კახი კალაძე მიიჩნევს, რომ ნაცმოძრაობას ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს; ირაკლი სესიაშვილი გაკვირვებას ვერ მალავს, თუკი ასე ცოტა ხალხი მივიდა ნაციონალების აქციაზე, მაშინ ისინი როგორ გადალახავენ საარჩევნო ბარიერს?! კალაძისა და სესიაშვილის ტონალობას იმეორებს ირაკლი კობახიძეც. ის აცხადებს, რომ ენმ ბარიერის გადალახვის ზღვარზეა, ან გადალახავს ბარიერს, ან -ვერა.
უფრო ადრე ნაციონალებისა და ბარიერის თემას შეეხო ბიძინა ივანიშვილი. მართალია, ყოფილი პრემიერი ოდესღაც ამბობდა, რომ ნაცმოძრაობა, როგორც ოპოზიციური ძალა, უნდა შენარჩუნებულიყო, მაგრამ დღესდღეობით ბიძინა ივანიშვილი, საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ნაციონალების პრობლემა თავის გადარჩენაა. ამიტომაც უმაგრებენ ერთმანეთს გულს სიცრუით, რადგან იციან, რომ ძალიან მძიმე არჩევნები ელით და მათი პრობლემა ბარიერის გადალახვაა.
გადალახავენ თუ არა ნაციონალები ბარიერს და ვის გააწნის სილას ქართველი ამომრჩეველი?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ესაუბრა.
არჩილ გამზარდია: პირველ რიგში, ხელისუფალი არასწორად იქცევა, როდესაც ამა თუ იმ აქციაზე ხალხის მისვლით თუ არმისვლით აფასებს ცალკეული პარტიის პერსპექტივას. სავსებით შესაძლებელია, აქციაზე მივიდეს ბევრი ადამიანი, მაგრამ, რეალურად, პარტიას დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს არჩევნებზე და, პირიქით, შესაძლოა, ცალკეულ პარტიას პასიური ამომრჩეველი ჰყავდეს, ეს ამომრჩეველი აქციაზე არ დადიოდეს, მაგრამ მათ ხმას აძლევდეს. ამიტომ არასწორია, როდესაც ინდიკატორია აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა. მაღალი თანამდებობის პირი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს.
არა მგონია, ნაცმოძრაობას ბარიერის გადალახვის პრობლემა ჰქონდეს, მაგრამ მისი რეიტინგი მკვეთრად დაცემულია და აღმოჩნდა ისიც, რომ მისი ამომრჩეველი არც ისე მდგრადია, როგორც თუნდაც ერთი წლის წინ. როგორც ჩანს, ნაციონალების ამომრჩეველზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, მათ შორის, იმანაც, რომ გიორგი ვაშაძე გავიდა და გარკვეული ნაწილი მას გაჰყვა, ასევე, იმოქმედა „გირჩის“ შექმნამ, თვითონ ნაცმოძრაობის უპერსპექტივობის განცდამ და სხვა. ამდენად, ნაცმოძრაობას დარჩა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველი და ბევრად ნაკლები პერსპექტივა.
როგორც წესი, ადამიანები ნაკლებად არიან იმ გაერთიანებაში, რომლის პერსპექტივასაც დიდად ვერ ხედავენ და ეს საერთო რეიტინგზე მოქმედებს. ნაცმოძრაობის პერსპექტივა აღარ არის უპირობო ლიდერობის პერსპექტივა. უბრალოდ, ნაცმოძრაობა გაუტოლდა ისეთ კონკურენტებს, როგორებიც არიან „თავისუფალი დემოკრატები“, ბურჯანაძე, „პატრიოტთა ალიანსი“. „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, ყველას ერთად დაახლოებით თანაბარი შანსები გააჩნიათ.
თქვენს მიერ ნახსენები გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამომრჩეველი სილას გააწნავს „ნაცმოძრაობასაც“ და „ოცნებასაც“, სააკაშვილი კი არ ჩამოვა, მიუხედავად იმისა, რომ თავის ლიმიტირებულ ამომრჩეველს არწმუნებს, სამ დღეში შევხვდებითო. თუ გავითვალისწინებთ, რომ, რეალურად, „ოცნების“ მიმართ განწყობაც შემცირებულია, ხომ არ სურს ამომრჩევლს, სილა გააწნას ყველა მოქმედ პარტიას? თუ, უბრალოდ, ჩვენი ელექტორატი იმიტომ მიდის არჩევნებზე, რომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის აქვს გასაკეთებელი?
