თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის, გივი თარგამაძის აფეთქება პოლიტიკური აქტი უფრო იყო, ვიდრე მიზანმიმართული მცდელობა, რომ ვიღაცას თარგამაძის ლიკვიდაცია მოეხდინა. კანონმდებელი იმედოვნებს, რომ შემსრულებლები სადღაც შეცდომას დაუშვებდნენ და სამართალდამცავებს საშუალება ექნებათ, ცხელ კვალზე დამნაშავეზე გავიდნენ.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასების მიზნით, for.ge ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა:
ოპოზიციონერი დეპუტატის, გივი თარგამაძის აფეთქება ვის ინტერესებში შედის და რა მიზანს ემსახურებოდა?
- ვისაც ელემენტარული ანალიზის უნარი აქვს, დარწმუნებულია იმაში, რომ თარგამაძის აფეთქება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შემოქმედება არ არის. ჩვენი ინტერესია, რომ არჩევნები მშვიდობიან რეჟიმში ჩატარდეს, რადგან რეალობიდან გამომდინარე, მმართველი ძალა დამაჯერებლად იმარჯვებს და არანაირი დაძაბულობა არ გვჭირდება. თუ ანალიზს მივყვებით, ნიშანდობილივია, რომ აფეთქება „კურიერის“ მსვლელობისას და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციის წინა დღეს მოხდა. ამას გარდა, ეს ყველაფერი ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის განხილვის წინა დღეს მოხდა. ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როცა დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის თაობაზე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ინფორმაციები გამოდის. ასევე, „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრი აცხადებს, რომ გეგმაა ავტომობილების გადაწვა და აფეთქების ინსპირირება მოახდინონ.
ჩვენთვის პრინციპულია, რომ გამოძიება უმოკლეს ვადებში დასრულდეს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. იმედი მაქვს, რომ შემსრულებლები სადღაც შეცდომას დაუშვებდნენ და სამართალდამცავებს საშუალება ექნებათ, რომ ცხელ კვალზე დამნაშავეზე გავიდნენ. დამნაშავე რომ მკაცრად დაისჯება, ამის გარანტიას გაძლევთ.
თქვენი გუნდი ეჭვს გამოთქვამს, რომ აფეთქება შესაძლოა, მოწყობილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო, ან თავად „ნაციონალური მოძრაობის“. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ გივი თარგამაძე პარტიული მიზნებისთვის საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დადებდა და აფეთქებას თავად დაგეგმავდა?
- ამ ეტაპზე თავს ვიკავებ, რომ ვინმეს მიმართ ვარაუდები გამოვთქვა და ვინმეს მიმართ თითი გავიშვირო. თუ დეტალებში შევალთ, ასაფეთქებელი მოწყობილების საკითხებს ექსპერტები გაარკვევენ და შესაძლოა, ვარაუდები გაგვიმყარდეს, რომ ეს უფრო მეტად პოლიტიკური აქტია, ვიდრე მიზანმიმართული მცდელობა, რომ ვიღაცას თარგამაძის ლიკვიდაცია მოეხდინა. ეს კრიმინალური აქტი იყო თუ პოლიტიკური, ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ასეთ ქმედებას არცერთი ჭკუათმყროფელი არ გააკეთებდა და იმ რისკზე არ წავიდოდა, რაც აფეთქების შედეგად ვნახეთ. თარგამაძე იმ მანქანაში ნებით დაჯდა თუ ბრმად, ამაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ანალიზი იმაზე მეტყველებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული აქტი იყო, სადაც ხელისუფლებას არათუ ინტერესი ჰქონდა, არამედ ეს მისთვის სერიოზულ დარტყმას განახორციელებდა. ასეთი ცოდნა, გამოცდილება და წარსული ვის აქვს, ყველამ კარგად ვიცით. გინდათ, მუხროვანის ამბოხი გაიხსენეთ, გინდათ, ხურჩა. ქვეყანაში აქციების პარალელურად რისი ინსცენირება ხდებოდა, ყველას გვახსოვს. ამის ექსპერტები და პროფესიონალები არიან. თითოეულ ჩვენთაგანს შესაძლოა, გარკვეული ეჭვი გაგვიჩნდეს, მაგრამ არ ვამბობ, რომ ამის პირდაპირი ავტორი თარგამაძეა, ან სხვა.
პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს იყო პროვოკაცია. შესაბამისად, არსებობს პროვოკატორიც. სახელმწიფოს იმის რესურსი და უნარი აქვს, რომ გაარკვიოს, ეს აქტი ვინ ჩაიდინა?
- ეს საქმე არათუ უნდა გაიხსნას, არამედ სასწრაფოდ უნდა გაიხსნას. საათებსა და დღეებს ვგულისხმობ. ვისურვებდი, რომ ეს აქტი 8 ოქტომბრამდე გაიხსნას. სამწუხაროდ, გამოძიების პროცესზე წვდომა არ მაქვს, რომ ვარაუდები გამოვთქვა. თუ ეს თვითშემოქმედებაა, შესაძლოა, გამოძიების პროცესი გართულდეს, მაგრამ სამართალდამცავების მჯერა და მგონია, რომ მათ უნარი შესწევთ, თუნდაც პროვოკაცია გახსნან.
შსს-მ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო. თქვენი მოსაზრებით, ეს იყო ტერორისტული აქტი, რასაც ნაციონალები აცხადებენ, თუ აფეთქება სიცოცხლის ხელყოფის მიზნით?
- ამ ეტაპზე არის ფაქტი, რა დროსაც აფეთქება მოხდა. სამართლებრივი შეფასება ჩემი საქმე არ არის. სამართალდამცავები ჩამოყალიბდებიან, ეს იყო ტერორისტული აქტი თუ აფეთქება. კვალიფიკაციის შეცვლა დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის, ეს პოლიტიკური აქტი უფრო იყო, სადაც აშკარად, პოლიტიკური მიზნები ჩანს.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო ევროპაში მესამე ქვეყანა იყო. მაშინ, როცა პარლამენტის წევრს ქალაქის ცენტრში აფეთქებენ, გორში კი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის წარმომადგენლებს ესვრიან, ეს ქვეყნის იმიჯზე როგორ იმოქმედებს?
- ოთხი წელი გვახსოვს, როცა მსოფლიო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად გვაღიარებდა, მაგრამ ის ოთხი წელიც გვახსოვს, როცა „რუსთავი 2“ გვიჩიჩინებდა, რომ ქვეყანაში კრიმინალი მატულობს. ეს პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა, საქართველო გაეყიდა იმ ქვეყნად, სადაც კრიმინალია. თუ ინტერესებს მივყვებით, ალბათ, ნაციონალებს სურთ, რომ საქართველო იმ ქვეყნად წარმოაჩინონ, სადაც არჩევნების წინ აფეთქება ხდება. ვიზალიბერალიზაცია ტყუილად არ ვახსენე. რისკი იმისა, რომ აფეთქებას ვიზალიბერალიზაციაზე გავლენა მოეხდინა, ძალიან მაღალი იყო, რადგან ვის ვისი მსხვერპლად შეწირვა და ამ ყველაფერის გაყიდვა როგორ უნდოდა, ეს ძალიან მალე გამოჩნდება. ამ ყველაფერს პოლიტიკურ აქტს ვუწოდებ, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც პოლიტიკურად გაკოტრებულია, ემოციური ფონის შექმნა სჭირდება. მას მსხვერპლი სჭირდებოდა, რომელიც გარკვეულ, შინაგან პროტესტს გამოიწვევდა. ვიმედოვნებ, რომ დაშავებული ადამიანები გამოჯანმრთელდებიან.
თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ეჭვებს გამოთქვამთ და პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობთ, თუკი აფეთქებას ნაციონალები აწყობენ და არეულობას გეგმავენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სად არის? თუკი ეს ყველაფერი მათი სცენარის შესაბამისად ვითარდება, სახელმწიფოს პასუხი რატომ იგვიანებს?
- ბრმები ნუ ვიქნებით და იმაზეც ვიფიქროთ, რომ ბევრი რამის პრევენცია ხდება, რაზეც სამართალდამცავები ღიად არ საუბრობენ. არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუციური და დესტაბილიზაციის შექმნის ზრახვები არ ჰქონდეს. უმჯობესია, პროვოკატორებს მოვერიდოთ. პროვოკატორი ვინაა და ასეთი დესტაბილიზაციის შექმნა ვის აწყობს, სჯობს, ამაზე ანალიზი საზოგადოებამ გააკეთოს.