„პირიმზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს, ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ავტომანქანა აფეთქების ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
აფეთქების მომენტში მანქანაში იმყოფებოდა გივი თარგამაძე და მისი მძღოლი, ამის მიუხედავად არც ერთი მათგანი არ დაშავებულა, თუ არ ჩავთვლით თარგამაძის შუბლზე არსებულ სისხლის უმნიშვნელო ლაქას. თუმცა, საკმაოდ მძიმედ დაშავდა 5 ადამიანი, რომლებიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. გივი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ მისი მანქანის აფეთქება დისტანციური მართვის პულტით განხორციელდა. მისივე თქმით, უკან რომ მჯდარიყო ნამდვილად აღარ იქნებოდა ცოცხალი.
„პირობას ვაძლევ საზოგადოებას, არა თუ არ შევფერხდები, ისეთივე შემართებით გავაგრძელებ საქმინობას ჩემს მეგობრებთან ერთად და 8 ოქტომბერს ამ ხელისუფლებას ნამდვილად დავამთავრებ“, - აღნიშნა გივი თარგამაძემ.
მომხდარს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და მომხდარში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დასრულდეს ივანიშვილის ხელისუფლება.
„ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაბრუნა ქვეყანაში, სადაც ცხრილავენ და აფეთქებენ ადამიანებს. ამ ხელისუფლების დამთავრება აღარ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი, ეს არის ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების მომავალი უსაფრთხოების საკითხი. ქვეყანაში არის შექმნილი კლიმატი, სადაც ადამიანებს აფეთქებენ მანქანებში, სადაც ერთ-ერთ ცნობილ პოლიტიკოსს ესროლეს სამი ტყვია საარჩევნო შეხვედრაზე. ამ აფეთქების შემდეგ, ისე, როგორც არასდროს, ვარ დარწმუნებული, რომ 4 დღეში ეს ხელისუფლება დასრულდება“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნი სიის პირველი ნომერი ამბობს, რომ ხელისუფლება, რომლის დროსაც ადამიანებს ქუჩაში აფეთქებენ, უნდა დასრულდეს.
თუმცა, დავით ბაქრაძის ამ განცხადების საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ტერორისტულ აქტს უწყობს და ქუჩაში აფეთქებს, ქართველმა ამომრჩეველმა 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლებიდან გაუშვა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობის არაერთი ფაქტი არსებობს. გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები, რომელზეც ახლა გიამბობთ, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ორგანიზებით განხორციელდა.
საქმე N1 - 2008 წლის 21 მაისი - საპარლამენტო არჩევნების დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტი მოხდა. კერძოდ, სოფელ ხურჩაში ორგანიზებულად გადმოყვანილ იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, ამ დროს სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში პანიკა გამოიწვიეს.
„РПГ“-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქეს ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები. აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ. ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული არიან აფხაზეთის ა-რ კუდ-ის უფროსი რომან შამათავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი მალხაზ მურღულია.
საქმე N2 - 2005 წლის 14 ივლისი - წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას დავალებითა და გია სირაძის ხელმძღვანელობით სპეციალური რაზმის მებრძოლები თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს, რომელიც ძალის გამოყენებით თანმხლებ პირებთან ერთად მანქანიდან გადმოიყვანეს და სასტიკად სცემეს. გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე ბრალდებულები არიან: ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილ მინისტრი ვანო მერაბიშილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე.
საქმე N3 - 2007 წლის 7 ნოემბერი - თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, სასტიკად სცემეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ოპოზიციური პარტიის ლიდერს კობა დავითაშვილს. საქმეზე ბრალდებული არიან ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძე.
საქმე N4 - 2008 წლის 16 აგვისტო - კუდ-ის მაღალჩინოსნების მიერ მოკლული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავი, უფროსი სერჟანტი როინ შავაძე. პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ კუდ-ის მაღალჩინოსნების მიერ 28 ტყვიით მოკლულ შავაძეს ბრალი უმძიმეს დანაშაულში - სახელმწიფოს ღალატში დასდო ბრალი.
