საქართველო მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევის მოლოდინშია, პოლიტიკურ პარტიათა ნაწილი აქციებისთვის ემზადება და მოსალოდნელ „კარუსელზე“ საუბრობს, მეორე ნაწილი კი, ხმების დათვლას პარტიული რესურსით გეგმავს და ცესკო-ს შედეგების აღიარებას წინასწარ ითხოვს.
ანუ, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც იგივე ხდება, რაც ზოგადად, საქართველოში, ყველა პოლიტიკური პროცესის დროს. ყველა პარტია საკუთარი პოლიტიკური ინტერესის შესაბამისად მოქმედებს და საკუთარი წარუმატებლობის დაბრალებას არა საკუთარ თავზე, არამედ სახელმწიფოსა და ხელისუფლებაზე აპირებს.
ასე მაგალითად, ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა და არც დარღვევები დაფიქსირებულა, აპრიორში კი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი საპროტესტო აქციებს აანონსებს.
თარხან-მოურავის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, მისი ბლოკი კენჭისყრის შედეგებით მეორე ადგილზე არ გავა, ისინი არჩევნების შედეგებს ფალსიფიცირებულად გამოაცხადებენ.
„დაზუსტებით ვიცი, რომ ხელისუფლება „კარუსელებს“ ამზადებს. ბევრი უბანია, სადაც კომისიის წევრები ფაქტიურად ხელისუფლების მომხრეები არიან. 20:00 საათზე შეკრებას დავიწყებთ, ხოლო 21:00 საათიდან ხალხი რეგიონებიდან შემოგვიერთდება“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.
არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებასთან დაკავშირებით, „პატრიოტთა ალიანსი“ და თარხან-მოურავი თუ ვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობიან, ამის თქმა რთულია, თუმცა, მისი ეს განცხადება გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რადგან თუკი „პატრიოტთა ალიანსი“ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, წინასწარ არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ რატომ აყენებს? თუკი „პატრიოტთა ალიანსი“ საკუთარ ხმებს იმის მიხედვით ითვლის, როგორც ირმა ინაშვილმა საგარეჯოს შუალედური არჩევნების დროს დაითვალა, მაშინ მარტივი მისახვედრია, ვის რა პოლიტიკური მიზანი ამოძრავებს.
იმის გამო, რომ პოლიტიკური პარტიები საკუთარ ხმებს „ქორწილში დაკრული ტაშის“ მიხედვით არ ითვლიდნენ და შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ ცესკო-ს შედეგები არ დააყენონ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს მოუწოდებს მკაფიოდ განაცხადონ, რომ ისინი ცესკო-ს მიერ შეჯამებულ შედეგებს აღიარებენ და თავის სამომავალო საქმიანობას საკუთარი კვლევების თუ გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვებს არ დაამყნობენ.
უსუფაშვილის მოსაზრებით, სახელმწიფოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ პროცესის ყველა ძირითადმა მოთამაშემ ამოცანებს თავი მაღალ დონეზე, კანონისა და ერის მდიდარი ეროვნული ტრადიციების შესაბამისად გაართვას.
„ცესკო-ს უპირობო ნდობა უნდა გამოვუცხადოთ, რადგან ვხედავთ, რომ საქართველოში პოლიტიკური თავისუფლებისთვის და საარჩევნო დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ხვალინდელი არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან ის უპრეცედენტო პოლიტიკური თავისუფლების პირობებში ტარდება. ბოლო წლების განმავლობაში, სერიოზული ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, რომ თითოეულ თქვენთაგანს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონოდა, მაგრამ მეტი თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაცაა“, - განაცხადა სპიკერმა.
უსუფაშვილი რჩევას სახელმწიფო მოხელეებსაც აძლევს და აცხადებს, რომ მათ თავიანთი კონსტიტიციური უფლებამოსილება პირუთვნელად, მიუკერძოვებლად შეასრულონ და ემსახურონ ქართულ სახელმწიფოს და არა რომელიმე პარტიას, მის ლიდერს, ან სხვა მოსაზრებებსა და ინტერესებს.
„თითოეული მათგანი, რომელიც სახელმწიფო ძალაუფლებითაა აღჭურვილი, პოლიცია იქნება თუ გამგებელი, საკუთარ არჩევანში თავისუფალია როგორც ინდივიდი. მას საშუალება აქვს მისი არჩევანი დააფიქსიროს, მაგრამ როცა ისინი საჯარო ძალაუფლებას ახორციელებენ, მოწოდების სიმაღლეზე აბსოლუტურად მიუკერძოვებელი და ნეიტრალური უნდა იყვნენ“, - განაცხადა უსუფაშვილმა, რომლის პათოსს მისი თანაგუნდელი დავით ბერძენიშვილიც იზიარებს.
როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, პარტიის კომისიის წევრები ყველა საარჩევნო უბანზე არიან და პარტიაში უბნის შედეგებს ისინიც მიიტანენ. მისი თქმით, პოლიტიკურ ძალებს ცესკო-ს მიმართ ნდობა უნდა ჰქონდეთ.
