საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორი თანამდებობიდან გადააყენა. არაოფიციალური განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართული მხარის მიერ დადასტურა უკრაინის მოქალაქისა და ოდესის გუბერნატორის მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება.
„ახლახან მაცნობეს უკრაინიდან, რომ დღეს საღამოს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას, ცხადია - უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს მიერ.
ამ ბრძანებას პოროშენკო თავად გააცნობს სააკაშვილს ხვალ, როდესაც ის ოდესაში ჩავა! სააკაშვილს ოდესის გუბერნატორის პოსტზე ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ივანე პლაჩკოვი შეცვლის. ინფორმაცია არაოფიციალურია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, - წერს ირაკლი გოგავა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ვერც ერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი, ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
„ის, რაც მოხდა თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება დამნაშავე პირების დასაკავებლად.
ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს. მინდა, მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს - თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერც ერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა! ყველა აგებს პასუხს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, გაუგებარია რატომ არ უგზავნის ხელისუფლება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ოდესის ოლქის გუბერნატორის გამონათქვამებისა და საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის გამო საპროტესტო ნოტას.
„ჯერ კიდევ მაშინ, როცა მინისტრი ვიყავი, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ინტერვიუ „ბიბისი“-ს „ჰარდ თოლქში“, სადაც ქართულ სახელმწიფოზე განახორციელა შეტევა, მაშინ მთავრობის სხდომაზე მოვითხოვე საგარეო საქმეთა მინისტრისგან უკრაინაში ნოტის გაგზავნა. ყოველ ჯერზე ჩემი მხრიდან ეს მოთხოვნა გამეორებული იყო. სამწუხაროდ, მე ვერ მივიღე მაშინ თანხმობა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ჩემთვის გაუგებარია მიზეზები.
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლების გამო, როგორც თავდაცვის მინისტრმა უარი ვთქვი უკრაინაში ვიზიტზე, მანამ სანამ უკრაინის საგარეო უწყება ბოდიშს არ მოიხდიდა, მათი ქვეყნის ერთ-ერთი გუბერნატორის მიერ, მეგობარი ქვეყნის მიმართ გაკეთებული გამნათქვამების გამო“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.