ექსპერტიზების ჩატარებას კი, დრო სჭირდება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა გიორგი კვირიკაშვილი. პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ფაქტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, მთლიანობაში წინასაარჩევნო გარემოს ჩრდილი ვერ მიადგება.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ. მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს, რადგან ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში წინასაარჩევნო გარემოს ჩრდილი ვერ მიადგება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

4 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ორი საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას გივი თარგამაძე, რომელიც საგამოძიებო ორგანოსგან მკვლელობის მცდელობის გადაკვალიფიცირებას ტერაქტის კვალიფიკაციით ითხოვს.

„ჩვენ აღვიდგინეთ 4 ოქტომბრის დღე მთლიანად. ეს იყო ძირითადად საუბრის თემა. გამომძიებლებთან საუბარი მქონდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებზეც. გამოძიების დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვარ მეხსიერების ბარათზე გადავწერო და გამოძიებას გავატანო. მე მაქვს პოლიტიკური შეხედულება და ისიც არაერთხელ მითქვამს, თუ ვისგან მოდის ეს ყველაფერი. მაგრამ ახლა არაფერი დამიკონკრეტებია. ასევე, იყო კითხვა, გაზზე ხომ არ მყავდა მანქანა, თუმცა პასუხი დღესაც უარყოფითი იყო“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაციას არ აძლევენ სამხედრო ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებით, გივი თარგამაძის ლიკვიდაცია რომ სდომებოდათ, აფეთქება ბევრად მასშტაბური იქნებოდა და მსხვერპლიც დიდი რაოდენობით იქნებოდა. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას ყურადღებას გივი თარგამაძის მდგომარეობაზე ამახვილებს.

„აფეთქების შედეგად ავტომობილი მთლიანად სერიოზულად არის დაზიანებული, თავად თარგამაძის სახეზე რა დაზიანებებიც აღენიშნებოდა ეს ყველამ ვიხილეთ. აფეთქების სიძლიერის გათვალისწინებით, თარგამაძის მდგომარება არ იძლევა საშუალებას ითქვას, რომ ის მანქანაში იყო. როგორც ჩანს, თარგამაძე მანქანაში არ იჯდა, იქვე ახლოს იყო, რადგან მანქანაში მჯდომი ადამიანის დაზიანება საკმაოდ სერიოზული იქნებოდა.

წარმოიდგინეთ, რომ აფეთქების შედეგად ხუთი-ათი მეტრის რადიუსში მდგომი ადამიანები დაზიანდნენ, ავტომობილში მსხდომნი კი, უვნებლად გადარჩნენ. როგორც თვითმხილველები ამბობენ, აფეთქების ხმა საკმაოდ მძლავრი იყო, მანქანაში ყოფნის შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული დამწვრობა მაინც ექნებოდა, ასევე, უფრო მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ჭრილობები. რაც მთავარია, აფეთქების შემდეგ, რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში ინტერვიუების მიცემა, გამორიცხულია. ასეთი სიმძლავრის აფეთქების შედეგად ადამიანი შოკს იღებს, გამორიცხულია ამ დროს ადამიანმა შეძლოს ინტერვიუს მიცემა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისივე თქმით, ეს იყო ტერაქტის ძალიან კარგი იმიტაცია და არა ტერაქტი, რაც პირველი წუთიდანვე გასაგები იყო.

„ეს არის კარგად დადგმული შოუს ვარინატი. როგორც გითხარით, ასეთი ტერაქტის დროს და მით უმეტეს როდესაც მანქანა მოძრაობაშია, გადარჩენა გამორიცხულია. ეს იყო ტერაქტის იმიტაცია, რომელიც გათვლილი იყო არა მსხვერპლზე, არამედ პროვოკაციაზე. საპროტესტო მუხტის ასაწევად იყო გაკეთებული, მაგრამ იმდენად აშკარა იყო ყველაფრი, რომ ჩაუვარდათ. ამიტომაც არ განავითარეს ნაციონალებმა ეს თემა. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს ამ თემის განვითარება, რადგან პოლიტიკური პროვოკაციის მიზნით მოაწყვეს. ყველა ტერაქტს თვისი ხელწერა აქვს, ამ შემთხვევაში ეს არის ხურჩის ხელწერა“, - აცხადეს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, ლიკვიდაცია თუ იყო გათვალისწინებული, ასაფეთქებელი ნივთიერება ან სხვა ადგილას უნდა ჩაედოთ, ან მოცულობა უნდა ყოფილიყო დიდი, რადგან საუბარია „შკოდას“ ტიპის ავტომობილზე, რომელსაც სავარძელი და სალონი გაერთიანებული აქვს. მისივე თქმით, ასაფეთქებელ ნივთიერებას არ ჰქონდა გარსი და არც დამატებითი დამაზიანებელი ელემენტები არ გააჩნდა.