„როცა ერთი პოლიტიკური ძალის პროპაგანდისტული ტელევიზია მეუბნება, რომ მისი ეგზიტპოლია ნადვილი, ხოლო მეორე საპირისპიროს აცხადებს, რომ არა, ჩემია ნამდვილიო, ასეთ ვითარებაში მოსალოდნელია, რომ ორივეზე მეტი ნდობა ცესკო-ს ჰქონდეს. ასე რომ, მონაცემების გამოკვეთამდე, ცესკო-ს მიმართ ნდობა უნდა გვქონდეს, მაგრამ თუ ცესკოც არ გაამართლებს, ჩვენ-ჩვენი ოლქები ხომ ყველას გვექნება? პროპაგანდისტულ არხებს უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ, რადგან ორივეს კვლევა ურთიერთსაპირისპიროა და ერთმანეთს მხოლოდ იმაში ეთანხმებიან, რომ „რესპუბლიკელები“ ძალიან ქვევით ვყავართ და არც ერთს არ ვუყვარვართ, რადგან ხმებს ნაციონალებსაც ვართმევთ და „ოცნებასაც“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
კანონმდებელი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ გაკეთებულ განცხადებას - მათ მეორე ადგილზე შესაძლო გასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიას გუნდი მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის ანკესს წამოეგო.
„ივანიშვილმა იფიქრა, ოღონდ, „რესპუბლიკელებმა“ ხმები დაკარგონო და „თავისუფალ დემოკრატებს“ მოეფერა. მას ალასანიას მიმართ სიყვარულის ბუშტი გაუსკდა და საპასუხო რეაქციაც ანკესზე წამოგება იყო. მათ შორის, ზურაბ აბაშიძე წამოეგო ივანიშვილის ანკესზე და თქვა, ივანიშვილი მიხვდა, რომ შეიძლება მეორე ადგილზე გავიდეთო. ივანიშვილის მხრიდან ხდება მოტყუების მცდელობა, რომ რესპუბლიკელებისა და „თავისუფალი დემოკრატების“ თანაზიარმა ამომრჩეველმა რესპუბლიკელებისკენ არ გამოიხედონ, რადგან ივანიშვილის მთავარი ამოცანა რესპუბლიკელების გარეთ დატოვებაა. ხუთი ადამიანი ციხეში რომ ზის, ეს რესპუბლიკელებს გვახსოვს და „თავისუფალ დემოკრატებს“ აღარ ახსოვთ, რომ ის ხალხი ციხეში უსამართლოდ ივანიშვილმა ჩასვა? ასეთ „დატკბობას“ და ივანიშვილის მდარე პოლიტიკურ ანკესზე წამოგებას არავის არ ვურჩევდი. იმედია, გაუაზრებელ შეცდომას გამოასწორებენ და ამ შეცდომაში არ გაჯიუტდებიან. ჩვენი კონკურენტები „თავისუფალი დემოკრატები“ არ არიან, პარლამენტში რესპუბლიკელებიც სოლიდურად უნდა იყვნენ და „თავისუფალი დემოკრატებიც“, რათა დასავლური ფლანგი პარლამენტში ძლიერად იყოს“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
კანონმდებელის მოსაზრებით, ივანიშვილმა არჩია, ორი მტერი ჰყავდეს.
„ვირტუალური მტერი სააკაშვილია, რომელიც თურმე, საკუთარ გონებასა და გულში ვერ დაამრცხა და მისი მძევალი დარჩა იმის მიუხედავად, რომ 2012 წელს მოუგო. თურმე, გულის სიღრმეში სააკაშვილი მასზე „მაგარ ტიპად“ მიაჩნია და ამიტომ ვერ მოერია. რეალურად, პოლიტიკურად მტრად „რესპუბლიკური პარტია“ დანიშნა და იმისთვის ყველაფერს აკეთებს, რომ პარლამენტი ჩვენს გარეშე იყოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამომრჩევლის აქტიურობა რესპუბლიკელების წარმომადგენლობას უზრუნველყოფს - „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიან“. 38 წელია ვართ და კიდევ ვიქნებით. რესპუბლიკელებთან უსამართლო მტრობა არავის არ შერჩენია. მათ შორის, არც ივანიშვილს შერჩება. მას პოლიტიკური ასპარეზიდან ისევე გავისტუმრებთ, როგორც მისი მშობელი წინამორბედები გაგვისტუმრებია. გინდათ შევარდნაძე, აბაშიძე, სააკაშვილი“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.
„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი რესპუბლიკელებს ურჩევს, საკუთარ ხმებს და ამომრჩეველს მიხედონ.
for.ge-სთან საუბარში ცაგარეიშვილი ცესკო-ს შედეგების აღიარების თაობაზე უსუფაშვილის მოწოდებას ეხმაურება და ამბობს, რომ გააჩნია, ხმის დათვლის პროცესი როგორ წავა.
დეპუტატის ცნობით, მისი პარტია საკუთარ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ხმების დათვლას პარალელურ რეჟიმში აპირებს და ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებას არ დაელოდება.
