„ახალგაზრდა დედის მკვლელობა კი, მთელ საქართველოს ფეხზე დააყენებს“, - ამ სიტყვების ავტორი ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია. უკრაინულმა ვებ-გვერდმა - „wikileaks.center“-მა მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა, სათაურით „სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს“. ინფორმაციის თანახმად სააკაშვილსა და ბოკერიას შორის საუბარი სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში გასულ წელს, 2015 წლის 22 ოქტომბერს, დილის 06:18 საათზე შედგა.
2015 წლის 22 ოქტომბერი
გიგა ბოკერია: გავიმეორებ, ის ბიჭები სტარტზე არიან. ისინი რეალურად ყველაფერს გადაუვლიან, მაგრამ ერთია, რომ შეიძლება იყოს მსხვერპლი.
მიხეილ სააკაშვილი: მერე რა, იყოს, ეს ხომ უკეთესია! ნიკა რომ მაგრად არ დაზარალდეს, იყოს დასისხლიანებული, უფრო ეფექტურად გამოიყურება. თუკი ქალს სცემენ, ქალს ბავშვთან ერთად, ზუსტად ის არის, რაც საჭიროა. ვინმე შეარჩიე კოლექტივიდან. ამ თემას ბომბივით ავაფეთქებთ. პინგვინის ამ ბანდის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, მთელ მსოფლიოს შეძრავს. საჭიროა, ყველაფერი კამერაზე დაფიქსირდეს. გვარამიასგან გმირს შევქმნით, ახალგაზრდა დედის მკვლელობა კი მთელ საქართველოს ფეხზე დააყენებს. შენი ნიღბიანი ბიჭები შეუმჩნევლად უნდა გაქრნენ.
ამავე მასალის თანახმად, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს, რომ ამის შესახებ არავინ უნდა იცოდეს და არც ნიკა გვარამიას ეტყვის. მისი თქმით, თუ ეს გამჟღავნდება, ყველაფერი ჩამოიშლება. ბოკერიას თქმით, ის ბიჭებთან პირდაპირ არ კონტაქტობს, არამედ „გაგუშა“ მუშაობს მათთან და თავად ამ საქმეში არ გამოჩნდებიან.
გიგა ბოკერია: სცენარი დამუშავებულია, ოპერატორი იქნება „რუსთავი 2“-დან, ის ყველაფერს დააფიქსირებს. ამის შემდეგ ყველა თურქეთში შეუმჩნევლად გადავა. ამ ყველაფრისთვის 160 უნდა გამოიყოს.
მიხეილ სააკაშვილი: მე ხომ ვთქვი, ბეჟო ყველაფერს გადაწყვეტს, ის ახლა თბილისში არ არის. ზურამ გააფრთხილა და თავის თანხას შენ მოგიტანს. მთავარია ყველაფერი სწორად წარმოვაჩინოთ. რუსთავზე თავდასხმისა და მსხვერპლის ფონზე ამ ნაბიჭვრებს გადავაგდებთ! ვინ არის მოძალადე ყველა ნახავს. გიგა! შეხვდი გიორგის (მარგველაშვილს). ჩემგან მადლობა გადაუხადე და სთხოვე გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება მოიწვიოს ელჩები, იქ სიტყვის თავისუფლება, კონსტიტუცია და ა.შ. მან იცის, რომ არ დავტოვებთ უყურადღებოდ.
ეს არ არის ერთადერთი ჩანაწერი, რომლის მიხედვით ოდესის გუბერნატორი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად საქართველოში რევოლუციურ სცენარზე და პროცესების რადიკალიზაციაზე საუბრაობს. 2016 წლის 27 სექტემბერი
ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ჩანაწერის მიხევით, რომლის ავთენტურობა ჯეჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან - აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელთან პროცესების რევოლუციური გზით განვითარებაზე საუბრობს.
მიხეილ სააკაშვილი: ბოკერია ამბობს, რევოლუციური სცენარი არ გამოდის, ხოდა უნდა მოვემზადოთ მერე კოალიციებისთვის. ვისაც კოალიციები უნდა, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს კოალიციების მომზადების. მაგისთვის არ ვიბრძვი. ვისთან უნდა დავიტოვოთ კოალიცია? მაშინ გავაკეთოთ კოალიცია კახი კალაძესთან, ალასანიასთან, იმასთან, ამასთან და ვიქნებით მაგარი ხალხი. „პროსტა“ იმათაც ღიად მოვადოთ ცხვირში, რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს.
ყოფილი მმართველი ძალა, რომ პროცესების რადიკალიზაციისთვის ემზადება, ამის შესახებ განცხადება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქვეყნის შს მინისტრმა გააკეთა. ინფრომაცია „თავისუფალი ზონის“ წევრებმაც დაასტურეს. ერთ-ერთი აქტივისტი ნუგზარ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნების ღამეს დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს.
„თათბირებზე კობა ხაბაზი, ჩიორა თაქთაქიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გვაცნობენ დესტაბილიზაციის გეგმას. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არჩევნებს წააგებდნენ, ჩვენ უნდა მოგვეხდინა დედაქალაქის ლოკალიზება საკუთარი ავტომანქანებით, კერძოდ, უნდა დაგვეწვა მანქანები კანცელარიასთან და დედაქალაქის ცენტრში, რასაც შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ აგვინაზღაურებდა“, - აცხადებს ნუგზარ ჭიაბერაშვილი.
არჩევნებამდე სამიოდე დღით ადრე კი, თბილისის ცენტრში, უცნობმა პირებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გივი თარგამაძე საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს. რასაც ოპერატიულად გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ შარშან აფრთხილებდა ბორის ნემცოვი, რომ ივანიშვილი ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი.