- მე არ ვფიქრობ, რომ ამომრჩეველს სილის გაწვნის სურვილი აქვს. მაშინ ამომრჩეველი აქტიური იქნებოდა. პირიქით, იმაზე მიდის მუშაობა, რომ პასიური, დაბნეული ამომრჩეველი, რომელმაც არ იცის, ვის მისცეს ხმა, როგორღაც გაააქტიურონ. მართალია, „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია 2012 წელთან შედარებით, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს რეიტინგი გაზრდილია თუნდაც ექვსი თვის წინანდელ რეიტინგთან მიმართებით. უნდა შევნიშნოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე დამაჯერებელი წინაასაარჩევნო კამპანია ჩაატარა. პირიქით, გამოჩნდა, რომ „ოცნებამ“ ხელისუფლება შეიგრძნო, გამოჩნდა, რომ მას უკვე მიჰყავს პროცესები. პირველად გამოჩნდა ეს გამოხატულებები, პირველად დავაფიქსირეთ, რომ „ქართული ოცნება“ პროცესის წამყვანია და არა - მიმყოლი. ამიტომ „ოცნების“ შანსი ცუდად არ გამოიყურება. პირიქით, სპეციალისტები ზუსტად იმაზე ვსაუბრობთ, რომ არ შეიქმნას ორი მონსტრი-„ქართული ოცნება“ და ნაციონალები და დარჩენილ დროში ყველა სხვა პოლიტიკური აქტორის ხილვადობა გავზარდოთ. არჩევნები არ უნდა იყოს დაყვანილი მარტო „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობაზე“, ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს სხვა პარტიასაც, გარდა იმ აქტიური ამომრჩევლისა, რომელიც ყველა პარტიას ჰყავს.
როგორც წესი, აქტიური ამომრჩეველი ზოგადად ყველა პარტიას მცირე რაოდენობით ჰყავს. არსებობს პასიური ამომრჩეველი, რომელმაც რაღაც გარემოების გამო შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება და წავიდეს არჩევნებზე და ვიღაცის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი. ეს შეიძლება იყოს „ქართული ოცნება“, ან რომელიღაც შუალედური ტიპის პარტია, მაგალითად, „რესპუბლიკელები“, „დემოკრატები“. ცხადია, ეს პასიური ამომრჩეველი „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი არ იქნება. შეუძლებელია „ნაცმოძრაობის“ იყოს, რადგან „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი პასიურ რეჟიმში არ იქნება. ეს ის კატეგორიაა, რომელიც ფიქრობს, რომ პოლიტიკური მრავალფეროვნება წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტში.
ბოლო დროს გახშირდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ „ნაცმოძრაობამ“ აგვისტოში უკრაინაში ე.წ. ავტომაიდანი შეისწავლა და საქართველოში მის განხორციელებას ცდილობს. „თავისუფალი ზონის“ ყოფილმა წევრებმაც ამის შესახებ ისაუბრეს, რომ სააკაშვილი მათ დესტაბილიზაციის მოსაწყობად იყენებდა. რამდენად რეალურია ეჭვები იმის შესახებ, რომ საკუთარი თანაპარტიელების მხრიდან სამიზნეებად შეიძლება აღმოჩნდნენ დავით ბაქრაძე, სანდრა რულოვსი და გიგი წერეთელი, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია და ამას რეზონანსი ექნება ეუთოს მასშტაბით?