„თავისუფალ დემოკრატებს“ მოწოდებები არ გვჭირდება იმის თაობაზე, რა უნდა ვაღიაროთ და რა - არა. ყველამ თავის ხმებს, პროცენტებს მიხედოს და თავი დაგვანებონ. „მშვიდობის მტრედებად“ გამოსვლა საჭირო არ არის. ქართულ პოლიტიკაში ჩვენი ადგილი და დანიშნულება ვიცით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს, მუშტი-კრივი არ იყოს და საარჩევნო ხმებით მანიპულირება არ მოხდეს. თუკი საარჩევნო ხმებით მანიპულირება არ იქნება, ჩვენს მიერ აღიარებული იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბოლოო შედეგი აღიარებული არ იქნება და ამას ბევრი გარკვევა რად უნდა? რესპუბლიკელებმა რაც უნდათ, აღიარონ და ჩვენ თავი დაგვანებონ“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.
ცესკო-ს შედეგების აღიარება-არაღიარების თაობაზე წინასწარ არ საუბრობს „ნაციონალური მოძრაობაც“. for.ge-სთან საუბარში ნაციონალი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ თუ ვინმე შეეცდება, რომ არჩევნები გააყალბოს, რა თქმა უნდა, შედეგები აღიარებული არ იქნება. მისი თქმით, არჩევნების გაყალბების ალბათობას ხალხის აქტიურობა და მეთვალყურეების კონტროლი გამორიცხავს და არა უსუფაშვილის, ან ცესკო-ს რაიმე განცხადება.
„რას ნიშნავს, ცესკო-ს შედეგები ვაღიაროთ? ჩვენ არჩევნების შედეგებს ვაღიარებთ და თუ ვინმე შეეცდება, რომ არჩევნები გააყალბოს, რა თქმა უნდა, შედეგებს არ ვაღიარებთ. იმას ვაღიარებთ, რასაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს. ცესკო-ს შედეგები უნდა ვაღიაროთ, თუ საარჩევნო უბნებზე დათვლილი შედეგები, რომელიც ერთი და იმავე ყოველთვის არ არის? ცხრა წელი ამბობდნენ, რომ ნაციონალები არჩევნებს აყალბებთო და ახლა რა ხდება? თქვენ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების სურვილი არ ექნება? - რა თქმა უნდა, ვამჩნევთ. როცა საარჩევნო ოლქებში ატესტაციის გარეშე, ფაქტიურად, უწიგნური და „საარჩევნო კოდექსის“ უცოდინარი ადამიანები დანიშნეს, სხვა რას უნდა ველოდოთ? ამ ხალხმა პროცედურაც არ იცის და არ ვიცი, ამ თვალსაზრისით, ხვალ რა იქნება“, - აცხადებს ბობოხიძე.
კანონმდებელის მოსაზრებით, შეიძლება, ხვალ საარჩევნო უბნებზე სრული „ბარდაგი“ იყოს, რადგან კომისიის წევრები არჩევნების ჩატარებისთვის მზად არ არიან.
„თუ გინდათ, ექსპერიმენტი ჩავატაროთ, ათი საარჩევნო უბანი ავირჩიოთ და ვნახოთ, კოდექსი რამდენად იციან. მეეჭვება, ეს ადამიანები იმისთვის არ ჰყავდეთ, რომ ის გააკეთებინონ, რაც უნდათ. ამ უბედურებს ჰგონიათ, რომ არჩევნები თითის დატკაცუნებით ტარდება და ეს ასე არ იქნება. დამოკიდებულება აქვთ, ნაციონალები არჩევნებს აყალბებდნენო და ე.ი. ჰგონიათ, რომ არჩევნების გაყალბება შეიძლება. სჯობს, იმაზე იფიქრონ, არჩევნები წესიერად როგორ ჩაატარონ. მიშა მაჭავარიანმა არჩევნების გაყალბება კი არა, არჩევნების ჩატარება იცოდა და ამათ ჰგონიათ, რომ გაყალბება უნდა იცოდნენ. სამწუხაროდ, არჩევნების ჩატარება არ იციან, ამიტომ, არ ვიცი, ხვალ რა იქნება“, - დასძინა ბობოხიძემ.
საქართველო რიგით მეცხრე პარლამენტს ხვალ აირჩევს. ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნება და საღამოს 8 საათზე დაიხურება, ამომრჩეველი კი, 150 კაციან პარლამენტს ოთხი წლის ვადით დააკომპლექტებს, საიდანაც 77 დეპუტატი პროპორციული სიის შედეგად იქნება არჩეული, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული სიით.
კონსტიტუციის მიხედვით, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის განაწილდება, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ.
იმ შემთვევაში, თუკი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 50 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ, მეორე ტური დაინიშნება, რომელიც პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25 დღის განმავლობაში, ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის უნდა გაიმართოს.
რაც შეეხება ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას, ის არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს, თუმცა პარლამენტი მუშაობას იმ შემთხვევაში შეუდგება, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. ანუ, 100 დეპუტატი.