საქმე N5 - 2008 წლის 27 აგვისტო - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრი პაატა ქარდავა მოკლეს. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ კუდ-ის აფხაზეთის ა-რ მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის რომან შამათავას დავალებით, პაატა ქარდავას ზუგდიდში, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
ქარდავას სარგებლობაში არსებული ავტომანქანა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, კვალის არევის მიზნით სოფელ ხურჩაში დატოვეს. შამათავამ და მისმა თანამზრახველებმა ქარდავა ბათუმში გადაიყვანეს, შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რომელიც კატეგორიულად უარყოფდა აღნიშნულს.
შსს-ს ინფორმაციით რომან შამათავას დავალებით, მას და მისი ჯგუფის წევრებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ა-რ კუდ-ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა ჩასვეს აღნიშნულ ნავში, რომან შამათავამ მას ფეხზე მოაბა ბეტონის ნატეხი და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე, რა დროსაც რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა პაატა ქარდავა და ცხედარი ზღვაში გადააგდო.
საქმე N6 - 2008 წლის 16 აგვისტო - კუდ-ის თანამშრომლებმა სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი გაიტაცეს და ბათუმში კუდ-ის აფხაზეთის ა-რ მთავარი სამმართველოს უფროს რომან შამათავას გადასცეს, რომელმაც რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ცინდელიანი შავი ზღვის ნავმისადგომთან მიიყვანა, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა.
გამოძიების თანახმად რომან შამათავას დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ა-რ კუდ-ის მთავარი სამმართველოს კუთვნილი მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. შამათავამ ცინდელიანი ჩასვა აღნიშნულ ნავში, აუხვია თვალები და ნავმისადგომზე მყოფ აფხაზეთის კუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ნავიდან უბრძანა, რომ გაჰყოლოდა მას. შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე. გამოძიების თანახმად შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.
საქმე N7 -2015 წლის 20 იანვარი - საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს იური ვაზაგაშვილი, კვალი ამ შემთხვევაშიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიდის.
ეს გახლავთ მოკლე ჩამონათვალი იმ გახმაურებული საქმეებისა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ განხორციელდა.
ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, სრული საფუძველი აქვს თქვას, რომ ასეთი ტერაქტები, დესტაბილიზაცია, ადამიანური მსხვერპლი, არეულობა სურს და აწყობს ერთადერთ ძალას, რომლისთვისაც უცხო არ არის ასეთი ტერაქტების დადგმა თუ მოწყობა.
„იმდენად თეთრი ძაფით ნაკერია, საზოგადოების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვიც კი არ ეპარება, რომ სცენარის ავტორიც, რეჟისორიც და შემსრულებლებიც, სწორედ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში უნდა ვეძებოთ, ასე როგორ უნდა გაიტეხო სახელი, რომ სიბრალულის, თანაგრძნობის განცდა გაუქრო ადამიანებს და დაზარალებულიც კი, დამნაშავედ მოევლინო. 2008 წლის მაისი, არჩევნები, ზუგდიდი და ხურჩა გამახსენა ამ ამბავმა, სხვა ყველაფერთან ერთად, საკუთარ თანაგუნდელებსაც აღარ ინდობენ“, - აცხადებს მანანა კობახიძე.
უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, ამის ჩამდენი ვინც არ უნდა იყოს, საშიში მკვლელი და ტერორისტია და ეს დიდ მტკიცებას არ საჭიროებს. მისივე თქმით, ხელისუფლებას ეს, შეიძლება ითქვას, არ აწყობს, ლოგიკა ამას გვკარნახობს, თუმცა ნაცები, სწორედ ამას ეყრდნობიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლებაც მაგ სქემით მოქმედებდა და ისრების მიმართვა ნაციონალებისკენ მხოლოდ ამ მსჯელობაზე დაყრდნობით სურსო.
„ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. დანამდვილებით ვერ გავიგე, მძიმედ დაშავებულები თარგამაძის მანქანაში იყვნენ, თუ უბრალოდ გამვლელები არიან. თქვენი კითხვიდან გამომდინარე ისინი მანქანაში არ იჯდნენ და ეს უკვე საფუძვლიან ეჭვებს ბადებს. მე ვფიქრობ, ხელისუფლება უკვე ბრიფინგს უნდა მართავდეს და თითქმის პირდაპირ ეთერში, როგორც იტყვიან, „ლაივში“ გადმოსცემდეს გამოძიების მიმდინარეობას და აქ საგამოძიებო საიდუმლოებაზე აპელირება არაფრის მომცემია, პირიქით, დააზიანებს გამოძიებას“, - აცხადებს ვალერი ხაბურძანია.
მისივე განცხადებით, ხურჩის მომწყობი პოლიტიკური ბანდა და 2008 წელს თავისი ხალხის საბრძოლო მოქმედების ზონაში მიმტოვებელი პოლიტ-კრიმინალები ამის გამკეთებლები არიან.
„მე ჩემს ინტერვიუებში ვაცხადებდი რომ არაა გამორიცხული თავდასხმა ან თვითთავდასხმა ნაციონალთა ლიდერებზე. ჯერ ფაქტები და გარემოებები ამის ვარაუდს ქმნიან. მართლაც და ხურჩის მომწყობი პოლიტიკური ბანდა და 2008 წელს თავისი ხალხის საბრძოლო მოქმედების ზონაში მიმტოვებელი პოლიტ-კრიმინალები ამის გამკეთებლები არიან.
არ გამოვრიცხავ რომ თარგამაძე უბრალოდ გაწირეს კიდეც, როგორც სამსხვერპლო ბატკანი, თუმცა მისი ბატკნობის რა მოგახსენოთ. მოკლედ ხელისუფლების სწორ მოქმედებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული და დაზარალებულებს სასწრაფო და ეფექტური დახმარება უნდა გაეწიოთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერი ხაბურძანია.
„ნაკლებად მგონია, რომ მესამე ძალა იყოს ჩართული. მესამე ძალა საქმეს ცოტა სხვა დონეზე აკეთებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, რომლის განცხადებით, მსგავსი ფაქტები ხელს აძლევს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, ვისაც აწყობს არეულობის მოწყობა საქართველოში.
„ტერორისტულ აქტს სხვადასხვა მიზანი აქვს - უმთავრესი მიზანია მასობრივი პანიკის გამოწვევა და სახელმწიფოს დასუსტება, მათ შორის პროვოკაცია და პირთა ლიკვიდაცია. მე ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს, როდესაც ასეთი დანაშაულებრივი ქმედება ხდება, მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი დამნაშავეებმა, ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე - უცხო ქვეყნის მოქალაქე, გნებავთ საქართველოს მოქალაქე“, -ამბობს ირაკლი ბათიაშვილი.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თავდასხმასთან, ვიდრე ტერორისტულ აქტთან, ვინაიდან, როგორც წესი, ტერაქტი ფართო მსხვერპლზეა გათვლი
„არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ამგვარი სიტუცია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მიუღებელია, საარჩევნო ხმებს აკლებს ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ხელს აძლევს სხვა ძალას და იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნაწილს, რომელიც გარკვეული მუქარით გამოდიოდა და ასევე ხელს აძლევს რუსეთის სპეცსამსახურებს. იმიტომ, რომ დიდი ხანია მათ გივი თარგამაძეზე თავისი შეხედულება აქვთ. ვნახეთ კადრები, რომელიც უკრაინულმა მხარემ გაავრცელა, სადაც ასახულია თარგამაძის და რუსი პოლიტიკოსების შეხვედრის ფაქტი. ასე რომ, ხელისუფლებას ეს ფაქტი ხელს არ აძლევდა. როდესაც მაღალ დონეზე ხდება მომზადება, მით უფრო ძნელია მისი გამოძიება. მეეჭვება გამოძიება ეფექტიანი იყოს, თუმცა, დაველოდოთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.