- მართალი გითხრათ, ეს საშიშროება სავსებით რეალისტურია და არ არის მხოლოდ თეორიული. თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ ამგვარი ხმების გავრცელება ჰაერზე ხდებოდეს და სახელმწიფო სპეცსამსახურები ყრიდნენ ასეთ მითებს. ანუ ორივე ვარიანტი შესაძლებელია. უბრალოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საზოგადოება სხვა ტალღაზეა, „ავტომაიდანი“ ვერ განხორციელდება საქართველოში, რადგან მსგავსი მუხტი არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ, რომ ნაციონალებს „რუსთავი 2“-ის შენობასთან ვერ მიჰყავთ ხალხი, ლარის კურსის დაცემასთან დაკავშირებითაც არ მივიდა ხალხი, აფხაზეთის თემის გამოც ცოტა ხალხი მივიდა, სასამართლოშიც ცალკეულ პროცესებთან მიმართებით არ მივიდა ხალხი, ბოლოს და ბოლოს, 5 ოქტომბრის აქციაზეც, პრაქტიკულად, ადამიანებმა არ ისურვეს მისვლა, ან იმდენი არ მივიდა, როგორც ვარაუდობდნენ. ამის პარალელურად, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ჩვენმა საზოგადოებამ ირონიზება გაუკეთა. წინა პლანზე დადგა არა ოთხი დაშავებული, რომელიც, საუბედუროდ, უდანაშულო იყო, არამედ თვითონ გივი თარგამაძე. მთლიანად პაროდოზირება მოხდა ამ პროცესის, სატირაში გადაიტანა საზოგადოებამ და დასცინა.
ალბათ, ხალხის მეხსიერებას შემორჩა მიტინგის დარბევის პარალელურად გაკეთებული გივი თარგამაძის უკვდავი სიტყვები - „სულს ამოგხდით“.
- დიახ და ჩვენმა საზოგადოებამ ასეთივე ირონია გამოხატა 5 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებითაც. ხალხი დასცინის ამათ აქციებს.
მაგრამ ნაციონალების აზრით, ხელისუფლებამაც ირონია გამოხატა მათ მიმართ, როცა ნაციონალების აქციის ფონად „ჩემი საქართველოს“ კლიპი გამოჩნდა, 41 ნომრით, კულმინაცია კი იყო ცაზე „დრონის“ გადაფრენა, სიმბოლური ცოცხით.
- ეს არც ისე ეთიკურია, მაგრამ ამაში უკანონო არაფერია. არ არის გასაკვირი, რომ ეს პარტიულ დონეზე გამოხატული ინიციატივა ყოფილიყო, რომელიც არ კონტროლდება და არც უნდა გაკონტროლდეს. პირიქით, ხელისუფლებამ სიმშვიდე შეინარჩუნა. გამოვიდა პრეზიდენტი და გამოძიებაზე, სტაბილურობაზე ილაპარაკა, თუმცა გივი თარგამაძის ამბავმა ერთ საღამოზე მეტხანსაც ვერ გაქაჩა, მეორე დღესაც არ გადმოვიდა ეს თემა. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. პრაქტიკულად, რეზონანსი არ მოჰყოლია. არადა, პოლიტიკური პროვოკაციის მიზანია ყოველთვის, რომ ხელისუფლება ჩაითრიოს. ხელისუფლების ჩათრევა კი ვერ მოხდა.
ანუ გივი თარგამაძის პოლიტიკური რეანიმაცია ვერ შედგა?
- ფაქტია, საზოგადოება და ხელისუფლება ვერ ჩაითრიეს. თავიანთი აქტივისტების დონეზე პროგნოზირებადი განწყობები კი დაიდო, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენმა ეს ფაქტი ირონიულად მიიღო. მე მგონი, ნაციონალები თვითონვე შეაფასებდნენ, რომ შანსები ნაკლებად აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოძიების პასუხები დროზე და გააზრებულად უნდა დაიდოს, ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. თუ ამას ვერ გააკეთებს, მათი ხინჯი იქნება და შეფასდება კიდეც ასე, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების კუთხიდანაც. ჩვენმა საზოგადოებამ ის უფრო დამაჯერებად ჩათვალა, რომ ნაციონალებმა ეს თვითონ გააკეთეს, ვიდრე ეს აქტი ხელისუფლებას გაეკეთებინა.
როდესაც ვსაუბრობთ, რომ ნაციონალებს შესაძლოა აწყობდეთ არჩევნების ჩაშლა და მისი ლეგიტიმაციის კითხვის ქვეშ დაყენება, ამ ფონზე რამდენად ძლიერი ჩანს ჩვენი ხელისუფლება და რატომ ვრცელდება ბოლო ხანს მხოლოდ ნიკა გვარამიას მონაწილეობით აუდიოჩანაწერები? გამოდის, ქვეყანაში მხოლოდ გვარამიას უსმენენ? სად არის ნაცმოძრაობის ე.წ. გონიერი მუხტი - გიგა ბოკერია და სხვები? ისინი გადატრიალებაზე არ ფიქრობენ? რატომ ვერ ხერხდება, რომ საეჭვო ადამიანებს კანონიერად მოუსმინონ?