„ჩემი აზრით, გივი თარგამაძე სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს, რაც ძალიან აშინებს ივანიშვილს. ვისაც ჰგონია, რომ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის და დიდი ალბათობით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელი, გივი თარგამაძის მძიმე საფრთხეში ჩაგდებაზე არ წავიდოდა, დაშინების ან ფიზიკური განადგურების მიზნით, ძალიან ცუდად იცნობს ივანიშვილს და 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან ფული იშოვა.
ივანიშვილისთვის, ხელისუფლების დაკარგვა ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია და ის ბოლომდე გაიბრძოლებს. შემდეგი დღეები, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ ჩვენს გეგმას, არჩევნების ჩატარებისა და ოლიგარქის მარწუხებიდან საბოლოოდ გათავისუფლების“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
სანამ ექსპერტიზა იტყვის რამ გამოიწვია „პირიმზესთან“ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქება, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ვერც ერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი, ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყველა აგებს პასუხს.
„ის, რაც მოხდა თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. უკვე დაწყებულია გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება დამნაშავე პირების დასაკავებლად. ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს.
მინდა, მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს - თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერც ერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა! ყველა აგებს პასუხს! ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ და არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
პოლიტიკოსებს, პარტიების კრიმინალური ელემენტებისგან გაცხრილისკვენ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ ძალებში თავმოყრილი არიან გარკვეული თავქარიანი ელემენტები, კრიმინალური ელემენტები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს ხედავენ როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებას ერთმანეთთან.
„მივმართავ პოლიტიკურ ძალებს, ეს ხალხი საშიშია, არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიისთვის, არამედ პირადად მათთვისაც, ამიტომ, იპოვონ ძალა თავიანთ პოლიტიკურ პარტიაში და მოახდინონ ლეგალიზაცია და გაცხრილონ პარტია ასეთი ადამიანებისგან. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, ასეთი ადამიანები აღმოაჩინონ და მათი ლოკალიზაცია მოახდინონ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის შეფასებით, პოლიტიკოსის აფეთქების ფაქტი, საზოგადოებაში დაუცველობისა და სახელმწიფოს დასუსტების განცდას აჩენს. ირაკლი ალასანიას განაცხადებით, მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებლობა მთელი სიმძიმით ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ეკისრება.
„საარჩევნო გარემო დღითიდღე უფრო იძაბება. სულ რამდენიმე დღეში არჩევნებია, ამიტომ ყველა მსგავს ფაქტს პოლიტიკური ელფერი გასდევს. არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე, დედაქალაქის ცენტრში დეპუტატის მანქანა ააფეთქეს, რასაც რამდენიმე მოქალაქის დაშავება მოჰყვა. ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მოტივი და გარემოებები გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ, თავად ფაქტი პოლიტიკოსის აფეთქების, საზოგადოებაში აჩენს დაუცველობის და სახელმწიფოს დასუსტების განცდას. საგანგაშოა, რომ თავგასული ორგანიზებული კრიმინალები შეუფერხებლად სჩადიან დანაშაულებს და საზოგადოებას ტერორში ამყოფებენ“, - აცხადებს ირაკლი ალასანია.
„პირიმზესთან“ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერსებს ხედავს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, რადგანაც ეს ფაქტი „ქართული ოცნების“ მიმართ საპროტესტო მუხტს გაზრდიდა.
„გივი თარგამაძის ლიკვიდაცია რომც მომხდარიყო, ეს ხელისუფლებას მაინც არაფერს მისცემდა. გივი თარგამაძე არ არის ის ღერძი, რომლის გაუვნებელყოფითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე შეეცვლებოდა. ვერ ვხედავ „ქართული ოცნების“ მოტივს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მოტივს კი ვხედავ. ეჭვი მაქვს, შესაძლოა, აფეთქების შესახებ თავად გივი თარგამაძეს სცოდნოდა, რისი თქმის საფუძველსაც თავად თარგამაძის არაადეკვატური რეაქცია იძლევა. რომ არ სცოდნოდა, მაშინ გივი თარგამაძე სხვანაირად მოიქცეოდა. რაც ჩვენ ვანხეთ, თარგამაძის რეაქცია ნამდვილად არ იყო ადეკვატური, ძალიან მშვიდი იყო, ნამდვილად არ ეტყობოდა შოკურ მდგომარეობაში ჩავარდნა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
„ვიყოთ ცინიკოსები, მაგრამ ნუ ვიქნებით იდიოტები, ცხადია, რომ ხელისუფლებას ეს აფეთქება არაფერში აწყობდა“, - აცხადებს სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე, რომლის შეფასებით, ცხადია, „პირიმზესთან“ მომხდარი ფაქტი ხელს აძლევს იმ ადამიანს, რომელიც ახლა ოდესაშია.
„სახელისუფლო გუნდი და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად აღნიშნავენ, რომ არჩევნები მიმდინარეობს უპრეცედენტოდ მშვიდ ვითარებაში, ამ ყველაფრის ფონზე, როცა კვლევებით დასტურდება, რომ მმართველ პარტიას აქვს პრაქტიკულად სამმაგი უპირატესობა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, გასაგებია, მომხდარი ვის აწყობდა. ხელისუფლებას რომ არაფერში აწყობდა ეს და მომხდარი მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესშია, რომელიც ოდესაში ზის ახლა, ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად ცხადი.
ვითარების დაძაბვა და იმის ძახილი, რომ დევნიან ოპონენტებს და უწყობენ ტერიტორისტულ აქტებს, ცხადს ხდის, თუ ვის ინტერესში შედის ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ თავად ბატონი მსხვერპლი უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რა პოლიტიკურ გუნდში არის, როცა მზად არიან, ასე გაწირონ, პოლიტიკური ქულების დასაწერად“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.