საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მოლოდინშია

საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მოლოდინშია

„არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირისგან ვიღებთ პოზიტიურ გზავნილს, რაც მიღწეული წარმატებების აღიარებას ნიშნავს“, - ასე მიულოცა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ევროკაშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას და აღიარებას ნიშნავს.

„მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი მიღწევა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ ინსტიტუტებს და საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მისაღებად.

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირისგან ჩვენ ვიღებთ ასეთ პოზიტიურ გზავნილს, რაც ნიშნავს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების და მიღწეული წარმატებების აღიარებას. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მრავალი მცდელობისა, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის საკითხებში“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების თაობაზე, რაც ნიშნავს, ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა.

ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი COREPER-ი მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას, რომელიც  90 დღის განმავლობაში ითვალისწინებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისა და შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, აღიარა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და დაასრულა საბჭოში განხილვა. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს კონკრეტული შედეგები მოაქვს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სამივე ინსტიტუტი უკვე მზად არის, საბოლოო გადაწყვეტიელების ფორმალურად მისაღებად. როგორც ევროკავშირის თვამჯოდმარე ქვეყანა აცხადებს, ისინი მზად არიან, რომ დაუყოვნებლივ ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენ ამ პროცესს მივყვებით ისევე, როგორც აქამდე მივყვებოდით, რათა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გადაწყდება ის კონკრეტული თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დაიწყებენ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს მომავალში პლენარულ სხდომაზე გადაწყდება ის კონკრეტული თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დაიწყებენ უვიზოდ მოგზაურობას. ეს არის იმ შრომის დაფასება, საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფორმების მხარდაჭერის დაფასება და აქედან გამომდინარე უმნიშვნელოვანესი სარგებელი, რომელიც ექნება ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილებით“, – ამბობს დავით ბაქრაძე.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკის ახლა ევროპარლამენტის კონსტრუქციული გადაწყვეტილების იმედი აქვს, რათა პროცესს უახლოეს მომავალში წარმატებული დასასრული ჰქონდეს.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა საქართველოს მოსახლეობას სასიამოვნო სიახლის შესახებ ვაცნობო - ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშიროს შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხს მწვანე შუქი აუნთო.

საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ და მოგვცეს ჩვენ, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოებს, ევროპარლამენტთან მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობა. ეს ჩვენთვისაც სასიხარულო ამბავია, რადგან სლოვაკეთისთვის საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის მიღწევა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად განიხილებოდა“, – განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკიმ.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, დაიწყოს მოლაპრაკებები ევროპარლამენტთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, მიესალმება მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი.

„მივესალმები ევროკავშირის საბჭოს შეთანხმებულ პოზიციას საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროცედურის დასრულებამდე“, – წერს დიმიტრის ავრამოპულოსი.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ეხმაურება, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი.

„კარგი ამბავი ევროკავშირის საბჭოდან. საბჭო მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკებები. ეს არის ერთობლივი პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს მალე მივანიჭოთ უვიზო რეჟიმი“, – წერს მარია გაბრიელი.