- თავის მხრივ, ნიკა გვარამია განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენს. ის პატარა აქტორია, წვრილი პერსონაჟებით კი უფრო „ნამიოკის“ მიცემა ხდება დიდი პერსონაჟების მიმართ. სპეცსამსახურებს არ სჭირდებათ, უფრო მნიშვნელოვანი სუბიექტები წამოსწიონ წინ და მერე ხელისუფლება გარკვეული ძალების მხრიდან პირდაპირ სამიზნედ აქციონ. არჩევნების შემდგომ პერიოდში დესტრუქციის შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუკი საერთაშორისო საზოგადოება ნეგატიურად შეაფასებს ამ არჩევნებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. 2003 წელს არჩევნები სწორედ საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა ნეგატიურად, ეგზიტპოლის ეფექტმაც იმუშავა და, მთლიანობაში, ამას ჩვენი საზოგადოების ნეგატიური განწყობაც დაერთო.
ახლაც სწორედ საერთაშორისო საზოგადოებაზე იმუშავებს ნაცმოძრაობა.
- ახლა აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. წვრილი ხულიგნობის გარდა, რომელსაც ბუნებით პროვოკაციის იერი აქვს, სხვა რამ პრაქტიკულად შეუძლებელია. თუკი საერთაშორისო საზოგადოება ნორმალურად შეაფასებს და ცნობს არჩევნების შედეგებს, ხოლო „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლს სხვა ეგზიტპოლი დააბალანსებს, მაშინ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება „ნაცმოძრაობა“ და რაც უფრო მეტად შეეცდება დესტრუქციის გამოხატვას, მისთვის მით უფრო უარესი იქნება.
მოახერხებენ კი ნაციონალები, დასავლეთი სათავისოდ მომართონ და დასავლეთმა არ ცნოს არჩევნების ლეგიტიმურობა?
- იმედი მაქვს, რომ მსგავსი სცენარი არ განვითარდება. ამ წუთში არანაირი პირობა არ ჩანს, რომ საარჩევნო პროცესი ნეგატიურად აღიქვან. ამერიკის ელჩმაც იდეალურად შეაფასა ეს პროცესი.
სამაგიეროდ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - ჯეიმს აპატურაიმ შეშფოთება გამოხატა წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი ძალადობის გამო. ასეთი მაღალი რანგის ჩინოსნის შეშფოთება კი მკვთრ ტონალობას ნიშნავს.
- გასაგებია, მაგრამ აფეთება არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ მათ უნდა გამოხატონ შეშფოთება. დასავლეთი ძალიან ადეკვატურია აქ მიმდინარე პროცესების მიმართ. თუკი არჩევნები ნორმალურად ჩაივლის, არა მგონია, დასავლეთმა ნეგატიური შეფასება დადოს. ხოლო, თუ არჩევნები ნორმალურად არ ჩაივლის, ხელისუფლება ღირსი იქნება, პასუხისმგებლობა აიღოს. არა მგონია, გააყალბონ ან ზეწოლა მოახდინონ არჩევნებზე, შეიძლება იყოს მცირედი გადაცდომა, მაგრამ, მთლიანობაში, შედეგები ბევრად უფრო ობიექტურად დაიდება.
და ალბათ, წარსულს ჩაბარდება ოდესის ოლქის გუბერნატორის-სააკაშვილის ფიქრები, რომ, როცა საქართველოში ჩამოვა, ის ადამიანები, რომლებიც მას დაჭერით ემუქრებიან, სანდრაზე ადრე მიირბენენ საზღვართან, სააკაშვილს დახვდებიან და კორიდორსაც გაუკეთებენ.
- ეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პროპაგანდის ტექნოლოგიაა, როდესაც დამარცხებული ფაშისტების ჯარს ხელოვნურად ამხნევებდნენ, რომ მათ საბრძოლო მუხტი შეენარჩუნებინათ. სპეციალური ადამიანებიც კი ჰყავდათ საამისოდ და სპეციალური შეტყობინებები იქმნებოდა დამარცხებული ჯარის გასამაგრებლად, რათა ისინი სწრაფად არ გაქცეულიყვნენ. მათ არწმუნებდნენ, თითქოს მათთან ჰილტერი ჩავიდოდა. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია.