ხალხის მობილიზაცია, სახელმწიფო ობიექტების გადაკეტვა - სახელწიფო გადატრიალება სააკაშვილის მეთოდით

ხალხის მობილიზაცია, სახელმწიფო ობიექტების გადაკეტვა - სახელწიფო გადატრიალება სააკაშვილის მეთოდით

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შს მინისტრმა შესაბამისი ბრძანება გამოსცა. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, მინისტრის ბრძანებით, შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, როგორც ჩვეულებრივ ხდება-ხოლმე, არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რათა არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ყველა ჩვენი რესურსი იყოს სათანადოდ მობილიზებული.

„ამ ბრძანებაშივეა მითითებული, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ დატოვონ თავიანთი სამუშაო ადგილები და ყველა ხელმძღვანელი გაფრთხილებულია, რომ წინასწარ შედგენილი გრაფიკით თანამშრომლებს თავისუფლად მიეცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შსს-ს ყველა თანამშრომელი თავისუფალია თავის არჩევანში და ვინც რა უნდა თქვას, პოლიცია დღეისთვის არის დეპოლიტიზებული და ჩვენ ამ სტანდარტს ძალიან ვუფრთხილდებით“, - აცხადებს შალვა ხუციშვილი.

პარალელურ რეჟიმში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „თავისუფალი ზონის“ წევრების დაკითხვა მიმდინარეობს. „თავისუფალი ზონის“ წევრის საგამოძიებო უწყებაში დაბარება ინტერნეტში გასულ კვირას გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც სუს-მა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.

„თავისუფალი ზონის“ წევრების ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკითხვაზე კიდევ არაერთი პირის დაბარებას აპირებს. როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, ეს ყველაფერი ემსახურება წინასაარჩევნოდ აჟიოტაჟის შექმნას.

„ეს არის ხელისუფლების დაკვეთა. მიმდინარე გამოძიება სამარცხვინო ფორმალური პროცედურაა, რომელიც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. საფუძველსაა მოკლებული ის განცხადებაც, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო გადატრიალებაზე აკეთებს“, - აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სსსკ-ის 315-ე მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებას გულისხმობს. სწორედ 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე, ილია ნიკოლაიშვილი, რომლის განცხადებით, გამოძიება „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრის, ბესო კალაძის საჯარო განცხადებით და მისი ფეისბუქ გვერდით დაინტერესდა.

„ვწუხვარ, რომ სამართალდამცავები ამაზე დროს ხარჯავენ. რაც შეეხება თავად პროცესს, გამომძიებელი იყო კორექტული და მასთან მიმართებით პრეტენზია არ მაქვს. რამდენიმე თვის წინ უკრაინაში შემთხვევით შევხვდი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მითხრა, რომ დარწმუნებულია არჩევნებში გამარჯვებაში და, რომ სურს ქვეყანაში მშვიდობა“, - აცხადებს ილია ნიკოლაიშვილი.

სააკაშვილის გეგმაში, რომ პროცესების მშვიდობიანი განვითარება არ შედის, ამას მისი პირადი დაცვის ყოფილი წევრის და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი შაქრო კობაიძე ადასტურებს. კობაიძე ამბობს, რომ ბოლოდროინდელი პროცესების განვითარების შემდგომ, პარტიის ხელმძღვანელობამ აშკარად დაიწყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელება და შექმნა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე.

„მე, შაქრო კობაიძე წლების განმავლობაში ვიყავი მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის წევრი, შემდგომში, პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ გავწევრიანდი, რადგან მჯეროდა კეთილი მიზნების, მაგრამ ბოლოდროინდელი პროცესების განვითარების შემდგომ, პარტიის ხელმძღვანელობამ აშკარად დაიწყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელება და შექმნა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე.

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ იგეგმებოდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელება, რის გამოც პარტიის ოფისში იმართებოდა თათბირები და თათბირებეზე ხშირად განიხილავდნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმას, ისინი თათბირებზე ასევე გეგმავდნენ განსახორციელებელ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, - აცხადებს შაქრო კობაიძე.

მისივე თქმით, ამავე თათბირზე მან გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება ძალადობის და პროვოკაციული ქმედებების განხორციელების მიმართ, თუმცა პარტიის ხელმძღვანელობის მიერ მისი აზრი არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა თათბირებზე განიხილებოდა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დესტაბილიზაციის გზით უნდა მოსულიყო. იგეგმებოდა გადატრიალება. კერძოდ, იგეგმებოდა სახელმწიფო ობიექტების გადაკეტვა. თათბირებზე შემომთავაზეს, რომ ჩავრთულიყავი ამ პროცესებში და კონკრეტულად გამეწია მობილიზაცია ხალხის, რომ არეულობა მოგვეწყო 8 ოქტომბერს წაგების შემთხვევაში.

საჯაროდ კონკრეტული სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, შესაბამისი სამსახურების დაინტერესების შემთხვევაში მზად ვარ ინფორმაცია მივაწოდო ჩვენების სახით, თუ ვინ გეგმავს გადატრიალებას და არეულობას ქვეყანაში. ნამდვილად არ მინდა საქართველოში არეულობა. მყავს შვილი და არ მინდა ისევ ძველებურ ქაოსში და არეულობაში გადაიზარდოს. ამიტომ განვაცხადე უარი და მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია“, - აღნიშნა შაქრო კობაიძემ.