„თუ იგივე რაოდენობის ნივთიერება, რაც იქ აფეთქდა, მოთავსებული იქნებოდა უშუალოდ ვისი ლიკვიდაციაც იყო განსაზღვრული, მისი სავარძლის ქვეშ ან ძალიან ახლოს, მაშინ ფატალური შედეგით დასრულდებოდა. აქ ცოტა ეჭვები ჩნდება, თუ გათვლილი იყო კონკრეტულად ლიკვიდაციაზე, მაშინ ის, ვისაც გათვლილი ჰქონდა, პირველი - ჩადებდა სხვა ადგილას, ან ჩადებდა ისევ იქ, მაგრამ მოცულობა იქნებოდა მეტი, ეს იყო გარსის გარეშე ნივთიერება და არც დამატებითი დამაზიანებელი ელემენტები არ გააჩნდა, მაგალითად, რკინის ბურთულები ან ლურსმნები“, - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ გივი თარგამაძის აფეთქების ორგანიზატორებმა მიაღწიეს, იმედია დროებით, იმ მიზანს, რომ ნატო-ს, გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ აქამდე მშვიდად მიმდინარე საარჩევნო პროცესს, ამ ინციდენტის შედეგად საფრთხე შეექმნა.

„როგორც ჩანს, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საარჩევენო პროცესის მეტ-ნაკლებად პოზიტიურმა შეფასებამ და 2012 წლის საარჩევნო კამპანიასთან შედარებით, აშკარა პროგრესის დაფიქსირებამ, გეგმები დაურღვია მათ, ვინც ცდილობს არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ დააყენოს და ამით ხელისუფლების რევოლუციის გზით ხელში ჩაგდება გაამართლოს, ან ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამის მოსურნეები სამწუხაროდ არიან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე განცხადებით, აფეთქებამ დაძაბა მნიშვნელოვნად საარჩევნო გარემო და ხელისუფლების ოპონენტებს მეტი არგუმენტები მისცა, რომ არჩევნების შედეგები ეჭვის ქვეშ დააყენონ.

„თუ ეს უკვე დაწერილი სცენარის ნაწილია, მაშინ უახლოეს დღეებში მსგავს ინციდენტებს ან რაიმე სკანდალურ ფაქტებს კიდევ უნდა ველოდოთ. მე არ მგონია, რომ ამ ინციდენტის შემდეგ „ნაცმოძრაობას“ რეიტინგი მოემატა ან მხარდამჭერები გაუმრავლდა. უბრალოდ, საზოგადოებაში დაძაბულობამ მოიმატა და ამან შეიძლება ამომრჩევლის ნაწილს არჩევნებზე წასვლა გადააფიქრებინოს იმის შიშით, რომ მსგავსი რამ შეიძლება ნებისმიერ ადგილას მოხდეს, მათ შორის საარჩევნო უბნის სიახლოვეს“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

კითხვაზე, რა გავლენას მოახდეს „პირიმზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტი 8 ოქტომბრის არჩევნებზე, ექსპერტი ამბობს, რომ ამის პროგნოზირება რთულია

„საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ფაქტს „ნაცმოძრაობის“ მიერ ინსპირირებულ პროვოკაციად და რევოლუციისათვის სამზადისად აფასებს. ამიტომაც, რეაქცია შეიძლება იყოს ორგვარი - დამოკიდებული წმინდა ადამიანურ ფაქტორზე. ვიღაცისათვის ეს შეიძლება გახდეს სტიმულატორი იმისა, რომ აუცილებლად წავიდეს არჩევნებზე, თუნდაც ადრე ამას არ აპირებდა, ხოლო სხვებისათვის კი პირიქით - უფრო მეტი არგუმენტი სახლში დარჩენის სასარგებლოდ, იმისათვის რომ ხიფათსა და არეულობებს თავი აარიდონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.