ხვალ არჩევნებია!

ხვალ არჩევნებია!

8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველი პარლამენტის 150 დეპუტატს აირჩევს - 77 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა. ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს, 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს.

დილის 8:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები. საქართველოს მასშტაბით 3 645, მათ შორის 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია, 55 საარჩევნო უბანია საზღვარგარეთ. საპარლამენტო არჩევნები 5 ოქტომბერს უკვე გაიმართა ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც 8 ოქტომბერს დაითვლება.

საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედია ორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი.

პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნები. საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, ხოლო რიგგარეშე არჩევნები ტარდება თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და თვითმმართველი თემების - ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების ასარჩევად.

20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. ცესკო არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების გაცნობას 9 ოქტომბრის ღამესვე დაიწყებს. 8 ოქტომბერს ცესკო-ში 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, მისი გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია. ამასთან, თუკი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ცესკოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიღება მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა მოუწევს - ამ შემთხვევაში შემაჯამებელი ოქმის მიღების უკიდურესი ვადა 21 ნოემბერია. პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები 50%-იანი ბარიერის პირობებში ტარდება და მეორე ტური მაშინ ინიშნება, თუკი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

საარჩევნო კოდექსის გათვალისწინებით, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად, არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან, არაუგვიანეს 25-ე დღისა.

10 საარჩევნო უბანი გაიხსნება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანზე ხმას მისცემენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხვალ ჯარის და პოლიციის დიდ ნაწილს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება. გიგა ბოკერია განმარტავს, რომ ორი დღის წინ სამხედრო ნაწილებში მივიდა მინისტრ ლევან იზორიას ზეპირი ბრძანება, რომ ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი სამხედრო ნაწილებს ვერ დატოვებენ. ბოკერიას მტკიცებით, იგივე სიტუაციაა რიგით პოლიციელებთან მიმართებაშიც.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა ივანიშვილის და მისი გუნდის უკანონო, მავნებლური განზრახვის შესახებ. ახალი რეგულაციებით, ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი ხმას მისცემს სპეციალურ უბნებზე. არადა, მათ უნდა მისცემოდათ საშუალება, რომ ხმა მიეცათ იქ, სადაც ჩაწერილი იყვნენ - საკუთარ მისამართზე.

იდენტური ვითარებაა რიგით პოლიციელებთან მიმართებაში, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დილის 08:00 საათიდან, 22:00 საათამდე მათი დიდი ნაწილი გადაყვანილი იქნება ყაზარმულ მდგომარეობაზე, მათაც არ მიეცემათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებენ თავდაცვის სამინისტროში. ლევან იზორიას უწყება მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან გაკეთებული განცხადება, თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს არ აძლევენ ხმის მიცემის საშუალებას, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

არჩევნებზე მისვლას და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს ამომრჩევლებს გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 9 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა იცხოვრებს უკეთეს საქართველოში. მისი თქმით, ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული საქართველოს მომავლისთვის. კვირიკაშვილის განცხადებით, შსს-ს როლი არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო.

„მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ თქვენი როლი არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენი თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნას დაცული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საგანგებო ბრიფინგი გამართა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხვალ, 8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ხვალ საღამოს ქართველმა ხალხმა სახელმწიფო ძალაუფლება მიანდოს თავის ახალ რჩეულებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და პარტიამ მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს და არ დააყრდნობს თავის მომავალ საქმიანობას საკუთარი კვლევების, თუ საკუთარი გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა - ყველამ და არა მხოლოდ სამართალდამცავმა ორგანოებმა, პირუთვნელად და მიუკერძოებლად შეასრულონ თავისი კონსტიტუციური ფუნქცია - ემსახურონ საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მის ლიდერს. თითოელი მათგანი, ვინც დღეს აღჭურვილია სახელმწიფო ძალაუფლებით - პოლიციელი იქნება, გამგებელი, თუ სხვა მოხელე, არის თავისუფალი საკუთარ არჩევანში, როგორც ინდივიდი.

მას აქვს საშუალება მივიდეს და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი, მაგრამ როდესაც ისინი ახორციელებენ საჯარო ძალაუფლებას, უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და იყვნენ აბსოლუტურად მიუკერძოებელნი და ნეიტრალურები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს და ხვალ ეს იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.