გივი თარგამაძე დაკითხვაზე არ მივიდა. მიზეზად „ნაციონალური მოძრაობა“ თარგამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. შესაბამისად, დეპუტატი გამომძიებლებს მის საცხოვრებელ სახლში დაკითხვას სთავაზობს, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს დაელოდოს თარგამაძის გამოჯანმრთელებას, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლა შეძლოს.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმიდან მეორე დღეს გივი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე გამოჩნდა და ამომრჩევლებს მაღალი ტრიბუნიდანაც მიმართა. როგორც ცნობილია გივი თარგამაძის ავტომანქანა 4 ოქტომბერს, ღამით „პირიმზესთან“ აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. არც ერთი მათგანი არ დაშავებულა, თუმცა, თარგამაძე სავარაუდო კონტუზიას უჩიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვს, ეს მაშინ, რომდესაც თავად დაზარალებული თარგამაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით გამოძიებას ჩვენებას არ აძლევს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნი ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბარს ზედმეტად მიიჩნევს.
„სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას. ჩემი ინფორმაციით, თარგამაძე დაბარებული იქნა გამოკითხვაზე, თუმცა მან თავი შეიკავა მისვლისგან. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბარი ბუნებრივია, ზედმეტია. ბუნებრივია, ეს არ არის ისეთი საქმე, რომელიც მაინც და მაინც ერთ და ორ დღეში შეიძლება გაიხსნას. უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას.
ეჭვები არსებობს, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ დაგეგმილი არის გარკვეული პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. აქედან გამომდინარე, საკმაოდ საფუძვლიანია ჩვენი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ საქმის უკან იდგეს ის ეჭვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
იყო თუ არა დაგეგმილი ავტომანქანაში ადამიანების ლიკვიდაცია, ექსერტ-კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი ამბობს, რომ ამაზე საუბარი რთულია, თუმცა, აქვე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, არ იყო დაგეგმილი დიდი მსხვერპლი. ალთუნაშვილი მიიჩნევს, რომ დახურულ სივრცეში მომხდარი აფეთქების დროს მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა. მისი ვარაუდით, აფეთქება ყველასათვის ხელმისაწვდომი ნივთიერებით მოხდა.
„სათვალთვალო კამერების ჩანაწერების და აფეთქების ტრაექტორიის მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აფეთქების დროს გამოყენებული იყო ისეთი მასალა, რომელსაც სამხედრო დანიშნულების და საბრძოლო მოქმედებებების დროს იყენებენ, თუმცა მისი სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, ე.წ. ტროტილის გარეშე, ეს ტროტილი კი ყველასთვის ხელმისაწვდომია. იგი გამოიყენება სამრეწველო დანიშნულებისთვისაც.
გაიჟღერა, რომ დისტანციური მართვის მოწყობილობიდან მოხდა აფეთქება, თუმცა ამას ძიება დაადგენს და ამას სჭირდება მტიკიცებულებები. სავარაუდოდ, არ იყო დაგეგმილი დიდი მსხვერპლი, რადგან დახურულ სივრცეში მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა“, - განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა.
თუ რა მოცულობის ნივთიერება იქნა გამოყენებული მანანქის აფეთქებისას ალთუნაშვილი ამბობს, რომ ამის დადგენა ცოტა რთულია.
„დაზიანებების გათვალისწინებით, გამოყენებული იყო ის მასა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ის შედეგი დამდგარიყო, რაც დადგა. ამიტომ ამის დადგენა, რა მოცულობის ნივთიერება იქნა გამოყენებული, ცოტა რთულია. დაახლოებით საუბარია 100-150 გრამის ოდენობის ტროტილზე“, - განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ 19-109-ე მუხლის, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, გადაკვალიფიცირებას ითხოვს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი. იუსტიციის მინისტრის შეფასებით, თუ საქმის კვალიფიკაცია შესაცვლელი იქნება, მას შესაბამისი ორგანო შეცვლის.
„გამოძიება სულ ორი დღეა რაც დაიწყო, აქედან გამომდინარე, თუ კვალიფიკაცია იქნა შესაცველი, შეიცვლება, თუ არ იქნა შესაცვლელი, არ შეიცვლება. დღეს ძალიან ადრეა ვისაუბროთ რაიმე ტიპის ვერსიებზე, თუ რა არის მომხდარი სინამდვილეში. ნუ იჩქარებთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ის რაც გივი თარგამაძის მიმართ მოხდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს. მისივე თქმით, მას, როგორც ნებისმიერ პოლიტიკოსს, აქვს უფლება გარკვეული ეჭვი ჰქონდეს, დანარჩენი კი უნდა გამოიძიოს სამართალდამცავმა უწყებამ.
„მე მაქვს ეჭვი, რომ ეს არის ტერაქტის იმიტაცია. თუ სხვა რამეა, რა თქმა უნდა, შესაბამისმა უწყებამ უნდა გამოიძიოს და კვალიფიკაციაც შესაბამისი უნდა მიეცეს. ნამდვილად არ არის სწორი პოლიტიკოსებმა მივუთითოთ პროკურორებს, როგორი კვალიფიკაციით წავიდეს საქმე. პოლიტიკოსებს შეგვიძლია ვარაუდი, აზრი გამოვთქვათ, რომელიც შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ მე მაქვს უფლება და ვალდებულიც ვარ, პოზიცია დავაფიქსირო.
დანარჩენი გამოიძიოს შესაბამისმა უწყებამ. იქნებ საკუთარმა პარტიამ გაწირა, ესეც ხომ შეიძლება? ყველა ვერსია უნდა იყოს განხილული, მაგრამ თუ ვინმეს ამ ქვეყანაში არ აწყობს და ხელს არ აძლევს ასეთი აქტები, ეს არის „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება“, - აცხადებს მანანა კობახიძე.